ქალს ექიმებმა ორსულობა ვერ დაუდგინეს, მან კი ფსიქიატრიულის საპირფარეშოში იმშობიარა
Tbilisi Daily
ფისიქიატრიულ დაწესებულებაში პაციენტმა ქალმა საპირფარეშოში იმშობიარა.
ინფორმაციას „პრაიმტაიმი“ სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშზე დაყრდობით ავრცელებს.
ანგარიში, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ქალთა უფლებრივ მდგომარეობას ასახავს.
ირკვევა, რომ ერთ-ერთი დაწესებულების პაციენტმა საპირფარეშოში იმშობიარა მას შემდეგ, რაც არაერთი კონსულტაციის შემდეგ ექიმებმა უთხრეს, რომ ორსულად არ იყო.
„ორსულობის შესახებ სტაციონარის მედპერსონალმა მხოლოდ მას შემდეგ შეიტყო, რაც ქალმა 36-37 კვირის გესტაციურ ვადაზე დაუხმარებლად იმშობიარა დაწესებულების საპირფარეშოში“, – წერია სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში.
აღსანიშნავია, რომ პაციენტი ქალი სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას ორსულობის განმავლობაში ორ სხვადასხვა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იღებდა, თუმცა ორსულობის ფაქტი ვერცერთ ამ დაწესებულებაში ვერ დაუდგინეს, მიუხედავად იმისა, რომ ამ დაწესებულებებში ხელშეკრულებით დასაქმებულია კონსულტანტი გინეკოლოგი.
ჩანაწერის მიხედვით, პაციენტი იყო გინეკოლოგთან კონსულტაციაზე, თუმცა ექიმმა ვერ მოახერხა ორსულობის გამოვლენა, მათ შორის ვერც ორსულობის ბოლო ტრიმესტრში.
ირკვევა, რომ ორსული ქალი მთელი ორსულობის პერიოდში იღებდა ფსიქოტროპულ მედიკამენტებს, რაც დიდი რისკის შემცველია ნაყოფისთვის.