დღეს ეროვნულ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს 36 წელი შეუსრულდებოდა
Pirveliradio Ge
დღეს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაღუპული ქართველ სამხედროს, გიორგი ანწუხელიძეს 36 წელი შეუსრულდებოდა.
ამ დღესთან დაკავშირებით გორში, ეროვნული გმირის სახელობის ქუჩაზე მცხოვრებმა დევნილებმა, გმირულად დაღუპულ ანწუხელიძეს კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი.
გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ, ტყვედ ჩაუვარდა მოწინააღმდეგეს, წამებისა და დაკითხვის შემდეგ კი, ცხინვალის მე-5 სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს.
2008 წლის ნოემბრამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ცხინვალიდან ათი ქართველის ცხედარი გადმოასვენეს, გენეტიკური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ერთ-ერთი მათგანი გიორგი ანწუხელიძე იყო. 2009 წლის იანვარში ინტერნეტით გავრცელდა ვიდეოები, რომელშიც მისი წამების კადრები იყო ასახული.