ჰაფთარის ძალებმა ქვეყნის ტერიტორიის ფორმალური მართვის შესახებ განაცხადეს

Headline

ორშაბათს, 27 აპრილს, სატელევიზიო გამოსვლაში, მეამბოხე „ლიბიის ეროვნული არმიის“ (LNA) ლიდერმა ხალიფა ჰაფთარმა განაცხადა, რომ მისი ძალები ლიბიაზე ფორმალურ კონტროლს ამყარებენ. ოპოზიციონერი გენერლის ძალები დე-ფაქტოდ უკვე აკონტროლებენ ქვეყნის აღმოსავლეთ ტერიტორიებს და ახლა აქტიურ საომარ მოქმედებებს დედაქალაქ ტრიპოლის ასაღებად აწარმოებენ, სადაც გაეროს მიერ აღიარებული „ეროვნული თანხმობის მთავრობა“ (GNA) არის გამაგრებული. „ლიბიის ეროვნულ არმიას“ (LNA) მოსახლეობისგან/საზოგადოებისგან უკვე გააჩნია ქვეყნის სამართავად საჭირო მანდატი. კონფლიქტის პოლიტიკური გადაწყვეტის მცდელობებმა ქვეყანა გაანადგურა. ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ შეიქმნას მყარი, საჯარო ინსტიტუციები“, - განაცხადა ჰაფთარმა. ოპოზიციონერი გენერლის ხალიფა ჰაფთარის განცხადებით, GNA-ს მიერ შეთავაზებულ სამშვიდობო ხელშეკრულებაზე შეთანხმება ვერ შედგა. „ეროვნული თანხმობის მთავრობის“ მრჩევლის მოჰამედ ალი აბდალას თქმით, „ლიბიის ეროვნულ არმიას“ კონფლიქტის პოლიტიკური გზით, დემოკრატიულად გადაწყვეტის მიზანი არ გააჩნია. თურქეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა ფაჰრეთინ ალთუნმა ოთხშაბათს, 22 აპრილს განაცხადა, რომ კორონავირუსული პანდემიის მიუხედავად, ოფიციალური ანკარა GNA-სთან დადებული შეთანხმებების ბოლომდე შესრულებას და მხარდაჭერას გეგმავს. „პრეზიდენტმა ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ მხარი უნდა დაუჭიროს ლიბიის კანონიერ ხელისუფლებას (GNA)“, - განაცხადა ალთუნმა. გენერალ ჰაფთარის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოხმაურება მოჰყვა, როგორ დედაქალაქ ტრიპოლიდან, ასევე საერთაშორისო საზოგადოებიდან. „ეროვნული თანხმობის მთავრობის“ განცხადებით, ოპოზიციურ ძალებს ქვეყანაში მორიგი გადატრიალების მოწყობა სურთ. აქვე, ტრიპოლის ხელისუფლებამ რიგით ლიბიელებს კონფლიქტის ყოვლისმომცველი დიალოგისა და დემოკრატიული გზით გადაწყვეტისკენ მოუწოდა. ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის სპიკერის პიტერ სტენოს მოსაზრებით, გენერალ ჰაფთარის განცხადება ლიბიის ფორმალური მართვის თაობაზე სრულაიდ მიუღებელია და აღნიშნული ვერასდროს უზრუნველყოფს არსებული კრიზისის მოგვარებას. შეერთებული შტატები დაპირისპირებულ მხარეებს მოუწოდებს არსებული კორონავირუსული პანდემიის ფონზე შეწყდეს საომარი მოქმედებები, რადგან აღნიშნული მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებს გამოიწვევს. აქვე, ოფიციალური ვაშინგტონის მოსაზრებით, მეამბოხე გენერალ ჰაფთარის განცხადება ფორმალური მართვის თაობაზე, სრულაიდ მიუღებელია. საერთაშორისო შუამავლებმა თავი უნდა შეიკავონ ლიბიის კრიზისის მოგვარების მცდელობებზე, რათა დაპირისპირებულ მხარეებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებები დაიწყოს. აღნიშნულის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ორშაბათს, 27 აპრილს განაცხადა. მისი მოსაზრებით, არსებული კონფლიქტის შესაძლო დარეგულირების გზები თავად ამ ორმა მხარემ უნდა შეიმუშაოს, ხოლო საგარეო აქტორებმა მხოლოდ ის უნდა განახორციელონ, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან მიიტანონ უკვე შემუშავებული მიდგომა. „ჩვენ ყოველთვის იმ პრინციპს ვეყრდნობით, რომ საბოლოო გადაწყვეტილება თავად დაპირისპირებულმა მხარეებმა უნდა მიიღონ. ჩვენ კი მათ მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომაში დავეხმარებით. ოფიციალური მოსკოვი კვლავ გააგრძელებს ლიბიის კრიზისში შესაბამისი დახმარების აღმოჩენას“, - განაცხადა ლავროვმა. დიქტატორ მუამარ კადაფის შემდეგ, 2014 წლიდან, ქვეყანა ორ დაპირისპირებულ მხარედ არის დაყოფილი. 2019 წლის აპრილიდან, ოპოზიციური LNA-ს ძალებმა, რუსეთის, ეგვიპტისა და არაბთა გაერთიანებული საემიროების მხარდაჭერით, შეტევა წამოიწყეს GNA-ს წინააღმდეგ. თავდაპირველი უკან დახევის შემდეგ, „ეროვნული თანხმობის მთავრობამ“ თურქული შეიარაღებისა და ანკარიდან წარგზავნილი სამხედრო მრჩევლების მხარდაჭერით გარკვეული ტერიტორიების დაცვა ჯერჯერობით შეძლო. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. #Libya #GNA #LNA #sides #conflict #headline #arabworld #politics #war