ტრენდები და ნივთები, რომლებმაც მოდაში 2020 წელი განსაზღვრეს

0
ციფრები და გაყიდვების შედეგი ყოველთვის არ ნიშნავს ღირებულს, მაგრამ ქმნის წარმოდგენას იმის შესახებ, თუ რა მოსწონს და აინტერესებს საზოგადოების დიდ ნაწილს. 2020 წელს, პანდემიისგან გამოწვეული კრიზისის ფონზე, რომელსაც ამძაფრებდა რთული პოლიტიკური ვითარება, არჩევნები, საპროტესტო გამოსვლები, მოდა ნამდვილად არ ყოფილა ადამიანების პირველი საფიქრალი, თუმცა ის არც იმდენად უმნიშვნელო გამხდარა, რომ ამ ძალზედ დრამატული წლის ბოლოს მოთხოვნადი მოდური ნივთების და ტრენდების დასახელება ვერ შევძლოთ.
ჩამონათვალი აერთიანებს ნივთებს და ტრენდებს, რომლებიც 2020 წელს საზოგადოებაში ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობდა, არა მხოლოდ გაყიდვების მაჩვენებლით, არამედ ინტერნეტში განხილვის შედეგითაც.

Telfar-ის ჩანთა

აქსესუარი, რომლის შესახებ მთელი წლის განმავლობაში ვსაუბრობდით. ეკონომიკური კრიზისის ფონზე, აღმოჩნდა, რომ შედარებით ხელმისაწვდომი ტრენდული ჩანთა სწორედ ისაა, რაც უმრავლესობას სურს.

Entireworld-ის ნაქსოვი ზედები და სპორტულები

მაშინ, როდესაც მსოფლიო დისტანციურ მუშაობაზე გადაერთო და მილიონობით ადამიანმა თვეები თვითიზოლაციაში გაატარა, გასაკვირი არ არის, რომ კომფორტულ, თბილ და მოსახერხებელ სამოსზე მოთხოვნა გაიზარდა.

Marine Serre-ს მთვარის პრინტი

ივლისში, დისნეიზე, ბიონსეს ახალი ვიზუალური ალბომის “Black Is King” – ის პრემიერა შედგა. მრავალფეროვან ფილმში ბიონსემ დიზაინერების არმიასთან იმუშავა, თუმცა გამორჩეული ყურადღება დაიმსახურა ახალგაზრდა ფრანგი დიზაინერის, მარინ სერეს მთვარის პრინტის მქონე ლუქმა, რომელიც მომღერალს “ALREADY” -ს მუსიკალურ ვიდეოში აცვია. მიუხედავად იმისა, რომ ფრანგი დიზაინერის გარშემო მღელვარება უკვე 2-3 წელს ითვლის, ცხადია, რომ 2020 წელს, ბიონსეს ფაქტორმა მარინ სერესთვის ძალიან კარგად იმუშავა.

Vote ნიღაბი

შარშან, ამ დროს, ვერავინ იფიქრებდა, რომ 2020 წლის ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი პირბადე, სახის ნიღაბი გახდებოდა. დიზაინერები რეალობას დროულად მოერგნენ და შედეგად, არა ერთი ცნობილი ბრენდის მიერ წარმოებული პირბადე ვიხილეთ, თუმცა 2020 წელს დაძაბულს მხოლოდ პანდემია არ ხდიდა. პოლიტიკური არჩევნების ფონზე, პოპულარული გახდა ბიღბები, რომლითაც ადამიანები ერთმანეთს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწობდნენ.

Mugler's Bodysuit

მას შემდეგ, რაც ბელა ჰადიდმა მუგლერის ჩვენება სექსუალური კორსეტით გახსნა, ბრენდის იდენტობისთვის მნიშვნელოვანი ეს დეტალი, რომელიც ქალის სხეულის ფორმებს ძალიან კარგად კვეთს, ვარსკვლავების საყვარელი ტრენდი გახდა, რომელიც მაილი საირუსის, დუა ლიპას, ბიონსეს და კიმ კარდაშიან-უესტის წყალობით, 2020 წელსაც არ კარგავს აქტუალობას.

JW Anderson კარდიგანი

2020 წლის თებერვალში, ჰარი სტაილსი JW Anderson-ის 2021 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ამ მოდელით სატელევიზიო გადაცემა Today Show-ის რეპეტიციაზე გამოჩნდა. ფოტოების გავრცელებას კი მოჰყვა ვიდეოები, რომლებშიც ტიკტოკერები მოსაცმელს ქსოვენ, შემდეგ იცვამენ და ასე პოზირებენ კამერასთან. ტიკ-ტოკის ვირუსულმა ტრენდმა პროდუქტს წარმოუდგენელი წარმატება მოუტანა. ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ ის მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა მუზეუმმა – V&A-მ (Victoria and Albert Museum) შეიძინა.

Dior Men's Air Jordans

ივლისში ცნობილი გახდა, რომ Dior x Air Jordan -ის ახალი მოდელის საყიდლად 5 მილიონი ადამიანი დარეგისტრირდა. დიორმა სპორტული ფეხსაცმლის 13, 000 წყვილს გამოუშვა, საიდანაც 5, 000 ფრანგული ბრენდის ტოპ კლიენტებს სპეციალური მოსაწვევებით უკვე შეძენილი ჰქონდათ. შესაბამისად, მოთხოვნად მოდელზე, 5 მილიონი ადამიანისთვის დარჩა მხოლოდ 8, 000 წყვილი.

Louis Vuitton-ის სახის ფარი

პანდემიურ მსოფლიოში, პირბადესთან ერთად, მოთხოვნადი გახდა სახის დასაცავი გამჭირვალე ფარი, რომელიც ლუი ვიტონმა 1, 000 დოლარად შემოგვთავაზა.

Converse

ეს უკვე კლასიკაა, თუმცა მას შემდეგ, რაც ამერიკის არჩეეულმა ვიცეპრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა, საარჩევნო კამპანია, მეტწილად სწორედ კონვერსის კედებით განვლო, საზოგადოებაში Converse კიდევ ერთხელ გახდა განხილვის საგანი.
0