ირანი უარყოფს ევროკავშირის კრიტიკას დემონსტრაციებზე ზეწოლაზე, იზრდება მსხვერპლის რიცხვი
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ირანი უარყოფს დასავლეთის მხრიდან გამოთქმულ კრიტიკას თეირანის მიერ განხორციელებულ სისხლიან ზეწოლაზე დემონსტრაციების მიმართ, რასაც ათობით ადამიანი ემსხვერპლა, დააკავეს სულ მცირე 1200 პირი. დემონსტრაციები 26 სექტემბრის ღამესაც გრძელდება, ისინი მოჰყვა 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის სიკვდილს მას მერე, რაც ის მორალის პოლიციამ დააკავა ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევის გამო.
ირანის მართლმსაჯულების წარმომადგენლების თქმით, მათ საგანგებო სასამართლოები გამართეს დემონსტრანტების გასასამართლებლად, დემონსტრანტებს ისინი "უცხოეთიდან დაქირავებულებს" უწოდებენ.
მღელვარება მოედო 80-ზე მეტ ქალაქსა და დასახლებას, მათ შორის მაჰსა ამინის მშობლიურ ჩრდილოდასავლეთის რეგიონში. თვითმხილველების და ოჯახის წევრების თქმით, მაჰსა ამინის სცემეს მას მერე, რაც ის 13 სექტემბერს თეირანში დააკავა მორალის პოლიციამ.
ინტერნეტში გავრცელებული ვიდეოჩანაწერების და თვითმხილველების ინფორმაციის თანახმად, აქციები გაგრძელდა 26 სექტემბერს, დემონსტრაციების დაწყებიდან მეთერთმეტე დღეს, ისინი იმართება თეირანში, ნარმაკში და სხვა ადგილებში, დემონსტრანტები სკანდირებენ ლოზუნგებს "სიკვდილი დიქტატორს!", რომლებიც მიემართება უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის.
ორშაბათს უფრო ადრე, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი გამოვიდა მოწოდებით ევროკავშირში გაიმართოს "ძალიან სწრაფი" დისკუსია ირანისთვის ახალი სანქციების დაწესების საკითხზე, მაჰსა ამინისადმი მოპყრობისა და იმ სისასტიკის გამო, რომელსაც ირანი დემონსტრაციების მიმართ ავლენს. მისი თქმით, ბერლინში საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს ირანის ელჩი.
თეირანი დასავლელ მტრებს და უცხოეთში მოქმედ ირანელთა ძალებს ადანაშაულებს წახალისებაში მღელვარებისა, რომელსაც, ოფიციალური მონაცემებით, ემსხვერპლა 41 ადამიანი - თუმცა, უფლებადამცველი ჯგუფების თქმით, მსხვერპლის რეალური რიცხვი უფრო დიდია. ოსლოში განთავსებულმა ირანის ადამიანის უფლებების ორგანიზაციამ განაცხადა, რომ მოკლულია სულ მცირე 57 დემონსტრანტი.
26 სექტემბერს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, ნასერ ქანაანიმ უარყო ევროკავშირის მხრიდან გამოთქმული კრიტიკა და მას უწოდა "ირანის შიდა საქმეებში ჩარევა და არეულობის გამომწვევთა მხარდაჭერა".
https://www.radiotavisupleba.ge/a/32053125.html
Source: radiotavisupleba.ge