კობახიძე: არავითარი განსხვავება არ არის კუბილიუსსა და გუბაზ სანიკიძეს შორის და რასას და სალომე სამადაშვილს შორის

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოს პარლამენტში მედიასთან გაკეთებულ კომენტარში, როდესაც მას ევროპარლამენტერების ანდრიუს კუბილიუსის (ევროპარლამენტის წევრი, ევრონესტის თანათავმჯდომარე, ლიეტუვის ორგზის პრემიერ-მინისტრი) და რასა იუკნევიჩიენეს (ევროპარლამენტის წევრი, „ევროპის სახალხო პარტიის“ თანათავმჯდომარე, ლიეტუვის ყოფილი თავდაცვის მინისტრი) წერილის შეფასება სხოვეს, განაცხადა, რომ ისინი „ნაცმოძრაობის ლობისტები, სააკაშვილის მეგობრები, ნაცმოძრაობის მეგობრები“ არიან და „ნაცმოძრაობის მეგობარი საქართველოს მეგობარი ვერ იქნება“ . ევროპარლამენტარებმა ქართველ ხალხს საქართველოს ევროკავშირისკენ გზის მხარდამჭერი ღია წერილით მიმართეს. „კუბილიუსის და რასას განცხადება არ აქვს არავითარი მნიშვნელობა, არც ჩვენთვის, არც ქართული საზოგადოებისთვის ეს არის დაახლოებით იგივე გუბაზ სანიკიძემ და სალომე სამადაშვილმა რომ გააკეთონ ხვალ ერთობლივი განცხადება არავითარი განსხვავება არ არის კუბილიუსსა და გუბაზ სანიკიძეს შორის და რასას და სალომე სამადაშვილს ან ვინმე ნონა მამულაშვილს შორის. არაფერი განსხვავება არაა, საზოგადოებამ ეს უკვე ისწავლა, ისინი არიან მარტივად ნაცმოძრაობის ლობისტები, სააკაშვილის მეგობრები, ნაცმოძრაობის მეგობრები და რა თქმა უნდა, ნაცმოძრაობის მეგობარი საქართველოს მეგობარი ვერ იქნება აქ არის ძალიან მარტივი ლოგიკა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ამავე საკითხის კომენტირებისას კობახიძემ დაამატა "როდესაც კუბილიუსი და რასა ავრცელებენ ნაცმოძრაობის ფეიკს, ეს  ნიშნავს იმას, რომ ისინი არიან გუბაზი და სალომე. არანაირი განსხვავება გუბაზსა და სალომეს და კუბილიუს და რასას შორის არ არის. ნაცმოძრაობის ლობისტები არიან მე არ ვიცი ისინი ფულს იღებენ თუ სხვა რამეს აკეთებენ...კუბილიუსი და რასა არიან გუბაზი და სალომე, მარტივად" გუბაზ სანიკიძე, სალომე სამადაშვილი და ნონა მამულაშვილი საქართველო პარლამენტის დეპუტატები არიან.  გუბაზ სანიკიძე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" „ძალა ერთობაშია"-ს პარტიულ სიაში მე-16 ნომერი იყო საპარალმენტო არჩევნების წინ. სალომე სამადაშვილმა  პარტია "ნაციონალური მოძრაობა" 2021 წლის აპრილში დატოვა და თქვა, რომ პარტიაში მისი "ადგილი აღარაა". სალომე სამადაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" პოზიციები მას შემდეგ დაშორდა ერთმანეთს, რაც პარტიამ უარი თქვა ხელი მოეწერა 2021 წლის 19 აპრილის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაციით შემოშავებულ შეთანხმების საბოლოო დოკუმენტზე. სამადაშვილი აღნიშნავდა, რომ ხელმოწერა ქვეყნის ევროპული მომავლისთვის მნიშვნელოვანი იყო და დოკუმენტს ინდივიდუალურად შეუერთდა. სალომე სამადაშვილი პარტია "ლელოს" შეუერთდა. ნონა მამულაშვილი, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი დეპუტატია. 7 ივნისს  ევროპარლამენტარებმა ანდრიუს კუბილიუსმა და რასა იუკნევიჩიენემ  ქართველ ხალხს საქართველოს ევროკავშირისკენ გზის მხარდამჭერი ღია წერილით მიმართეს. კუბილიუსი და იუკნევიჩიენე მიუთითებენ, რომ ამ ღია წერილით სურთ საქართველოს პოლიტიკური ძალების და ქართველი ხალხის გამხნევება, რომ იმედი არ გაუცრუვდეთ, თუკი შედეგი ნაკლებად ოპტიმისტური იქნება, არამედ გააერთიანონ ძალები საერთო საქმისთვის - საქართველოს ევროკავშირში შეყვანისთვის. წერილში ლაპარაკია მთავრობის, ოპოზიციისა და ხალხის ერთობლივი ძალისხმევის აუცილებლობაზე. „ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას არ განაპირობებს ჩვენი, საქართველოს მეგობრების სიტყვიერად დარწმუნება, არამედ ამას განაპირობებს რეალური მოწადინება და ძალისხმევის ერთიანობა, რაც უნდა აჩვენონ მთავრობამ, პოლიტიკურმა ოპოზიციამ და ხალხმა. საქართველოს მთავრობამ უნდა გაიგოს, რომ ქვეყნის პრობლემების გადაწყვეტის გასაღები თბილისშია და არა ბრიუსელში. თუკი ეს გამოწვევა ამ მთავრობისთვის ზედმეტად დიდია, არსებობს დემოკრატიული გზები მისი სხვებისთვის გადასაბარებლად, ყველაფრის ფასად სკამებზე ჩაბღაუჭების ნაცვლად. მეორე მხრივ, ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა იპოვონ ძალა, რომ გარკვეულ საკითხებზე მაღლა დადგნენ და ქართველ ხალხს წარუდგინონ ევროინტეგრაციის სარწმუნო სტრატეგია და უჩვენონ სანდო ლიდერობა, რაც სჭირდება ასეთი ამოცანის შესრულებას. თუკი ეს არ მოხდება, ვითარება შეიძლება მივიდეს წერტილამდე, როცა საქართველოს ხალხს მოუწევს გადაწყვიტოს, რას ირჩევენ - ახლანდელ პოლიტიკურ სტრუქტურას ბ. ივანიშვილითა და „ქართული ოცნებით“ ქვეყნის სათავეში თუ საქართველოს ევროპულ მომავალს“, - ვკითხულობთ ღია წერილში. საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 3 მარტს წარადგინა. 11 აპრილს მას ოფიციალურად გადაეცა წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი. საქართველოს მთავრობამ კითხვარის პირველი, შევსებული ნაწილი ბრიუსელს 2 მაისს გაუგზავნა, ხოლო მეორე ნაწილი - 10 მაისს. საქართველო ევროკავშირისგან წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ პასუხს რამდენიმე დღეში ელოდება.     https://www.radiotavisupleba.ge/a/31887150.html

Source: radiotavisupleba.ge