აზერბაიჯანის საელჩოს მრჩეველი დავით გარეჯის საქმეზე
Tbilisi Daily
აზერბაიჯანული მხარე არ მიიჩნევს თავს უფლებამოსილად, კომენტარი გააკეთოს იურიდიულ პროცესზე, რომელიც სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს უბრალოდ არაკორექტული იქნებოდა, - ამის შესახებ საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს მრჩეველმა, ელდარ ბაირამოვმა განაცხადა.
მისი თქმით, აზერბაიჯანული მხარის პოზიცია ყველა საკითხზე, რაც დავით გარეჯს უკავშირდება, გამოხატულია როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ, ასევე ტექსტში, რომელიც საგარეო საკითხებში პრეზიდენტის თანაშემწეს ეკუთვნის.
„ამავდროულად, აზერბაიჯანული მხარის პოზიცია, ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც დავით გარეჯს უკავშირდება, უკვე გამოხატულია როგორც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ, ისე საკმაოდ მოკლე, კონკრეტულ და გასაგებ ტექსტში, რომელიც საგარეო საკითხებში პრეზიდენტის თანაშემწეს ეკუთვნის“, - განაცხადა ელდარ ბაირამოვმა.
7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.
17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.