20 ივნისიდან 1 წელი გავიდა
Batumi Daily
20 ივნისიდან, ე.წ გავრილოვის ღამიდან, 1 წელი გავიდა. საპროტესტო აქციები გასულ წელს ამ დღეს დაიწყო და მას წინ რუსი დეპუტატის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილის დაკავება უძღოდა. ამას მაშინვე მოჰყვა სამოქალაქო მოძრაობების პროტესტი, რომელსაც სირცხვილიას სახელით ვიცნობთ.
პარლამენტთან მოწყობილ აქციებზე მოქალაქეები რუსული დელეგაციის ვიზიტსა და ოკუპაციას აპროტესტებდნენ. შემდეგ კი ერთ-ერთ მოთხოვნად ირაკლი კობახიძის გადადგომა წამოაყენეს. შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო საპროტესტო აქცია გვიან ღამით სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალეს. იმ ღამით 240 მოქალაქე დაშავდა, მათგან 80 სამართალდამცავი, ორმა აქტივისტმა თვალი დაკარგა, ხოლო 40-მდე ჟურნალისტმა სხვადასხვა დაზიანება მიიღო.
მოქალაქეები დღეს მთელს საქართველოს გაახსენებენ, რომ ის ღამე მათ მეხსიერებას არ წაუშლია. დღეს, 19:00 საათზე "ერთად ოკუპაციის წინააღმდეგ" აქცია პარლამენტის შენობასთან კვლავ გაიმართება. აქციის მონაწილეები ერთი წლის შემდეგ, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებს გააპროტესტებენ.
“1 წლის წინ, 20 ივნისს საკუთარმა მთავრობამ მშვიდობიან მოქალაქეებზე დათვის ტყვიებით და ცრემლსადენი გაზით დილამდე ინადირა. შედეგად დაზარალდა 240-მდე ადამიანი და დააკავეს ასეულობით დემონსტრანტი. მხედველობა დაკარგა ხუთმა ადამიანმა. დაშავდა 40-მდე ჟურნალისტი. ხელისუფლების ეს ნაბიჯი ძალის გადამეტებად და არაპროპორციულ გამოყენებად შეაფასეს ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა”
- ნათქვამია განცახდებაში.
#20ივნისი #სირცხვილია #აქცია #batumidaily