გარდაიცვალა გიორგი (გოგი) ქავთარაძე

0
სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოსა და აფხაზეთის სახალხო არტისტის, მსახიობის, რეჟისორისა და პედაგოგის გიორგი (გოგი) ქავთარაძის გარდაცვალების გამო. უდიდესი გულისტკივილით ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, ახლობლებს, მთელ ქართულ თეატრსა და სრულიად საქართველოს. სოხუმის თეატრში გიორგი (გოგი) ქავთარაძის მოღვაწეობის პერიოდი შეფასებულია როგორც თეატრის ოქროს ხანა. 1982 – 1992 წლებში იგი სოხუმის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი გახლდათ. ამ პერიოდში დადგმული სპექტაკლები თეატრისთვის საეტაპო მნიშვნელობის იყო, არა მხოლოდ პოლიტიკური თვალსაზრისით, არამედ მათი მაღალმხატვრული ღირებულებითაც. მისი ხელმძღვანელობით სოხუმის ქართულმა დასმა გასტროლებით დიდი წარმატებით მოიარა მოსკოვი, პეტერბურგი, მურმანსკი, კიევი, ბალტიისპირეთი, რიგა, ვილნიუსი... ► სოხუმის ქართულ თეატრში დადგმული სპექტაკლები: „დიდოსტატის მარჯვენა“ - კ. გამსახურდია; „ბრძოლა ტახტისთვის“ - ჰ. იბსენი; "ბრალდება" - გ. ქავთარაძე, რ. სტურუა; "ერთი ცის ქვეშ" - ნ. დუმბაძე; „აჩრდილები“- დ. გულია; „ფსკერზე” - მ. გორკი; "1832 წელი" - გ. ბათიაშვილი; „თოლია“- ა. ჩეხოვი; „მიღების დღე“ - ა. ჩხაიძე; , , ბურატინო“ - ა. ტოლსტოი და სხვ. ► სოხუმის თეატრში განსახიერებული როლები: ბაჩანა რამიშვილი - „მარადისობის კანონი“, ნ. დუმბაძე; ყვარყვარე თუთაბერი - „ყვარყვარე თუთაბერი“, პ. კაკაბაძე; შეილოკი - „ვენეციელი ვაჭარი“, უ. შექსპირი და სხვ. გოგი ქავთარაძემ შეილოკის ერთ-ერთი გამორჩეული სახე შექმნა, რასაც დიდი გამოხმაურება და აღიარება მოჰყვა პოსტსაბჭოთა სივრცეში. ▪ დადგმული აქვს 90-მდე სპექტაკლი, სპექტაკლებში განსახიერებული აქვს 25 როლი, გადაღებულია 34 ფილმში. ავტორია პიესისა "ბრალდება" (რ. სტურუასთან ერთად), მრავალსერიანი ფილმისა "ოქროს ობობა" (დ. კვირცხალიასთან და მ. ანთაძესთან ერთად), კინოსცენარისა "ტკბილი სევდა". მისი სახელი ყოველთვის სოხუმის თეატრის რენესანსთან იქნება დაკავშირებული. ► გასვენება: 22 დეკემბერი, 15:00 საათი, ქაშუეთის ეკლესიიდან.
0