მსხვერპლი მოჰყვა სარაკეტო იერიშს უკრაინის ქალაქ სლოვიანსკში
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციით, რუსი სამხედროები განაგრძობენ შეტევას დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის და ლუგანსკის ოლქის ქალაქ სევეროდონეცკის მიმართულებებით.
დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პავლო კირილენკოს ცნობით, გასულ ღამით, რუსეთის სამხედრო ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ქალაქ სლოვიანსკზე. წინასწარი ინფორმაციით დაიღუპა 3 და დაიჭრა 6 ადამიანი. კირილენკოს თანახმად, დაზიანებულია სკოლის შენობა და სულ მცირე 7 მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი.
რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის კორესპონდენტმა სლოვიანსკში გადაიღო სარაკეტო შეტევის შედეგად დაზიანებული შენობები.
რუსეთის პრეზიდენტ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაწყებული "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
კიევზე რუსული არმიის წარუმატებელი შეტევის შემდეგ, რუსეთმა ძირითადი ძალები გადაისროლა უკრაინის აღმოსავლეთში, "დონბასზე სრული კონტროლის დასამყარებლად".
https://www.radiotavisupleba.ge/a/31876282.html
Source: radiotavisupleba.ge