"ბორჯომის" ქარხნის პიკეტირებისას ინციდენტი მოხდა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
"ბორჯომის" ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე ინციდენტი მოხდა. აქციის მონაწილე თანამშრომლები პიკეტირების დროს ცდილობდნენ ქარხნის ტერიტორიიდან არ გამოეშვათ ავტობუსი, რომელშიც რამდენიმე ადამიანი იჯდა.
ავტობუსისთვის გზის გახსნას პოლიციელები ცდილობდნენ. ამ დროს ისმოდა გაფიცული თანამშრომლების მხრიდან შეძახილები.
"ხელები აწიეთ ყველამ"; "რა უნამუსო ხარ, ბიჭო, გადმოდი მანქანიდან"; "ჩამოდი მანქანიდან" - ყვრიოდნენ აქციის მონაწილები.
"ბორჯომის" ქარხანასთან თანამშრომლები აქციას პერმანენტულად მართავენ. მათ ხელმძღვანელებთან რამდენიმე მოთხოვნა აქვთ:
"გათავისუფლებული 50 ადამიანის დაუყოვნებლივ სამსახურში აღდგენა";
"ძველ კონტრაქტებზე დაბრუნება და ხელფასების 25%-ით მომატება. ასევე იძულებაში, ზეწოლასა და შანტაჟში შემჩნეული ცალკეული ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლება";
"ვადიანი ხელშეკრულებებიდან უვადო ხელშეკრულებებზე გადასვლა";
"კოლექტიური შეთანხმების გაფორმება".
ბორჯომის ჩამომსხმელი ქარხნების თანამშრომელთა გაფიცვა, უშედეგოდ დასრულებული მედიაციის პროცესის შემდეგ, 31 მაისს დაიწყო.
მინერალური წყლების კომპანია ბორჯომის მოსახლეობის დასაქმების მთავარი წყაროა. გარდა ამისა, "ბორჯომის" ქარხნებიდან ბიუჯეტში ყოველწლიურად 12 მილიონ ლარამდე თანხა შედიოდა. ადგილობრივ ოპოზიციაში ამბობენ, რომ ქარხნების გაჩერება არამარტო იქ დასაქმებულ თითოეულ ადამიანს, არამედ მთლიანად მუნიციპალიტეტს მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს.
„ბორჯომის“ საკონტროლო პაკეტს 2013 წლიდან ფლობს Alfa Group-ი, რომლის დამფუძნებელი სანქცირებული რუსი მილიარდერი, ბიზნესმენი მიხაილ ფრიდმანია. „ბორჯომის“ ორივე ჩამომსხმელმა ქარხანამ 29 აპრილიდან დროებით შეაჩერა მუშაობა, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო.
ქარხნებიდან დაითხოვეს 49 თანამშრომელი. 1000-მდე დასაქმებული კი კომპანიის ხელმძღვანელობასთან მედიაციის პროცესში ჩაერთო. კომპანიამ, შექმნილი კრიზისის არგუმენტით, მათ ხელშეკრულებების შეცვლილი პირობები შესთავაზა, რაზე ხელმოწერასაც თანამშრომლების დიდი ნაწილი მხოლოდ იმ პირობით აპირებდა, თუ გარანტიებს მიიღებდნენ, რომ კომპანიის საქმიანობის აღდგენის შემდეგ, ძველ ხელშეკრულებებს დაუბრუნდებოდნენ.
19 მაისს „IDS ბორჯომის“ მაკონტროლებელმა კომპანიამ საქართველოს მთავრობას შესთავაზა წილების ნაწილის უსასყიდლოდ გადაცემა. გუშინ, 6 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ სახელმწიფო გახდება "ბორჯომის" თანამფლობელი.
პრემიერ-მინისტრის ამ განცხადების მიუხედავად, ქარხნის თანამშრომლები აქციებს არ წყვეტენ. გუშინვე „IDS ბორჯომი საქართველოს“ ხელმძღვანელობამ გაფიცულ თანამშრომლებს მიმართა, რომ „მიუღებელია ულტიმატუმის ენით საუბარი და წარმოებაში ჩართულ თანამშრომელების მიმართ აგრესია.“
https://www.radiotavisupleba.ge/a/31886996.html
Source: radiotavisupleba.ge