„თბილისური“ არქიტექტურის გასაოცარი ნიმუშები, რომელსაც სხვაგან ვერ შეხვდებით
Tbilisi Daily
თუ ისე მოხდა, რომ არაქართველი სტუმარი გყავთ ან თქვენმა ძველმა ნაცნობებმა თბილისში ტურისტებად ჩამოსვლა გადაწყვიტეს, მოგიწევთ დაფიქრდეთ იმაზე, რა აჩვენოთ ისეთი თბილისში, რაც თან საინტერესო იქნება, თან ავთენტური და თან ისეთი, რასაც თვითონ, თქვენი დახმარების გარეშე ვერ ნახავდა.
იცოდით რომ XIX საუკუნის თბილისი, ერთ-ერთი იმდროინდელი ჟურნალისტის სიტყვით ორსახა იანუსს ჰგავდა? - ერთი სახით აზიას უყურებდა, მეორეთი კი ევროპას, ყველას ხიბლავდა თავისი კოლორიტობით, რომელიც მის გარეგნულ სახეშიც გამოიხატებოდა და მის ყოფა-ცხოვრებაშიც. ეს ის პერიოდია, როდესაც თბილისი და ასევე მთელი საქართველო უკვე იყო მოქცეული საერთო ევროპული განვითარების პროცესში.
ევროპიდან შემოსულმა ახალმა წეს-ჩვეულებებმა, საცხოვრებლის ახლებურად გამართვის დამკვიდრებამ და სხვა. შეცვალა თვით ცხოვრების ნორმები, გემოვნება, მოთხოვნილებები, ის რაც ფაქტიურად დაკავშირებულია არქიტექტურასთან.
აღსანიშნავია, რომ ამ ევოლუციის პროცესში ძველი და ახალი არა მარტო უპირისპირდებოდა, არამედ ხშირად ერწყმოდა ერთმანეთს.
ამის შედეგად თბილისის ყოფა-ცხოვრებაში ბევრი თავისებური, სრულიად სპეციფიკური, საგანგებოდ „თბილისური“ არქიტექტურის ტიპი ჩამოყალიბდა, რასაც თბილისის გარეთ ვერსად ვერ შევხვდებოდით.თბილისის სადარბაზოები განვლილი ეპოქის ფუფუნებისა და დახვეწილობის ნაშთებია. მათ ერთმანეთისგან განსხვავებული საკუთარი სტილი აქვთ, თუმცა ამჟამინდელი შელახული იერი მიმზიდველობას მაინც ვერ უკარგავს. პირიქით, გინდებათ უფრო ახლოს ნახოთ თითოეული დეტალი.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც ქალაქური სახლების ნაწილად იქცა, სადარბაზოებია. ქართველი თუ უცხოელი არქიტექტორების მიერ დაპროექტებული შესასვლელები უნიკალური ორნამენტებითა და ნახატებით დამშვენდა და სახლების მეპატრონეთათვის ერთგვარ სავიზიტო ბარათად იქცა.
სადარბაზოების უდიდესი ნაწილი საბჭოთა რეჟიმის უხეშ ჩარევას ემსხვერპლა. სხვადასხვა დროს კედლის ასობით მხატვრობა მოექცა საღებავის სქელი ფენის ქვეშ, რამაც ქალაქის კულტურულ მემკვიდრეობას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა.
როგორც Georgia Daily-სთვის გახდა ცნობილი, დედაქალაქის მასშტაბით 50-მდე მოხატული სადარბაზოა შემორჩენილი. თბილისის განვითარების ფონდის მიერ რესტავრაცია ჩაუტარდა სამს, 10 სადარბაზოს აღდგენა კი უახლოეს 3-4 წელიწადში იგეგმება.
თბილისში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სადარბაზო გ.ტაბიძის
#18
-ში მდებარეობს. გარდა სილამაზისა, ამ შენობას მისი ისტორიაც გამოარჩევს. მეოცე საუკუნეში აქ ძმები სეილანოვები, სომეხი ფინანსისტები ცხოვრობდნენ, რომლებსაც მთელი თბილისი იცნობდა. ისინი თამბაქოს აწარმოებდნენ და როგორც წყაროებიდან ვიგებთ, ქველმოქმედებითაც იყვნენ დაკავებულნი. ტიფლისში ძმებ სეილანოვებს ბიზნეს საქმიანობის გარდა, კიდევ ერთი რამ გამოარჩევდათ — შესაშურად მოხატული საცხოვრებელი სახლი, რომელიც დღეს ქალაქის ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლია.
ძველ თბილისში სეირნობისას აუცილებლად მოხვდებით ასათიანის ქუჩის
#58
-შიც და დაინახავთ თბილისური სადარბაზოების ტიპურ და გამორჩეულ ნიმუშს, რომელიც გამოირჩევა უნიკალური სტილითა და ნახატებით. ნიმუშები ბუნებრივი საღებავებითაა შესრულებული, თუმცა ზოგჯერ ზეთით ნახატიც გვხვდება.
კიდევ ერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ქიქოძის ქუჩის
#9
-ში მდებარეობს, რომელსაც ყველა დანარჩენისგან ულამაზესი შიდა კიბე და მოხატული ჭერი გამოარჩევს. ასეთი კიბე მეცხრამეტე საუკუნის ფრანგულ სახლებში იყო პოპულარული, თუმცა მისი გადმოტანა ქართულ რეალობაში მეოცე საუკუნეში განხორციელდა.
ძველ თბილისში კიდევ ბევრი რამ არის სანახავი და შესასწავლი. მისთვის დამახასიათებელი ვიწრო ქუჩები, ძველებური სახლები და ურბანული კულტურა უცხოელი სტუმრებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველია, ხოლო ემოციები კულმინაციას აღწევს მაშინ, როდესაც ძველ თბილისს შემაღლებული ადგილიდან გადმოჰყურებთ. ასეთ დროს შეიძლება მოკალათდეთ რომელიმე სასურველ რესტორანში, დატკბეთ თბილისის ხედებით და თქვენს მეგობრებთან ან პარტნიორებთან ერთად, სამომავლო გეგმები განიხილოთ ან უბრალოდ განიტვირთოთ.
გაინტერესებთ თუ როგორ უნდა განვითარდეს ქართული კულტურა? გაგახსენებთ ტიციან ტაბიძის სიტყვებს: „აშკარაა, რომ წინა აზიაში ევროპა შემოაღებს კარებს და ამ დროს ჩვენ უნდა დავხვდეთ შეჭურვილი ეროვნული შემეცნებით, ეროვნული კულტურის ყველა ფოლაქებშეკრული“. დიახ, აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ ეროვნული იდენტობა და სწორედ მის საფუძველზე ვეცადოთ სიახლეების დანერგვას. შეიძლება, ზოგიერთი რამ დასავლური კულტურისაგან შევითვისოთ, ახალი კი თავად შევქმნათ და მსოფლიოს შევთავაზოთ. სწორედ ამიტომ, ის, რასაც ინახავს ძველი თბილისი, არ არის დასაკარგი - რადგან აქ ჩვენი იდენტობა ყველაზე უკეთ იკვეთება.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს.
#GeorgiaDaily
#საქართველო
#ახალიამბები