ბრიტანეთის დედოფალმა ბეჭედი დაუსვა ლონდონსა და ბრიუსელს შორის შეთანხმებას
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის შემდეგ ორ მხარეს შორის სავაჭრო ხელშეკრულება ბრიტანეთის პარლამენტის ორივე პალატამ მოიწონა და მას ხელი მოაწერა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა. 30 დეკემბერს ღამით დოკუმენტს ბეჭედი დაარტყა დედოფალმა ელისაბედ მეორემ. ლონდონსა და ბრიუსელს შორის შეთანხმება 2021 წლის 1 იანვარს შედის ძალაში.
მანამდე, 30 დეკემბერს, დოკუმენტს ხელი მოაწერეს ევროკავშირის ხელმძღვანელებმა.
ლონდონსა და ბრიუსელს შორის შეთანხმების ყველა ფორმალური მხარის მოგვარების შემდეგ მას რატიფიკაცია უნდა გაუკეთოს ევროპარლამენტმა, მაგრამ ეს მარტამდე არ მოხდება. ევროკავშირის საბჭომა გადაწყვიტა, რომ უახლოესი ორი თვის განმავლობაში შეთანხმება შეიძლება დროებით რეჟიმში იქნეს გამოყენებული.
საქმე ეხება სამ დოკუმენტს, რომელთაგან უმთავრესია დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულება. ის ემყარება ნულოვან ტარიფებსა და ნულოვან კვოტებს. მისი ხელმოწერა რომ ვერ მოხერხებულიყო, მაშინ მხარეებს მოუწევდათ გარიგებების მიღწევა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წესების მიხედვით, ყველა გადასახადისა და კვოტის გამოყენებით. ეს ბიზნესისთვის დანაკარგისა და უმუშევრობის ზრდის საფრთხეს წარმოადგენს.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31028367.html
#ახალი_ამბები
#twitter