სიღარიბე მემკვიდრეობით გვერგო, ვერ მივიღებ ბრალდებას, რომ "ოცნების" შედეგია – ივანიშვილი

0
"ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის. ამის შესახებ ივანიშვილმა ღია წერილი გაავრცელა. ივანიშვილის აზრით, საქართველოში სიღარიბე რეალობაა, თუმცა, ის ქართული ოცნების ხელისუფლებას მემკვიდრეობით ერგო, შესაბამისად, ვერ მიიღებს ბრალდებას, რომ ეს ბოლო 8 წლის მმართველობის შედეგია. "კარგად მესმის, რომ წარმატებების მიუხედავად, ჩვენი ქვეყნის მთავარ გამოწვევად და პრობლემად ჯერ კიდევ დაუძლეველი სიღარიბე რჩება. ჯერ კიდევ ბევრია გაჭირვებაში მყოფი ოჯახი, რომელთა ყოფა გლობალურმა პანდემიამ კიდევ უფრო დაამძიმა. უამრავ ჩვენს თანამოქალაქეს უდიდესი გარჯა უწევს იმისთვის, რომ ნორმალურად გამოკვებოს ოჯახი, იზრუნოს შვილების ხარისხიან განათლებაზე, ჰქონდეს ცხოვრების ღირსეული პირობები. დიახ, სიღარიბე ობიექტური რეალობაა, რომელსაც მე გულისტკივილით ვუსწორებ თვალს. მაგრამ ვერ მივიღებ იმ ბრალდებას, რომ სიღარიბე, რომელიც მემკვიდრეობით გვერგო, „ქართული ოცნების“ მმართველობის შედეგია. არაერთხელ მითქვამს და დღესაც გავიმეორებ – დღევანდელი სიღარიბე ათწლეულობით დაგროვებული პრობლემაა და სათავეს იმ დროიდან იღებს, როდესაც ჩვენი ხელით დავანგრიეთ ახლად ფეხადგმული სახელმწიფო. დღევანდელი სიღარიბე იმ უწყვეტი დაღმასვლისა და კატაკლიზმების შედეგია, რომლებიც ჩვენმა ქვეყანამი დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ოცი წლის განმავლობაში გამოიარა". - თქვა ივანიშვილმა.
0