ულამაზესი ტბა სვანეთისა და აფხაზეთის საზღვარზე

0
ოქროწყლის ტბები ( იგივე ოქროსწყლის ტბები ) - დიდი ოქროწყლის ტბა და პატარა ოქროწყლის ტბა, მდებარეობს ზემო სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთისა და აფხაზეთის საზღვარზე, ხოჯალის ქედის (კოდორის ქედის განშტოება) აღმოსავლეთ კალთაზე. ოქროწყლის ტბების მარშრუტი ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად ცნობილი და ამავდროულად ყველაზე შთამბეჭდავი მარშრუტია.
ტბებითა და პანორამული ხედებით მოგვრილი სიამოვნება გადაფარავს ტბების სანახავად გაწეულს ძალისხმევას. დიდი ოქროწყალი ფირუზისფერია და შეგრძნებას გიტოვებთ თითქოს ზღვის ნაპირზე იმყოფებოდეთ, ხოლო პატარა ოქროწყალი უფრო მუქი ფერია. ტბებამდე მისაღწევად საჭიროა ხაიშის თემის სოფელ ლუხამდე ჩასვლა, სადაც მიდის ნებისმიერი ტიპის ავტომობილი. საფეხმავლო ბილიკი სოფელი ლუხიდან 25 კმ-ში იწყება. სოფელი ლუხიდან ბილიკის დასაწყისამდე 25 კილომეტრიანი მონაკვეთის გავლა შესაძლებელია მაღალი გამავლობის (4X4) ავტომობილით, ან 20 კილომეტრის გავლა სატვირთო ავტომობილით რომლის დაქირავებაც შესაძლებელია სოფელში. ბილიკის პირველი მონაკვეთი აფხაზეთისკენ მიმავალ სამანქანე გზას მიუყვება და ძველი სამანქანე გზითვე ეშვება ტყეში. ტყეში დაშვებიდან მალევე სამანქანე გზა ძველ მიტოვებულ ვაგონთან მთავრდება და გზიდან ბილიკზე ვინაცვლებთ. ბილიკი ტყის მონაკვეთში დაახლოებით 1 კმ სიგრძის არის და ხშირად გხვდებათ ტალახიანი მონაკვეთები.
ტყის მონაკვეთის შემდგომ გავდივართ მინდორზე, რომლის სიგრძე დაახლოებით 1.5 კმ-ია და მაღალი ბალახებით არის დაფარული. ამ მონაკვეთზე კვალი ნაკლებად ეტყობა და გზის გაკვლევა შედარებით რთულია. ამ მინდვრების გვერდით მოჩანს საზაფხულო ძველი ქოხი, რომელსაც ადგილობრივების თქმით, აფხაზეთის ომის დროინდელი მძიმე ისტორიები უკავშირდება. მინდვრის გავლის შემდგომ ბილიკი კვეთს მდინარე ორმელეთს, რომლის გადაკვეთის შემდეგ ბილიკი მიუყვება მცირე აღმართებს ტყისკენ, ბალახის სიმაღლეც ნელ-ნელა მცირდება. გზად ბილიკი პატარა ლამაზ ტყეში გავლის, სადაც მრავალი წლის უკანდელი წარწერებია ხეებზე. ტყიდან გასვლის შემდომ ბილიკი გადის უზარმაზარ გაშლილ მწვანე მინდორზე, რომელიც კლდეებით არის შემოსაზღვრული და არაჩველებრივი ხედი იშლება თქვენს თვალწინ. მოსჩანს მდინარე ოქროსწყალი, რომელიც გადმოედინება 400 მეტრი სიგრძის ფერდობზე და ქმნის ჩანჩქერების კასკადს. ადვილი მისახვედრია რომ ეს ჩანჩქერების კასკადი პირდაპირ ოქროსწყლის ტბიდან გადმოედინება.
მინდვრის გავლის შემდგომ იწყება ბილიკის ყველაზე რთული მონაკვეთი, რომელიც ბოლო აღმართს წარმოადგენს. ბოლო აღმართზე ბილიკი არ ეტყობა, მიუყვება ჩანჩქერების კასკადს მარცხენა მხრიდან, არის ციცაბო, ზედაპირი არის ბალახითა და დეკით დაფარული, ადგილ-ადგილ შეგხვდებათ ქვიანი მონაკვეთებიც, გიწევთ ვერტიკალში 400 მეტრის აწევა, რომლის გადალახვაც დიდ ძალისხმევას მოითხოვს. დიდი ოქროწყლის ტბიდან პატარა ოქროწყლის ტბამდე გადასასვლელი მარშრუტი მეტად სახიფათოა. უნდა გადალახოთ ვიწრო ქედი, ძალიან ციცაბო ფერდობი და ახვიდეთ კლდეზე, რომლის რელიეფი წლიდან წლამდე იცვლება.
ვერტიკალში გიწევთ 550 მეტრის აწევა და ორი უღელტეხილის გადალახვა, ერგზაშირას უღელტეხილი და მეორე 2900 მეტრი სიმაღლის უღელტეხილი, რომელიც წარმოადგენს საოკუპაციო ხაზს, აქ სვანეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის გადის ადმინისტრაციული საზღვარი და აქედან იშლება თვალწარმტაცი ხედები აფხაზეთზე და კარგ ამინდში მოსჩანს ზღვაც. საფეხმავლო ბილიკი საშუალო სირთულისაა, თუმცა როგორც აღვნიშნეთ ბილიკის ბოლო მონაკვეთი საკმაოდ რთულია, ბოლო აღმართი საკმაოდ ციცაბოა, რომლის გადალახვაც დიდ ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა აღმართის ბოლოს ნანახი გვავიწყებს ამ უკანასკნელს. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#მოგზაურობა
#ლაშქრობა
#ახალიამბები
#სვანეთი
#სამეგრელოზემოსვანეტი
#ტბა
#zugdididaily
წყარო: Georgian Travel Guide
0