რა ვაკეთოთ ბათუმში პანდემიის პირობებში?

0
დიდი ხანი არ არის, რაც კარანტინის დასრულების შემდეგ, ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდით. ადამიანთა გარკვეულმა ნაწილმა მოახერხა, რომ ცხოვრების რიტმს ხელახლა დასწეოდა, დანარჩენისთვის კი ძველი სტილის დაბრუნება მეტად სტრესული აღმოჩნდა. ასეთ რთულ სიტუაცაში, დაძაბული აურისგან გათავისუფლებას ყველა ჩვენგანი განსხვავებულად ცდილობს. ზოგი საკუთარ თავს წიგნებში პოულობს, ზოგს კინემატოგრაფიით უყვარს ყურადღების გადატანა, სხვები კი განწყობას ქალაქს უსადაგებენ. ამ უკანასკნელთა რიგებში თუ თქვენც მოხვდით, მაშინ ალბათ, შეამჩნევდით, რომ მნიშვნელობა არა აქვს სად ხარ და რა ამინდია, ბათუმში აუცილებლად იპოვით ადგილს, რომ განიტვირთოთ. რა უნდა გავაკეთოთ ბათუმში პანდემიის პირობებში, ანუ მაშინ, როცა ყველაფერი შეზღუდულად ფუნქციონირებს? Batumi Daily გირჩევთ:

ნახეთ მზის ჩასვლა ზღვაზე

ზაფხულში, ცხელი დღეების ფონზე, თითქოს, ყველა ვივიწყებთ მომენტს, როცა ზღვა ყველაზე ლამაზია, მზე კი ყველაზე წითელი. არ ვიცი, ოდესმე თუ გინახავთ, როგორ ჩუმდება სამყარო და მთელი დღის მანძილზე გაუჩერებლად მძვინვარე ტალღები, რომ მზე გააცილონ, მაგრამ, დამერწმუნეთ ამ შთაბეჭდილებას ვერასოდეს წაშლით. მისი მიღება კი სრულიად უფასოდ შეგიძლიათ.

წადით ნავსადგურზე

ბათუმში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადგილი სწორედ ნავსადგურია. იგი ძალიან ძველია და უდიდესი ისტორია აქვს. მისი მნიშვნელობა საუკუნებიის მანძილზე იზრდებოდა და არც დღეს კარგავს თავის უპირატესობებს. როცა ამ ადგილს სტუმრობ, თითქოს დრო ჩერდება. შენ ზიხარ ქვაფენილზე და უყურებ უამრავ გემს, იახტას, ძალიან ლურჯ ზღვას და ფიქრობ, რომ ყველაფერი ზუსტად იქ არის, სადაც უნდა იყოს.

მოაწყვეთ პიკნიკი 6 მაისის პარკში

ერთ-ერთი უძველესი პარკი საქართველოში და როგორც ტურისტების, ასევე ადგილობრივების საყვარელი ტერიტორია. გარემო, სადაც, შეგიძლია განიტვირთო მარტო ან წახვიდე მეგობრებთან/ოჯახის წევრებთან ერთად, მოაწყო პიკნიკი და ცხელ მზეს ხეების ჩრდილის ქვეშ დაემალო.

მოინახულეთ ალი და ნინოს ქანდაკება

ორი ერთმანეთისკენ მოძრავი ქანდაკება, ერთი სიყვარულის ისტორიით ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ღირსშესანიშნაობად იქცა. ქართველმა მოქანდაკემ თამარ კვესიტაძემ აზერბაიჯანელი მწერლის ყურბან საიდის რომანი "ალი და ნინო" ამ სკულტურაში იდეალურად ასახა და იგი აქცია სიმბოლოდ იმ სიყვარულისა, რომელსაც არა აქვს საზღვრები და ეროვნება. ქანდაკება არაერთხელ დასახელდა საუკეთესო სკულპტურათა შორის და ბევრჯერ დაიმსახურა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება. მისი ნახვა ყოველთვის ახალი ემოციით გავსებს.

ესტუმრეთ ბოტანიკურ ბაღს

მართალია, ამისთვის, ქალაქის ცენტრიდან 9 კილომეტრის გავლა მოგიწევთ, თუმცა სანახაობა ამად ღირს. აქ არა მხოლოდ, ნახავთ უნიკალური სახეობის მცენარეებს, არამედ მოგეცემათ საშუალება დატკბეთ იმ შესანიშნავი ხედებით, ჰაერით, ზღვის სანაპირო ზოლით, რომელიც ამ ტერიტორიას კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის.
#ბათუმი
#პანდემია
#ტურიზმი
#ზღვა
#batumidaily
0