რა ბედი ელის აფხაზეთის რკინიგზას და აღდგება თუ არა მიმოსვლა?
საქართველოს მთავრობა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, ცდილობდა საზოგადოებრივი აზრის დამუშავებას, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენის შესახებ. ამ ინიციატივით, ქართული მხარე სომხეთში პირველი ოფიციალური ვიზიტისას გამოვიდა.
ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ცალსახად უჭერდა ინიციატივას მხარს სწორედ სომხეთი იყო. სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენას, რაც სომხეთის სატრანსპორტო იზოლაციის დასასრულს ნიშნავს, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი - აზერბაიჯანი ეწინააღმდეგება.
რუსეთთან ამ თემაზე მოლაპარაკება ჯერ არ დაწყებულა. რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ რკინიგზა შეიძლება არც გაიხსნას, თუ გამოიკვეთება, რომ ეს პროექტი საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს ეწინააღმდეგება:
„ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ვიზამთ იმას, რომ ერთი სახელმწიფოს ინტერესი, მაგალითად რკინიგზის აღდგენა, სხვა სახელმწიფოს ინტერესის ხარჯზე განვახორციელოთ. მაგალითად, აზერბაიჯანთან ან სომხეთთან ურთიერთობის გაფუჭების ხარჯზე. ეს გამორიცხულია. ჯერჯერობით, რუსეთთან არავითარი მოლაპარაკება დაწყებული არ არის. არ შექმნილა არც სამუშაო ჯგუფი.
არჩევანი ორი გვაქვს: რკინიგზა ან მუშაობს, ან არ მუშაობს. თუ აღმოჩნდება რომ რუსეთი გვიყენებს ისეთ პირობებს რომელიც მიუღებელია; რომ შეიძლება პრობლემები შეგვექმნას მეზობლებთან; აფხაზური მხარე პრობლემებს ქმნის..მაშინ რკინიგზა როგორც დღეს არ მუშაობს, ისე არ იმუშავებს! ჩვენი მიზანია შევთავაზოთ რეგიონს და ეს სერიოზული ინფრასტრუქტურული პროექტი ავამოქმედოთ და ყველამ იხეიროს.
რკინიგზა დღეს მაინც მოძრაობს რუსეთისკენ. ჩვენსკენ უნდა იმოძრაოს. ბუნებრივია ჩვენი ამოცანაა - აფხაზეთს მივცეთ განვითარების საშუალება საქართველოზე მობმით.“
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დეოკუპაციამდე რკინიგზის აღდგენის იდეას მწვავედ აკრიტიკებდა ქართული ოპოზიცია და მისი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამბობს, რომ ეს იდეა ქვეყნის გეოპოლიტიკურ ინტერესებს ეწინააღმდეგება და აკნინებს საქართველოს, როგორც რუსეთისგან ალტერნატიული სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელობას.
ამ იდეის განხორციელების შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტს მოუწევს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის გადახედვა, რომლის ძალითაც აფხაზეთში აკრძალულია ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა და სარკინიგზო მიმოსვლა. პარლამენტარი დავით დარჩიაშვილი ამბობს:
„როდესაც რკინიგზა იხსნება, აუცილებლად უნდა ვიკითხოთ ვინ ხსნის, რა სტატუსით, ვისია ეს რკინიგზა ?! რას ვიძლევით სანაცვლოდ?! ვის ტერიტორიაზე მოძრაობს ეს რკინიგზა?! ვინ არის მისი მფლობელი?! რა სტატუსი ექნება მგზავრს, ვინც ამ რკინიგზით ისარგებლებს?!“
თავად ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს პრემიერის იდეას ერთი შეხედვით ცივად შეხვდნენ. თუმცა „აფხაზთა პრეზიდენტის“ ტრადიციულად ფრთხილ განცხადებაში ნათლად გამოიკვეთება ქვეტექსტი, რომ მრავალმილიარდიანი ინვესტიციის შემთხვევაში აფხაზები რკინიგზის აღდგენას შესაძლოა დათანხმდნენ კიდეც.
ამ თემაზე საუბრისას ალექსანდრე ანქვაბმა პირველ რიგში ხაზი გაუსვა, იმ ფაქტს რომ რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთი უმძიმეს მდგომარეობაშია:
„სპეციალისტები უნდა დასხდნენ, იმსჯელონ და დათვალონ რას მიიღებს აფხაზური მხარე ამ პროექტისგან. რა ინტერესი და მიზნები ამოძრავებთ შესაძლო პროცესის მონაწილეებს. ჯერჯერობით ყველაფერი ბურუსით არის მოცული.
ხარჯი უზარმაზარი იქნება. რკინიგზა ფსოუდან-სოხუმამდე „სამიანზეა“ ეფექტური; ოჩამჩირემდე რკინიგზა პირობითად ჰქვია; ოჩამჩირის იქეთ კი საერთოდ არაფერი არ არის. რომ იყოს სრულფასოვანი რკინიგზა მრავალმილიარდიანი ინვესტიციაა საჭირო.“
აფხაზეთში რკინიგზის მშენებლობა გასული საუკუნის 30-იან წლებში დაიწყო. 1932 წელს აშენდა ჯერ სენაკი-გალის; 1938 წელს კი გალი-ოჩამჩირე-სოხუმის მონაკვეთი. 1949 წელს, ადლერი-სოხუმის მონაკვეთის დასრულების შემდეგ, საქართველო რუსეთს რკინიგზითაც დაუკავშირდა.
საბჭოთა პერიოდში, ამიერკავკასიის რკინიგზას, რომელიც თბილისიდან იმართებოდა, წელიწადში 40 მილიონზე მეტი მგზავრი გადაჰყავდა.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დაწყების ფორმალური მიზეზი, სწორედ, რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის დაცვა გახდა. საქართველოსა და რუსეთს შორის სარკინიგზო მოძრაობა, 1992 წლის 14 აგვისტოს ენგურზე სარკინიგზო ხიდის აფეთქების შემდეგ შეწყდა.
აფხაზეთის ომის დროს რკინიგზა თითქმის მთლიანად გაიძარცვა და 2002 წლამდე მოძრაობა სოხუმიდან რუსეთის მიმართულებითაც შეწყვეტილი იყო.
2008 წლის ზაფხულში რუსეთის სარკინიგზო ჯარებმა ფსოუ-სოხუმისა და სოხუმი-ოჩამჩირეს სარკინიგზო მონაკვეთები აღადგინეს. აგვისტოს ომის დროს, დასავლეთ საქართველოს სწრაფი ოკუპაციისთვის რუსეთმა სწორედ ეს აღდგენილი რკინიგზა გამოიყენა. 2009 წელს კი აფხაზეთის რკინიგზა რუსეთის რკინიგზას ათწლიანი მართვის უფლებით გადაეცა.
2012 წლის, მაისიდან ისევ დაიწყო მოსკოვი-სოხუმის მატარებელმა მოძრაობა. რაც შეეხება აფხაზეთისა და სამეგრელოს დამაკავშირებელ მონაკვეთს, ის ოჩამჩირის რაიონის სოფელ აჩიგვარაში წყდება. გალის რაიონში სარკინიგზო ხაზი მთლიანად აყრილია.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #რკინიგზა
#აფხაზეთისამაჩაბლოსაქართველოა
#თბილისი-სოხუმი