კულტურის სამინისტრო აცხადებს კონკურსს "არქეოლოგია ახალგაზრდებთან ერთად"

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აცხადებს კონკურრს "არქეოლოგია ახალგაზრდებთან ერთად", რომლის მიზანიც სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიზედვით, ახალგაზრდებში არქეოლოგიის პოპულარიზაციის ხელშეწყობა. კონკურსის გამოცხადების ფონია ეროვნული მუზეუმიდან ათობით მეცნიერის, მათ შორის არქეოლოგების გათავისუფლება და მათი პროტესტი.  სამინსიტრო ახალგაზრდებში არქეოლოგიის პოპულარიზაციისთვის 20 000 ლარს დახარჯავს. კონკურსის მონაწილე ახალგაზრდა არქეოლოგები გამოცდილ არქეოლოგებთან ერთად იმუშავებენ. 21 ივნისს გამოცხადებული კონკურსის შედეგები 13 ივლისს გახდება ცნობილი.  კონკურსს სამინისტრო ახალგაზრდებში არქეოლოგიის პოპულარიზაციის მიზნით წელს მეორედ ატარებს. გასულ წელს ამ კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა  4 პროექტი: „ზემო რაჭაში სტიქიის შედეგად დაზიანებული არქეოლოგიური ძეგლების გამოვლენა, აღრიცხვა, ფიქსაცია“; „არქეოლოგია ახალგაზრდებთან ერთად საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს“;  „უნდო კლდე 1-ის დათარიღება და სტუდენტების პრაქტიკა: სწავლება კვლევასთან ერთად“; ,,ხვამლის არქეოლოგიური ექსპედიცია ახალგაზრდებთან ერთად“. ეროვნული მუზეუმიდან 24 მაისს 21 მეცნიერ-თანამშრომელი გაათავისუფლეს - მათ სამუშაო ხელშეკრულებები 1 ივნისს გაუუქმდათ. ეროვნული მუზეუმიდან ასევე გაათავისუფლეს კონსულტანტების სტატუსით გაფორმებული ასაკოვანი მეცნიერები, რომელთა ხელფასი 160 ლარს შეადგენდა. გათავისუფლებული მეცნიერების უმეტესობა არქეოლოგია.  გათავისუფლების ბრძანებებს ხელს გენერალური დირექტორის მოადგილე, ნიკა ახალბედაშვილი აწერს, რომელსაც ხელოვნების მუზეუმისა და ეროვნული მუზეუმის თანამშრომლები პოლიტიკური ნიშნით დევნასა და განსხვავებული აზრის გამო დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ. გათავისუფლებული მეცნიერების უმეტესობა მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირებშია გაწევრიანებული, რომელიც ეროვნულ მუზეუმში რეორგანიზაციის პროცესის დაწყების შემდეგ შეიქმნა. ეროვნული მუზეუმიდან თანამშრომლების მასობრივ გათვისუფლებას წინ უძღოდა გენერალური დირექტორისთვის უფლებამოსილებების შეზღუდვა, მუზეუმის მართვის დირექტორატისთვის გადაბარება და ახალი სამეცნიერო საბჭოს არჩევა. კულტურის მინისტრის ნდობით აღჭურვილი კადრებით დაკომპლექტებულმა დირექტორატმა 2022 წლის თებერვალში ეროვნული მუზეუმის თანამშრომლების სამეცნიერო გრანტების შეჩერება მოსთხოვა რუსთაველის სამეცნიერო ფონდს, რომელსაც სამწლიანი კვლევები დასაფინანსებლად კონკურსის წესით ჰქონდა შერჩეული. ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა მეცნიერებმა არ იციან, მიეცემათ თუ არა საერთაშორისო კვლევითი პროექტების განხორციელების საშუალება - ფონდებში მუშაობისა და ველზე ექსპედიციებისთვის მათ ნებართვა სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან უნდა მიიღონ.    https://www.radiotavisupleba.ge/a/31908196.html

Source: radiotavisupleba.ge