ბათუმში მცხოვრებ დევნილებს კოვიდტესტირება და სეზონური გრიპის ვაქცინაცია ჩაუტარდათ
Batumi Daily
ბათუმში, თამარის დასახლებაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს ნებაყოფლობითი, ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტირება და სეზონური გრიპის უფასო იმუნიზაცია/ვაქცინაცია ჩაუტარდათ. სამედიცინო აქცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით განხორციელდა.
"COVID-19-ის საპრევენციო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ბათუმში იმყოფებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე, ბათუმის მერის მოადგილე ლელა სურმანიძე, თამარის დასახლების გამგებელი თემურ ბაკურიძე და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს იმერეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი ბესიკ ჭანტურია." - წერია აფხაზეთის ა/რ - ს მიერ განვრცელებულ განცხადებაში.
სამედიცინო აქციაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სამედიცინო დაწესებულებების ექიმები მონაწილეობდნენ. ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობას საჭირო მედიკამენტები და პირბადეები დაურიგდა, დევნილებს ასევე COVID-19-ის სახლის პირობებში მართვის რეკომენდაციების შესახებ ინფორმაცია მიეწოდათ.
აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით ფართომასშტაბიანი საპრევენციო ღონისძიებები, კორონავირუსის შემთხვევათა დროული გამოვლენის და ვირუსის გავრცელების შეკავების მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით დევნილთა მსხვილ კომპაქტურ ჩასახლებებში მომავალშიც გაგრძელდება.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#batumidaily #აჭარა #ბათუმი #ახალიამბებიაჭარაში