დახურავს თუ არა Zara მაღაზიებს საქართველოში

0
Zara-ს მაღაზიების შემცირებაზე საქრთველოში ჯერჯერობით არ არის საუბარი - ასე გამოეხმაურა მსოფლიოში ZARA-ს მაღაზიების შემცირების შესახებ მისი მფლობელი კომპანია Inditex-ის გადაწყვეტილებას, საქართველოში ფრენჩაის კომპანია „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ ხელმძღვანელი რეზო მაღალაშვილი. როგორც მან BM.GE-სთან საუბრისას განმარტა, Inditex-სგან მათ ამ საკითხზე კომუნიკაცია არ ჰქონიათ და ეს ამბავი პრესიდან გაიგო. „მაღაზიების შემცირებაზე საქრთველოში ჯერჯერობით არ არის საუბარი. გეგმაში არ გვაქვს, თუმცა არავინ იცის, როგორი იქნება COVID-19-ის გავლენა რითეილზე და ამის შესაბამისად ვიმოქმედებთ. ჩვენ ეს ინფორმაცია პრესიდან გავიგეთ, ანუ ოფიციალურად არავის მოუმართავს ჩვენთვის. ზოგადად Inditex-ის ჯგუფს COVID-19-მდეც რაღაც სტრატეგიები ჰქონდა, რომ კონსოლიდირება გაეკეთებინა მსოფლიოში მაღაზიების. დაეხურა ნაკლებად მომგებიანი მაღაზიები და გაეხსნა ახალი უფრო მომგებიანი. ასე რომ გარდა იმისა, რომ ხურავს ამ მაღაზიებს, ასევე ხსნის კიდევაც და ვფიქრობ, ეს არ არის იმის სიგნალი, რომ ცუდადაა საქმე. Inditex-ის მხრიდან ფრენჩაიზ პარტნიორებთან ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა. მათ აქვთ როგორც თავისი მაღაზიები, ასევე პარტნიორული ქსელები, ჩვენ მსგავს კომპანიებთან“, - განმარტა რეზო მაღალაშვილმა. Inditex-ის პარტნიორი ფრენცაიზ კომპანია „რითეილ გრუპ ჯორჯია“ საქართველოში Zara-ს, Bershka-ს, Pull & Bear-ს, Massimo Dutti-ს და სხვა ბრენდების 60 მაღაზიას მართავს. რეზო მაღალაშვილი ამბობს, რომ თბილისში Zara-ს 4 მაღაზია ფუნქციონირებს და მაღაზიის დამატება არ იგეგმება. „Zara-ს 4 მაღაზია გვაქვს. ამ მიმართულებით მაღაზიების გახსნა თბილისში აღარ იგეგმება. აქ რესურსი ამოწურულია. უფრო რეგიონებზე ვფიქრობდით, თუმცა ვფრთხილობდით, რომელი ბრენდით შევსულიყავით. Zara-ს ბრენდის მაღაზია არ მოიაზრებოდა“, - აღნიშნა „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ ხელმძღვანელმა.
0