ლევან იოსელიანი: რასაც გადაწყვეტს მთლიანად ოპოზიცია, ჩვენც ამ გადაწყვეტილების კონსესუსში ვიქნებით

Tbilisi Daily

ჩვენ ვიქნებით ოპოზიციური გადაწყვეტილების მონაწილე და არ ამოვვარდებით ამ კონტექსტიდან, - ამის შესახებ „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ლევან იოსელიანმა ოპოზიციური პარტიების ახალ პარლამენტში შესვლის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა. „ჩვენ ვიქნებით ოპოზიციური გადაწყვეტილების მონაწილე და არ ამოვვარდებით ამ კონტექსტიდან. რასაც გადაწყვეტს მთლიანად ოპოზიცია, ჩვენც ვიქნებით ამ გადაწყვეტილების კონსესუსში. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს უნდა იყოს სრული კონსესუსი ოპოზიციის. საკითხზე ჯერ აზრი არ არის ჩამოყალიბებული, ჩვენ არ ვყოფილვართ ლეიბორისტების ოფისში, მაგრამ სიმართლე არის ის რომ „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან დიდი ოპოზიციური მხარდაჭერა მიითვისა, შესაბამისად ოპოზიციის პროტესტი არის ლეგიტიმური და ოპოზიცია თუ გადაწყვეტს, რომ არ შევიდეს პარლამენტში, ესეც იქნება სწორი”, - განაცხადა ლევან იოსელიანმა. საარჩევნო უბნებზე ხმების 100% დათვლილია. შედეგები ასეთია: „ქართული ოცნება“ - 48,15 %; „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ - 27,14%; „ევროპული საქართველო“ - 3.78%; „ლელო“ – 3,15%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ –3,15 %; „გირჩი“ – 2,89%; „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,33%; „ლეიბორისტული პარტია“ – 1%. რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, მათ ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ. საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადასტურეს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე ფუნდამენტური თავისუფლება და პროცედურების უმეტესობა დაცული იყო.