ვინ უნდა იზრუნოს უსახლკაროებზე?

0
ბოლო პერიოდში საზოგადოებრივი ცნობიერების ზედაპირზე ამოტივტივდა და თავისი მკაფიო გამოხატულება ჰპოვა აზრმა სათანადო საცხოვრისის შესახებ. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ პრობლემაზე მსჯელობის მასშტაბები ვიწრო დისკუსიებს არ გასცდენია, ვინაიდან მას არ მიუღია პოლიტიზირებული ხასიათი. ანუ, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ქართული პოლიტიკური კონიუნქტურა, საცხოვრისს, როგორც ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას, არ აღიარებს და ეს საკითხი სიმბოლური პოლიტიკური წესრიგისგან მაქსიმალურად გამიჯნულია, მაშინ, როცა მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო აქტები და რიგი ქვეყნების კონსტიტუციები ამ უფლებას ნორმად აქცევენ. ჩვენთან ამას ერთადერთი ახსნა აქვს - თუ სახელმწიფო თავად აიღებს ხელში საბინაო პოლტიკის სტანდარტიზაციის მექანიზმებს, მაშინ იგი ამით შეურაცხყოფს „ბაზრის“ ლოგიკას, რომელიც თავისი მტაცებლური და ანტისაზოგადოებრივი ბუნებით, ბოლო 30 წლის განმავლობაში, სახელმწიფოებრივი განვითარების მთავარ და უპირობო დისკურსად იქცა. სანამ საბინაო პოლიტიკის აუცილებლობაზე დავიწყებთ საუბარს, საჭიროა თვალი გადავავლოთ პოსტსაბჭოთა პერიოდში ნეოლიბერალური რეფორმების შემდეგ განვითარებულ ისტორიულ კონტექსტებს. თუკი, მაგალითად, 1988 წლისთვის ურბანულ ნაწილში საბინაო რესურსის პროცენტულობა საჯარო და კერძო სექტორებზე 79/21 პროპორციით არსებობდა, პოსტსაბოთა პერიოდში ეს სურათი რადიკალურად შეიცვალა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი პირველი კანონპროექტი პირველი ხელისუფლების მიერ ინიცირებლი „ბინების პრივატიზების შესახებ“ აქტი იყო, რომელმაც ნორმატიული სარჩულის მორგება ჩვენთვის კარგად ცნობილი ისტორიული კონტექსტების გამო ვერ მოახერხა. ამის შემდგომ, ცხადია, სამოქალაქო ომის დროს საბინაო პოლიტიკისთვის არავის სცხელოდა, ხოლო შევარდნაძის პერიოდში დაწყებულ პტივატიზაციის უსუსურ და უსისტემო ტალღას თან ერთვოდა საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზების მოშლა, ქალაქგეგმარებითი სტრატეგიების სრული კოლაფსი, კორუფცია და მტაცებლური სპეკულაციები. პრობლემამ არნახულ მასშტაბებს მიაღწია შეიაღაღებული კონფლიქტების შემდგომ დევნილთაა ნაკადის ზრდის გამო. სახელმწიფოს კი ამის პრევენციისთვის მკაფიო პოლიტიკა არ გააჩნდა. „ვარდების რევოლუციის“ შემდგომ იწყება ნეოლიბერალური რეფორმებისა და საბინაო სექტორში მასშტაბური პრივატიზაციის მორიგი ტალღა. საბინაო პოლიტიკაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფომ სრულად ჩამოიშორა და იგი კერძო ბიზნესს მიანდო, თავად კი ხელი მიჰყო დერეგულაციის პოლიტიკას, რამაც მალევე წარმოშვა ისეთი სიმპტომატური ხასიათის ნიშნები, რგორიცაა „დუმილი თანხმობის ნიშანია“ ან „ერთი სარკმლის“ პრინციპი. რის შედეგადაც გამარტივდა ადმინისტრაციული წარმოება, მოიშალა სამშენებლო სექტორზე ზედამხედველობისა და კონტროლის რეალური მექანიზმები. სწრაფი ტემპით შეიცვალა ურბანული სტრუქტურა, დერეგულაციამ ხელი შეუწყო მშენებლობის მასშტაბების უკონტროლო ზრდას, რის შედეგაცად ბაზარი სპეკულაციურმა სამშენებლო ბიზნესმა დაიკავა. ამის პარალელურად გაიზარდა კერძო პირების დაკრედიტების პრაქტიკა. რასაკვირველია, გაიზარდა იპოთეკური სესხების რაოდენობაც. სამშენებლო კომპანიებმა წინასწარ დაიწყეს ჯერ კიდევ დაუმთავრებელ მრავალსართულიან კომპლექსებში ფულის აღება. მარტივად რომ ვთქვათ, საბინაო პოლიტიკა გამოვიდა საჯარო ინტერესიდან და იგი დაეფუძნა „კერძო“ ლოგიკას - ადამიანს საკუთარი კეთილდღეობის შედეგად თავად უნდა მოეხერხებინა საცხოვრისის უზრუნველყოფა. თუმცა 2008 წელს საქართველო ერთდროულად აღმოჩნდა მსოფლიო ეკონომიკური და რუსეთ-საქართველოს ომის კრიზისის წინაშე, რომლის შედეგებიც კონკრეტულად საბინაო პოლიტიკის კუთხით სავალალო და მოუშუშებელი აღმოჩნდა. კრიზისის გამო მშენებლობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ სტაგნაცია განიცადა, ხოლო ის ათიათასობით ადამიანი, ვისაც წინასწარ ჰქონდათ ფული გადახდილი, ბინის გარეშე დარჩა. იქედან გამომდინარე, რომ დერეგულირებულ სექტორში კომპანიის შემოჭრა უკონტროლოდ ხდებოდა, ხოლო მათი პასუხისმგებლობის დაყენების მიზნით სახელწმიფო არანაირ ბერკეტს არ იტოვებდა, ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა სრული ზარალის აღრიცხვა. მიუხედავად წლების შემდგომ განხორციელებული ფასადური ცვლილებებისა, სამშენებლო ბაზარი ერთ-ერთ ყველაზე დაურეგულირებელ სექტორად რჩება საქართველოში. დამოუკიდებლობის ისტორიაში არც ერთი მოწვევის პარლამენტს დღის წესრიგში არ დაუყენებია საბინაო პოლიტიკის საკითხი და საკუთარ თავზე არ აუღია უსახლკაროდ დარჩენილ ადამიანებზე პასუხისმგებლობა. უსახლკარობა ამ დრომდე რჩება ქყვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად. წესით პანდემიას უფრო მეტი აქტუალობა უნდა შეეძინა ამ საკითხისთვის, თუმცა, როგორც ჩანს, ჩვენი პოლიტიკური წრეები ისევ დუმილს ირჩევენ. დღესაც არ არსებობს მკაფიო და კონსტრუქციული გეგმა ამ პრობლემის გადასაჭრელად, ეს კი იმ სოციალურ კონტექსტში, როცა 1 კვ.მ ბინის ფასი დაახლოებით ორჯერ უფრო მაღალია ქვეყანაში არსებულ საშუალო ხელფასზე. უსახლკაროთა რაოდენობის დინამიკა დრამატულ ზრდას განიცდის. 2017 წლის მონაცემებით, მხოლოდ თბილისის მასშტაბით, 6000-ზე მეტმა პირმა მიმართა სახელმწიფოს უსახლკაროდ რეგისტრაციისთვის. ამ საკითხზე სახელმწიფოს მხრიდან არ განხორციელებულა შესაბამისი კვლევა. ამის მიზეზი კი შეიძლება ერთგვარი შიში იყოს. შიში იმისა, რომ სრულმასშტაბიანი კვლევის შედეგად მას უსახლკაროთა საგანგაშო რაოდენობა შერჩება ხელში. თუ შემოდგომაზე ვირუსის ახალი ტალღა დაიწყება, სიცივესთან ერთად კიდევ უფრო რთული გახდება მისი მართვა. მივიღეთ მკაფიო მოცემულობა - თუ არ გაქვს სახლი, ვერ შეძლებ თვითიზოლაციას, ხელების საათობრივად დაბანას, ვერ დაემალები ვირუსს და იქნები მისი გავრცელების პოტენციური წყარო. მსოფლიოში განვითარებულმა მოვლენებმა გვაჩვენა, რომ საბინაო პოლიტიკის მოგვარება არა უბრალოდ ჰუმანური აქტი, არამედ გარდაუვალი აუცილებლობის საგანი გახდა. აქ კი ჩნდება მარტივი კითხვა - ვინ უნდა იზრუნოს უსახლკაროებზე? პასუხი კი ასევე მარტივია. ჩვენ უკვე ვნახეთ სახელმწიფოს მიერ პასუხისმგებლობის ჩამოშორებისა და მისი კერძო სექტორზე გადაბარების პოლიტიკა როგორ შევიდა ჩიხში. ვნახეთ, თუ როგორ დამარცხა საჯარო ლოგიკის წინააღმდეგ კერძო ლოგიკა. პანდემიამ კი ეს სურათი კიდევ უფრო მკაფიოდ გადაგვიშალა თვალწინ. ვირუსის გამო მსოფლიომ სხვა რეალობაში გაიღვიძა - უფრო მეტი სოციალური პასუხისმგებლობის აუცილებლობის რეალობაში. ჩვენც ამ მსოფლიოს ნაწილი ვართ, ჩვენც უნდა ვიზრუნოთ კოლექტიური, ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტებისა და სოციალური სერვისების მშენებლობაზე. მათ შორის იმ იდეაზეც, რომ საცხოვრისის ქონა ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. გამოგვყევით Facebook-ზე: https://www.facebook.com/datunia555 //https://www.facebook.com/limoni11//
0