შედგება თუ არა ტურისტული სეზონი ბათუმში?
Batumi Daily
საქართველოსთვის, ისევე როგორც, მსოფლიოსთვის დღეს ძალიან რთული პერიოდი დადგა. განსაკუთრებით, ახლა, როცა ჩვენი ქვეყნის ყველა ქალაქში, ზღვაში თუ მთაში, ზაფხულის არომატის ფონზე, ტურისტთა უწყვეტ ნაკადთან ერთად, უნდა შევიგრძნობდეთ ახალი სეზონის დაწყებას, ყველაფერი დაცარიელებულია, ცხოვრების რიტმი კი შენელებული. არც ბათუმია, ამ მხრივ, გამონაკლისი. ჩვენი ქალაქიც ამ გამოწვევებს ახალი ძალებით უმკლავდება და ისე, როგორც არასდროს, დღეს ცდილობს, ადგილობრივი ტურიზმის დახმარებით სეზონი არ ჩააგდოს. 15 ივნისს უკვე მატარებლით გადაადგილება აღდგა და ბათუმი დამსვენებლების მოლოდინშია.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე თამარ კაიკაციშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ საერთაშორისო ტურიზმს შიდა ნამდვილად ვერ ჩაანაცვლებს, თუმცა ეს იქნება შანსი, საქართველოს მოქალაქეებმა უფრო ახლოს გაიცნონ საკუთარი ქვეყანა და ამით შიდა ტურიზმის განვითარებასაც შეუწყონ ხელი:
“გამომდონარე იქიდან, რომ არაორდინალურ სიტუაციაში ვიმყოფებით, საერთაშორისო ტურიზმი ძალიან გაჭირდება, რადგან მოგეხსენებათ, ჩვენ გარშემო და ქვეყნებშიც, რომელთანაც ვახორციელებდით მარკეტინგულ აქტივობებს, ეპიდსიტუაცია ძალიან რთულადაა. მაგრამ, წელს შიდატურზიმის სტიმულირების საკითხებს უფრო მეტად წამოვწევთ. ამ მხრივ, ვაპირებთ, სხვადასხვა პროექტი შევთავაზოთ დამსვენებლებს, უფრო აქტუალური გავხადოთ შიდატურიზმის თემა. როგორც იცით, საერთაშორისო ტურიზმს ქვეყნის ეკონომიკისთვის დიდი შემოსავლები მოჰქონდა და შიდა ტურიზმით ჩანაცვლება რთული იქნება, მაგრამ, ვფიქრობ, ეს იქნება შანსი საქართველოს მოქალაქეებისთვის, უფრო ახლოდან გაიცნონ ჩვენი ქვეყნის ლამაზი კუთხეები და შიდა ტურიზმის განვითარებასაც შეუწყონ ხელი.”
- გვითხრა თამარ კაიკაციშვილმა.
მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი ტურიზმის განსავითარებლად მრავალი ღონისძიება იგეგმება, არსებობენ ცალკეული პროფესიის წარმომადგენლები, ვისთვისაც შიდა ტურიზმი ნაკლებმომგებიანი იქნება.. საერთაშორისო ტურიზმი გიდებისთვის ძირითადი შემოსავლის წყარო იყო. ახლა, როცა უცნობია, ზუსტად როდის გაიხსნება საზღვრები უცხოელი დამსვენებლებისთვის, მათი პროფესია რთული რეალობის წინაშე აღმოჩნდა. ლელა გაბელაია დიდი ხანია უკვე ამ ბიზნესშია ჩართული და იგი რუსულენოვანი გიდია. Batumi Daily-სთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ შიდა ტურიზმით მისი პროფესიის განვითარებას ნაკლებად ელის:
“შიდა ტურიზმი, ადრეც არ გამოირჩეოდა დიდი ბიუჯეტით. დღეს ამ პანდემიის შემდეგ, როცა მოსახელობა ეკონომიკური მდგომარეობით ძალიან მისუსტებულია, არ მაქვს იმის იმედი, რომ ბევრს ექნება მოგაზურობის საშუალება. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ქართველი ტურისტები საქართველში მოგზაურობის დროს არ გამოირჩევიან გიდის აყვანის კულტურით. ამიტომ იმის იმედი, რომ შიდა ტურიზმით რაღაც შემოსავლები მექნება ან ეს დაეხმარება ჩვენს პროფესიას, ნაკლებად მაქვს."
იგი ვერ აკეთებს იმედიმომცემ პროგნოზსს ვერც საერთაშორისო ტურიზმის შესახებ და უკვე ფიქრობს დამატებით წყაროებზე, რომ მისი პროფესია დროებით მაინც ჩაანაცვლოს შემოსავლიანი სამსახურით.
“ჩემი სუბიექტური აზრია, საქართველოში რომ 5% მაინც შემოვიდეს წინა წლის ტურისტებისა, ესეც ძალიან კარგი მაჩვენებელი იქნება. მე მაგალითად, და არა მარტო მე, პარალელურად, დამატებით წყაროებზე ვფიქრობ, რომ რაღაც შემოსავალი მქონდეს.”
- განაცხადა ლელამ ჩვენთან საუბრისას.
მიუხედავად, იმისა, რომ შიდა ტურიზმი უკვე გაიხსნა და ქალაქიც დამსვენებელთა მოლოდინშია, რთულია იმის პროგნოზი, როგორი სეზონი იქნება ბათუმში. ზოგი თვლის, რომ ეს სეზონი ჩავარდა, სხვები კი მიიჩნევენ, რომ ადგილობრივი ტურიზმის განვითარება მაინც მოახერხებს სეზონის გადარჩენას.
#ტურიზმი #შიდატურიზმი #აჭარა #ბათუმი #BatumiDaily