ვინ გაუტეხა მინისტრ წულუკიანს mail-ი

0
იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის, ელექტრონულ ფოსტაში უკანონო შეღწევის ბრალდებით სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომელი ყოფილ ხელმძღვანელებს დევნასა და ზეწოლაში ადანაშაულებს და სასამართლოში ჩივის. ქუთაისის
2
პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის უფროსი, შორენა ჯიმშელეიშვილი, იუსტიციის მინისტრის სამსახურებრივ ელექტრონულ სისტემაში 71-ჯერ უკანონოდ შეღწევაში დაადანაშაულეს და 2019 წლის ივლისში სამსახურიდან დაითხოვეს. ჯიმშელეიშვილი “ოთხი თვის განმავლობაში პერიოდულად შედიოდა თეა წულუკიანის სამსახურებრივ დაცულ სისტემაში, რითიც საფრთხე შეუქმნა კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნებას”, - წერია სამინისტროს მონიტორინგის სამსახურის დასკვნაში.ამ მძიმე ბრალდების უკან საინტერესო ისტორია იმალება. სამინისტროების გაერთიანება და საერთო ელექტრონული სისტემა 2018 წელს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების სამინისტრო შეუერთდა. გაერთიანებისას გადაწყდა, რომ გაუქმებული სამინისტროს თანამშრომლები იუსტიციის სამინისტროს საქმეთა წარმოების ელექტრონულ პროგრამაში იმუშავებდნენ და სასჯელაღსრულების სამინისტროს თანამშრომელთა გადამზადება დაიწყო. ტრენინგის შემდეგ ახალ თანამშრომლებს იუსტიციის სამინისტროს ელექტრონულ სისტემაში (EMშ) პირადი გვერდები შეუქმნეს და სატესტო რეჟიმში მუშაობა დაავალეს. ამის დამადასტურებელი ორი დოკუმენტი მოიპოვება - სასჯელაღსრულებისა და იუსტიციის სამინისტროს ოფიციალური დოკუმენტების ასლები პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლებს უთხრეს, რომ პროგრამაში შესვლისთვის აკრეფდნენ საკუთარ სახელ-გვარს, პაროლი კი ყველასთვის საერთო - ციფრი 1 - იქნებოდა. თანამშრომლები ასე უნდა შესულიყვნენ სისტემის სატესტო ვარიანტში, სადაც უნდა ევარჯიშათ და მომზადებულიყვნენ რეალურ პროგრამაში სამუშაოდ. უკვე წლებია, იუსტიციის სამინისტროში შემავალ სტრუქტურებში ადმინისტრაციული და საკანცელარიო დოკუმენტების წარმოება ელექტრონული სისტემით (EMშ) იმართება. რიგითი მოხელეც და მინისტრიც სწორედ ამ პროგრამით იღებს, ეცნობა და ხელს აწერს დოკუმენტებს. პროგრამაში ყველა თანამშრომელს საკუთარი გვერდი აქვს, რომელიც სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტის ფუნქციასაც ასრულებს. სისტემის დაცვა, მართლაც, მნიშვნელოვანია, რადგან პროგრამაში პერსონალური, კომერციული თუ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი ინფორმაცია ინახება.7-საათიანი გამოკითხვა და მოულოდნელი ბრალდებები შორენა ჯიმშელეიშვილი, რომელიც დღეს სასამართლოში დაობს,
2
პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციის უფროსი იყო. ამ სამსახურში მუშაობა მან 2005 წელს რიგითი ინსპექტორობით დაიწყო და 2015 წელს ადმინისტრაციის უფროსი გახდა, კანცელარიის ზედამხედველობა და 12 თანამშრომლის ხელმძღვანელობა დაევალა. 2018 წლის ბოლოს შორენამ, როგორც თავად ამბობს, დიდი მონდომებით დაიწყო ახალი პროგრამის შესწავლა.“ტრენინგზე აგვიხსნეს, რომ შემეძლო დოკუმენტის შექმნა, რომელსაც გავუგზავნიდი ჩემს ზემდგომს, შემდეგ შემეძლო ჩემი ზემდგომის გვერდზე შესვლა და ნახვა, როგორ გამოჩნდა მასთან ჩემი გაგზავნილი დოკუმენტი, შემდეგ შემეძლო მისი სახელით ვიზის მიცემა და მის ზემდგომთან გაგზავნა და ა.შ. ეს ყველაფერი ხდებოდა სატესტო რეჟიმში, ამისთვის საჭირო იყო პროგრამაში შემეყვანა ნებისმიერი თანამშრომლის (ზემდგომის) სახელი და გვარი, პაროლი ყველასთვის იყო ციფრი 1 და შევიდოდი მის გვერდზე. ამის პრაქტიკული მაგალითიც ტრენინგზე გვაჩვენეს” - იხსენებს შორენა ჯიმშელეიშვილი რადიო თავისუფლებასთან. ერთ დღეს, 2018 წლის ოქტომბერში, ჯიმშელეიშვილმა პროგრამის სატესტო რეჟიმში ვარჯიშის დროს მოამზადა და იუსტიციის მინისტრის სახელზე გაგზავნა პატიმრის წერილი. შემდეგ გადაწყვიტა შეემოწმებინა, სწორად შეასრულა თუ არა ამოცანა და მივიდა თუ არა ადრესატამდე მისი გზავნილი. როგორც ტრენინგზე ასწავლეს, შორენამ სისტემის შესაბამის ველში აკრიფა ზემდგომის - ამ შემთხვევაში, მინისტრის - სახელი, გვარი, შემდეგ პაროლი, ციფრი 1, და მინისტრის ელექტრონულ სისტემაში მის გვერდზე შევიდა.დოკუმენტების მართვის სისტემის ინტერფეისი შორენამ მინისტრის სახელზე თავისი გაგზავნილი წერილი ვერ იპოვა. იფიქრა, რომ არასწორად მოამზადა და ეს ყველაფერი ხელახლა რამდენჯერმე სცადა. იმ დღიდან მოყოლებული, შორენა ჯიმშელეიშვილი პერიოდულად შედიოდა მინისტრის პირად გვერდზე, ტრადიციულად, პაროლი 1- იანით. მინისტრის ფოსტაში რამდენიმე წერილის შაბლონიც მოამზადა - აინტერესებდა, რა ინსტრუმენტებით იყო აღჭურვილი მისთვის ახალი პროგრამა. ამასობაში, 2019 წლის 14 იანვარს, სამინისტროების პროგრამების შერწყმა დასრულდა. მთელი სამსახური, მათ შორის შორენა ჯიმშელეიშვილიც, რეალურ სისტემაში შეუდგა მუშაობას და ჯიმშელეიშვილიც სატესტო რეჟიმის ინსტრუქციის დროს მოქმედი დროებითი პაროლი 1-ით მინისტრის ფოსტაში აღარასოდეს შესულა. 2019 წლის აპრილში შორენა ჯიმშელეიშვილს სამინისტროს მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებმა მიაკითხეს. 7-საათიანი გამოკითხვისას გაიგო, რომ მას მინისტრ თეა წულუკიანის რეალურ ფოსტაში შეღწევაში ედებოდა ბრალი. “ეს იყო შოკი. არ მჯეროდა, ვერ წარმომედგინა, რომ სახელ-გვარის და საყოველთაოდ ცნობილი, ყველა თანამშრომლის საერთო სატესტო პაროლის, 1-იანის, შეყვანით შევდიოდი მინისტრის რეალურ ფოსტაში, სადაც რეალური დოკუმენტები იყო. მართალია, მე იქ შემჩნეული მქონდა დოკუმენტების სიმრავლე, თუმცა ვთვლიდი, რომ, ჩემს მსგავსად, სხვა თანამშრომლების სატესტო ვარჯიშისას მომზადებული დოკუმენტები იყო. მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლები მიყვიროდნენ, მუქარის ტონით მეუბნებოდნენ, მეღიარებინა დანაშაული და პატიება მეთხოვა. მიუხედავად მძიმე ფსიქოლოგიური ზეწოლისა და სტრესისა, ახსნა განმარტებაში მაინც დავაფიქსირე, რომ მინისტრის რეალურ გვერდზე შესვლის არანაირი განზრახვა და მოტივი არ მქონია, დარწმუნებული ვიყავი, რომ სისტემა სატესტო რეჟიმში იყო და მინისტრის გვერდიც არარეალური, ვირტუალური და სავარჯიშოდ იყო შექმნილი. თუმცა ეს არავინ გაითვალისწინა და უმკაცრესად დამსაჯეს”. როგორც ჯიმშელეიშვილი გვიყვება, ვიდრე დასჯიდნენ, 19 აპრილს N 2 დაწესებულების დირექტორმა როინ დეკანოიძემ კაბინეტში დაიბარა და უთხრა, რომ თავად დაეწერა სამსახურიდან წასვლის განცხადება. “მისი თქმით, მე არ მქონდა მორალური უფლება მუშაობა გამეგრძელებინა არა მარტო N2 დაწესებულებაში, საერთოდ, იუსტიციის სისტემაში. რა თქმა უნდა, განცხადება არ დავწერე და შევხვდი ზემდგომს, ავუხსენი მდგომარეობა, მან მითხრა, როგორ მომივიდა აზრად მინისტრის სახელის და გვარის აკრეფა, საერთოდ, რას ვუგზავნით ჩვენ მინისტრს (დაავიწყდა, რომ მინისტრს განცხადებები ეგზავნება ბრალდებულ/მსჯავრდებულებისაგან). მითხრა, რომ თავიდან იფიქრეს, სისხლის სამართლის მუხლით ხომ არ დაეწყოთ ჩემს მიმართ საქმის აღძვრა, მაგრამ ვინაიდან დადგინდა, რომ არ მქონია ცუდი განზრახვა, საქმე დაიწყეს ადმინისტრაციული წესით”, - იხსენებს ჯიმშელეიშვილი.
2
პენიტენციური დაწესებულების მაშინდელი დირექტორი, როინ დეკანოიძე, რადიო თავისუფლებასთან უარყოფს, რომ ჯიმშელეიშვილს სამსახურიდან წასვლას აიძულებდა. სამაგალითო დასჯა მას შემდეგ, რაც შორენამ სამსახურიდან ნებაყოფლობით წასვლაზე უარი თქვა, მონიტორინგის სამსახურის დასკვნა მომზადდა. მრავალგვერდიან დასკვნაში შავით თეთრზე წერია, რომ ოთხი თვის განმავლობაში ჯიმშელეიშვილი მინისტრის სახელ-გვარის და პაროლ 1-იანის გამოყენებით 71-ჯერ უკანონოდ შევიდა მინისტრ წულუკიანის რეალურ, სამსახურებრივ სისტემაში. დასკვნის მიხედვით, შორენა ჯიმშელეიშვილს რამდენიმე სახის (დისციპლინური) დანაშაული ბრალდება. კერძოდ: სამუშაო საათებში მინისტრის სისტემაში შესვლა მიიჩნიეს არასამსახურებრივი მიზნებით ინტერნეტის გამოყენებად, რაც მინისტრის 2017 წლის ივლისის ბრძანებით აკრძალულია და ისჯება; მინისტრის ციფრულ განყოფილებაში შესვლა მიიჩნიეს მისი და სამინისტროს რეპუტაციის შემბღალავ ქმედებად; დაადგინეს, რომ ჯიმშელეიშვილის ეს მოქმედება “სახელს უტეხს სამინისტროს და არყევს მოქალაქეებში სახელმწიფოს მიმართ ნდობას”; ჯიმშელეიშვილის საქციელი “ზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ, უღირსი საქციელია”, რომელმაც საფრთხე შეუქმნა “მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის, იუსტიციის მინისტრის, გვერდზე დაცული კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნებას”, რაც, ასევე, “მოხელისთვის უღირსი და საკუთარი რეპუტაციიის შემლახავი ქმედებაა”. მონიტორინგის სამსახური მიყენებული ზიანის გამოსწორებას შეუძლებლად მიიჩნევს და წერს, რომ აუცილებელია ჯიმშელეიშვილის მკაცრად დასჯა სამსახურიდან გათავისუფლებით. 2019 წლის 15 ივლისს, მონიტორინგის სამსახურის იმავე დღეს გამოცემული დასკვნის საფუძველზე, შორენა ჯიმშელეიშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს. მინისტრის დაცული ფოსტა საერთო პაროლით 1 რამდენად იყო მინისტრის ფოსტა დაცული? ნიშნავს თუ არა პაროლი 1 დაცვას? თანამედროვე მიდგომით, პაროლი უნდა იყოს გრძელი, მინიმუმ 8 და სასურველია 12- სიმბოლოიანი. მასში აუცილებლად უნდა შედიოდეს დიდი და მცირე ასოები, ციფრები და სხვადასხვა სიმბოლოები. აშკარაა, რომ მინისტრის პაროლი ამ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა. როგორ მოახერხა პენიტენციური სამსახურის თანამშრომელმა მინისტრის დაცულ ელექტრონულ სისტემაში შესვლა? მონიტორინგის სამსახურის დასკვნითაც დასტურდება, რომ თეა წულუკიანის ოფიციალური ელექტრონული გვერდის პაროლი მხოლოდ ციფრი 1 იყო, ეს პაროლი ჰქონდა ათეულობით ადამიანს, რომლებიც სასჯელაღსრულების სამინისტროს გაუქმების შემდეგ იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლები გახდნენ. ვის ევალებოდა მინისტრის ფოსტის უსაფრთხოების დაცვა და რატომ ვერ აღმოაჩინეს მასში უცხო პირის შესვლა რამდენიმე თვის განმავლობაში? ამ შეკითხვებზე პასუხი მონიტორინგის სამსახურის დასკვნაში არ წერია, მათ მხოლოდ ჯიმშელეიშვილის ბრალეულობა გამოავლინეს. თუმცა ჩვენ მოვიკვლიეთ დეტალები, რომლებიც სურათს უფრო გასაგებს ხდის. იუსტიციის სამინისტროში შემუშავებული და დამტკიცებულია ელექტრონული მართვის სისტემის (EMშ) მოხმარების ინსტრუქცია. ამ დოკუმენტის მე-7 გვერდზე აღნიშნულია, რომ მომხმარებელი ვალდებულია სტანდარტული პაროლი აუცილებლად შეცვალოს. ამ ინსტრუქციის მიხედვით, მინისტრი წულუკიანი (ანდა მისი ნდობით აღჭურვილი პირი) იყო ვალდებული სტანდარტული პაროლი 1-იანი შეეცვალა, რაც შორენა ჯიმშელეიშვილის მინისტრის გვერდზე შესვლას იმთავითვე გამორიცხავდა. ვის უნდა აღმოეჩინა უცხო პირი მინისტრის სისტემაში? ამ კითხვაზე პასუხამდე მნიშვნელოვანია გავიგოთ, ვინ და როგორ აღმოაჩინა ჯიმშელეიშვილის შესვლა. იმ დოკუმენტებით, რომლებიც რადიო თავისუფლებას აქვს, შორენა ჯიმშელეიშვილი მინისტრის გვერდზე პირველად 2018 წლის 18 ოქტომბერს შევიდა. ამ მომენტიდან ექვსი თვის შემდეგ, 2019 წლის აპრილში, ერთ-ერთი თანამშრომლის ახსნა-განმარტების მიხედვით, მინისტრის ფოსტაში იპოვეს რამდენიმე დოკუმენტი, რომლებიც, მინისტრის განცხადებით, მისი შექმნილი არ იყო. ამის შემდეგ დაიწყეს მოკვლევა და დაადგინეს, რომ ეს დოკუმენტები შექმნილი იყო შორენა ჯიმშელეიშვილის სახელზე რეგისტრირებული სამსახურებრივი კომპიუტერიდან. რომ არა მინისტრის სისტემაში შექმნილი წერილის რამდენიმე სატესტო შაბლონი, ძნელად სავარაუდოა ჯიმშელეიშვილის სისტემაში ყოფნა ვინმეს აღმოეჩინა.ამ მოსაზრებას ამყარებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის, თამუნა ფაჩულიას, მონათხრობი, რომელიც სასამართლოში ჯიმშელეიშვილის ინტერესებს იცავს. ფაჩულიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სასამართლოში წარადგენენ კონკრეტულ მტკიცებულებებს, რომ პაროლ 1-იანის გამოყენებით მინისტრის პირად გვერდზე სატესტო ვარჯიშის დროს სხვა თანამშრომლებიც იყვნენ. უბრალოდ, მათ მინისტრის პირად სისტემაში დოკუმენტი არ შეუქმნიათ და, სავარაუდოდ, მათი დადგენა ამ დრომდე ამიტომ ვერ მოხერხდა. “ჩვენ დავაყენეთ სასამართლოში კონკრეტული მოწმეების დაკითხვის შუამდგომლობა, რაც სასამართლომ დაგვიკმაყოფილა. ჩვენ სასამართლოს დავარწმუნებთ, რომ ჯიმშელეიშვილის გარდა მინისტრის სისტემაში სხვა თანამშრომლებიც იყვნენ, სხვებმაც ჩათვალეს, რომ ეს იყო მინისტრის სატესტო [ წარმოსახვითი, პირობითი] და არა რეალური გვერდი, პაროლ 1-იანის გამოყენებით შედიოდნენ და მას სავარჯიშოდ იყნებდნენ”, გვითხრა საიას იურისტმა თამარ ფაჩულიამ. დამძიმებული ბრალდება მონიტორინგის სამსახურის დასკვნიდან რჩება შთაბეჭდილება, რომ ბრალდებები ხელოვნურადაა დამძიმებული. მაგალითად, დასკვნაში წერია, რომ ჯიმშელეიშვილმა ოთხი თვის განმავლობაში 71-ჯერ შეაღწია მინისტრის ფოსტაში, სინამდვილეში კი სამინისტროს პასუხისმგებელი თანამშრომლის ახსნა-განმარტებით ირკვევა, რომ ჯიმშელეიშვილი სულ ხუთ სხვადასხვა დღეს შევიდა პროგრამაში. უბრალოდ, ამ შესვლებისას, ჯამში, 71 მოქმედება განახორციელა. თანამშრომლის ახსნა-განმარტებაში ისიცაა აღნიშნული, რომ ჯიმშელეიშვილს არაფერი გაუფუჭებია, არაფერი წაუშლია ან გადმოუწერია; წერია, რომ მნიშვნელოვან ინფორმაციას ვერ ნახავდა, მხოლოდ რამდენიმე დოკუმენტს თუ წაიკითხავდა. იუსტიციის სამინისტროს ამ თანამშრომლის ახსნა-განმარტებაში კიდევ ერთი საინტერესო დეტალია, რომელიც მინისტრის სისტემის დაცულობას აღწერს. დოკუმენტში წერია, რომ მინისტრ წულუკიანს შეუძლია პროგრამაში ნებისმიერი ადგილიდან შევიდეს (თანამშრომლების უმრავლესობას მხოლოდ სამსახურებრივი ქსელიდან აქვს წვდომა სისტემაზე). ამიტომაც ძნელია იმის დადგენა, კონკრეტული ქმედება მინისტრმა განახორციელა თუ სხვა პირმა, ვინც უნებართვოდ იყო შესული მის გვერდზე. ამის დასტურად სპეციალისტს მოჰყავს ოთხი დოკუმენტი და აღნიშნავს, რომ მასზე მინისტრის ხელმოწერაა თუ სხვა პირის, გასარკვევია. ვინ იყო პასუხისმგებელი მინისტრის გვერდის უსაფრთხოებაზე, რატომ ჰქონდა მინისტრის დაცულ სისტემას პაროლი 1-იანი, მონიტორინგის სამსახურს დასკვნაში ამ და სხვა კითხვებზე პასუხი არ გაუცია, დამნაშავედ მხოლოდ შორენა ჯიმშელეიშვილი გამოიყვანეს. რადიო თავისუფლებას კომენტარის გაკეთებაზე იუსტიციის სამინისტროდან უარი გვითხრეს. სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში შორენა ჯიმშელეიშვილის სამსახურიდან გათავისუფლებიდან 10 თვე გავიდა. ის საიას დახმარებით სასამართლოში ცდილობს შელახული უფლებების აღდგენას, იმის დამტკიცებას, რომ მისი გათავისუფლების ბრძანება უკანონოა, მონიტორინგის სამსახურის დასკვნა კი დარღვევებითაა მომზადებული. ადვოკატი ამბობს, რომ იმედი აქვს, ჯიმშელეიშვილს სასამართლო სამსახურში აღადგენს და განაცდურ ხელფასსაც აუნაზღაურებს. წულუკიანის მინისტრობის პერიოდში იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურას ათეულობით ყოფილი თანამშრომელი ედავება სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებას, რამდენიმე მათგანმა სამინისტროს სასამართლო დავა უკვე მოუგო და მათ სასარგებლოდ სახელმწიფო უწყებას ათეულობით ათასი ლარის ანაზღაურება დაეკისრა. იუსტიციის სამინისტრომ რადიო თავისუფლებას კომენტარზე უარი უთხრა. წყარო: რადიო თავისუფლება
0