მარინა ეზუგბაია: ასეთი მომატებული ტემპით თუ წავალთ, მეორე ტალღას შევუერთდებით
Tbilisi Daily
მგონი, ასეთი მომატებული ტემპით თუ წავედით, მეორე ტალღას შევუერთდებით, - განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.
„აუცილებულია არსებული სიტუაციის მოწესრიგება და შენარჩუნება. ამ შენარჩუნებას ვერ განსაზღვრავს და ვერ შექმნის ვერც პერსონალი, რომელიც დაავადებათა ცენტრის წარმომადგენლები, რომლებიც, თავგამოდებული მუშაობით, არაჩვეულებრივად მოდიოდნენ, მოახერხეს ამ სიტუაციის შენარჩუნება და კონტროლი. ესაა დამოკიდებული თითოეულ ჩვენგანზე. თუ შეზღუდვების მოხსნა ნიშნავს, რომ თავისუფალი ცხოვრების წესით ვიცხოვროთ, ეს არაა სწორი. შეზღუდვების მოხსნა ნიშნავდა, რომ ჩვენ, გარკვეულწილად, უნდა შევინარჩუნოთ არსებული უნარ-ჩვევები. არ უნდა ვიყოთ თავყრილობებზე, თვითონ არ უნდა შევქმნათ თავშეყრის პირობა, არ უნდა გავიდეთ სახლიდან ჯგუფურად და სადმე - აუცილებელი მიზეზების გარეშე. არის ჩვენი ტრადიციული წეს-ჩვეულებები, რომელთაგან თავის შეკავება გვჭირდება და ასეც უნდა იყოს, თორემ მეორე ტალღამდე მატებით წავალთ და შევუერთდებით მეორე ტალღას. მეორე ტალღა კი არ დაიწყება, პირველს მიებმება მეორე“ - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
12 ივნისს დღის მეორე ნახევარში ცნობილი გახდა, რომ ვირუსი კიდევ 6 ადამიანს დაუდასტურდა, დღეს კი ინფიცირებულთა რაოდენობას 8 ადამიანი შეემატა, 5 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 851 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 702 უკვე გამოჯანმრთელდა, 13 ადამიანი კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 3026 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 297.