ქრისტე აღსდგა - მერაბ კოსტავას გმირული საქციელი ციხის გისოსებიდან!

0
ეს მომხდარა 1978 წელს თბილისის სუკ-ის ციხეში, სადაც მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია მოუთავსებიათ საქმე ნომერ 131-თან დაკავშირებით. აქაური საკანი უნდა ყოფილიყო მატარებლის კუპეზე ოდნავ მოზრდილი. დღის სინათლე ატანდა გისოსებიანი ფანჯრიდან, რომელიც ჩვეულებრივზე გაცილებით მაღლა ყოფილა დატანებული კედელში. პატიმარი გამუდმებული მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. ამ მიზნით რკინის კარს ჰქონდა საგანგებო საჭვრეტი, საიდანაც ზედამხედველის ფხიზელი თვალის თეთრონი და გუგუა მოჩანდა თურმე. დამდგარა ლიტანიობის ღამე. მერაბი თბილისის სუკ-ის ციხეში იმყოფებოდა, ზვიად გამსახურდია იმხანებში ლეფორტოვოს ციხეში უნდა ყოფილიყი გადაყვანილი, რამდენადაც მახსოვს. ადვილი არაა იმ სიმძიმილის ცხადად წარმოდგენა, ადამიანს რომ ეუფლება, ამგვარად შეჭირვებულს: მთელ საქრისტიანოში მორწმუნენი ზეიმობენ, ზარები რეკავენ, წირვაზე მყოფნი ერთმანეთს ეხვევიან და ულოცავენ მარადიული ცხოვრების დღესასწაულს, აქ კი ჯერ კიდევ სიკვდილის აჩრდილი ტრიალებს. მერაბს შინაგანად უგრძნია ამ ჟამის დადგომა, ზეწამოჭრილა, ხელებით ჩაფრენია გისოსებს, აწეულა ისე, რომ შიდა ეზო ნაწილობრივ დაულანდავს და მთელი ხმით დაუჭექავს: „ქრისტე აღსდგა!“ არ არის ძნელი იმის წარმოდგნა, თუ როგორ იმოქმედებდა ეს ხმა ციხის პერსონალზე. დაახლოებით იგივე სურათი იქნება, თუ ერთ ჭიქა ადუღებულ ზეთს კრაზანების ბუდეში ჩაღვრით. ამტყდარა განგაში. „ქრისტე აღსდგა!“ – განმეორდა კიდევ. ზედამხედველები მერაბის საკანში შეჭრილან, ჩამოკიდებიან ფეხებზე, მთელი ძალით ეზიდებოდნენ დაბლა. მერაბი ფიზიკურად ისედაც ძლიერი იყო, „მაგრამ, ამ დროს საოცარი ძალის მოზღვავება ვიგრძენიო“, იგონბდა. „ვიძახებ იქამდე, ვიდრე არ მიპასუხებს ვინმე“, ფიქრობდა თურმე. არადა, არსაიდან ისმოდა „ჭემარიტად!“ სიკვდილის, რღვევისა და გაქვვების საუფლოში. „ქრისტე აღსდგა!“ – ისევ სჭექდა მერაბის ხმა, რაც ზედამხედველებს კიდევ უფრო აცოფებდა, მაგრამ ვერაფერს აწყობნენ. და მერვედ თუ მეცხრედ დაძახების შემდეგ სადღაც შორიდან მართლაც მოისმა: „ჭეშმარიტად!“ ალბათ პატიმარი თუ იყო ვინმე. „მაშინ კი შევუშვი ხელები გისოსებს...“ იგონებდა მერაბი.
0