ღალატის დაუწერელი ანთოლოგია - ვის სდებს ბრალს როინ ჯანაშია ?

0
გაზეთ , , ქრონიკა+“ გამოქვეყნდა სოხუმის 23-ე ბრიგადის მეთაურის მოადგილის როინ ჯანაშიას ინტერვიუ, სადაც ის ბრალს სდებს კოდორის ხეობის ყოფილ რწმუნებულს და ამჟამად , , პატრიოტთა ალიანსში“ გაწევრიანებულ ემზარ კვიციანს 1993 წლის სექტემბერში სოხუმზე დაწყებული შეტევის დროს მისთვის მიბარებული დიდძალი ტყვია-წამლის დაუბრუნებლობაში. ორივეს კარგად ვიცნობ, პირადად და საქმეებითაც. პირველის მჯერა, მეორის-არა. ბ-ნ როინის ბრალდებები საკმარისად დამაჯერებელი და დასაბუთებულია არა მარტო ინტერვიუს ტექსტით, არამედ ავტორის რეპუტაციითა და ავტორიტეტით, რასაც ვერ ვიტყვი მის ოპონენტზე. მეტად არასერიოზულია კვიციანის მტკიცება, რომ მისი დეზერტირობა ომის დროს იარაღის უქონლობით იყო განპირობებული, ან კიდევ რვა მანქანის ეპიზოდი, რომელიც თითქოს დატვირთული გამოაგზავნა სოხუმში და ერთი მძღოლის ვინაობასაც ხეირიანად ვერ იხსენებს. თუმცა, ასეთ ტრანსპორტირებას არათუ მძღოლი, როგორც წესი, გამყოლი შეიარაღებული რაზმიც სჭირდება, რომელიც მას, როგორც თვითონ ამბობს, არ ჰყავდა. თანაც, თუ მან ეს ტყვია-წამალი დააბრუნა, კარგად უნდა ახსოვდეს, ვინ მოიკითხა ტვირთი, ვის გაატანა და ვისთან. სამწუხაროდ, მისი პასუხი ასეთ ინფორმაციას არ შეიცავს. ამას აუცილებლად იტყოდა, მისხალი სიმართლე რომ იყოს მის ნაამბობში. ძალიან გულუბრყვილო უნდა იყოს კაცი დაიჯეროს, რომ კვიციანმა ეს მხოლოდ საკუთარი ინიციატივით გააკეთა. ამდენს ვერ გაბედავდა. ვფიქრობ, მან ბრძანება მიიღო, რუსების, შევარდნაძის ან ორივესგან ერთად. მან იცოდა ის, რაც სხვამ არ იცოდა, სოხუმი განწირული იყო ჩასაბარებლად. მან იცოდა როგორ უნდა ემოქმედა მაშინ და რა ექნა შემდეგ. დუმილისა და დავალების შესრულებისათვის ის ხეობის გუბერნატორი გახადეს და დიდხანს არხეინად გრძნობდა მანდ თავს. ხოლო ვინც რაიმე იცოდა და გაეწინააღმდეგა, სიცოცხლეს გამოასალმეს, მათ შორის 23-ე ბრიგადის მეთაური გენო ადამია. ვვარაუდობ, ჟიული შარტავაცა და გურამ გაბისკირიაც. მე და ჩემი მეგობრები იმ დროიდან დღემდე სულ ამას გავიძახით: შევარდნაძემ ჩააბარა სოხუმი და აფხაზეთი, რაზეც ფაქტების ლოგიკა უტყუარად მეტყველებს: 27 ივლისის ხელშეკრულებით საკუთარი ჯარის განიარაღება: საბრძოლო ტექნიკისა და არტილერიის ფოთში გატანა მაშინ, როდესაც მოწინააღმდეგე არ განიარაღებულა, მოსახლეობის სოხუმში ჩამოყვანა და 1 სექტემბერს სწავლის დაწყება, თუმცა სხვაგან ის გაცილებით გვიან დაიწყო, და ბევრი სხვა რამ. ამას წინათ სოხუმელმა ექიმმა გიგა თოლორდავამ მემუარები გამოაქვეყნა. ბ-ნი გიგა ჩინებული ექიმი და მოქალაქეა. დღეს ის ლატვიაში მოღვაწეობს. რამდენიმე დღის წინ ჩვენთან იყო სტუმრად და თავისი წიგნი , , აფხაზეთიდან დევნილი ექიმის მოგონებები“ მისახსოვრა. ერთი ადგილი მინდა მოვიყვანო მისი მოგონებებიდან, რომელიც დღეს სამწუხაროდ მხოლოდ წყაროა ისტორიკოსებისათვის. 1993 წლის 26 აგვისტოს, სოხუმის დაცემადე ერთი თვით ადრე, ბ-ნ გიგასთვის უთხოვიათ გენო ადამიასთან მისვლა, რომელსაც წინა ღამეს გულის შეტევა მოსვლია. სხვადასხვა თემაზე უსაუბრიათ ექიმსა და საწვეთურის ქვეშ მყოფ ბრიგადის მეთაურს. ისინი ნათესავებიც იყვნენ. საუბრისას ბ-ნ გენოს უთქვამს ისეთი რამ, რისგანაც თმები ყალყზე დაგიდგებათ, რასაც ჩვენ მხოლოდ ვვარაუდობდით, მაგრამ რაიმე პირდაპირი მტკიცებულება აქამდე არ გვქონია. აი რას წერს გიგა თოლორდავა: , , ...შევეხეთ ჰოსპიტალში მუშაობას, დაჭრილების მდგომარეობას და მათი კვების და ასევე სხვადასხვა საკითხებს. მერე კი მითხრა:, , გუშინ დიდი ნერვიულობა გადავიტანე, მქონდა საუბარი ედუარდ შევარდნაძესთან, რომელმაც მითხრა: , , გენო, სოხუმი დასატოვებელია, აფხაზეთი ჩასაბარებელია! მე წინააღმდეგობა გავუწიე და ამის ნიადაგზე გვქონდა კამათი, რამაც ჩემს ჯანმრთელობაზე იმოქმედა. ახლა თუ გულის შეტევით არ მოვკვდი. . .სოხუმიდან გაქცეულს ვერავინ მნახავს.. ეს მეომარი ბიჭები, რომლებიც იბრძვიან, მე გამომყვნენ, გენო ბიძიას, საქართველოს ერთიანობის დასაცავად და მე მათ ვერ ვუღალატებ“. მე ვუსმენდი და ვიყავი ჩაფიქრებული ამ სიტუაციით. მერე კი გენოს ვუთხარი, ეს თქვენი კამათი არ მომეწონა და თავს გაუფრთხილდი“. ეს ამბავი და კვიციანის ისტორია ალბათ ურთიერთკავშირშია. სოხუმიდან ჩვენს ამოსაძირკვად, აფხაზეთში ქართველების სისხლის კალოს გასალეწად, როგორც ჩანს, მხოლოდ მძიმე ტექნიკის და არტილერიის ჩვენთვის წართმევა არ იყო საკმარისი. ქალაქი 14 დღე იცავდა თავს და მიუხედავად ყველაფრისა, მტერს ძალიან გაუჭირდებოდა მისი აღება, რომ არა დაზავების დროს ჩამოყვანილი ქალების, ბავშვების და მოხუცების გახიზვნაზე ზრუნვით გამოწვეული ქაოსი; რომ არა ტყვია-წამლის უქონლობა; რომ არა შენაერთებისათვის გაცემული ბრძანება სოხუმის დატოვების შესახებ; რომ არა შევარდნაძის იქ ყოფნა საერთოდ. ბრძანებამ გამახსენა შევარდნაძისა და გენო ადამიას მოკლე საუბარი, რომელსაც 26 სექტემბერს პირადად შევესწარი სინოპის შტაბთან. შევარდნაძე შტაბში შედიოდა, მას გაცეცხლებული ეწეოდა მეთაური და ყვიროდა: , , ბატონო ედუარდ, ბატონო ედუარდ, я это так не оставлю, на меня хотят все сплавить“ (მე ამას ასე არ დავტოვებ, ჩემზე სურთ ყველაფერი ჩამოწერონ). , , შენ რა შუაში ხარ გენო, ვეკუაზე ამბობენ“, - აწყნარებდა შევარდნაძე, როდესაც ადამია მას წამოეწია. ისინი შტაბში ერთად შევიდნენ. როგორც მითხრეს, ბ-ნი გენო არ დამშვიდებულა, მოურიდებლად დედის გინებით მთავარსარდლისთვის პირში მიუხლია: შენი ბრალია ეს ყველაფერიო. ამ დიალოგის შინაარსს გენო ადამიას სიკვდილის შეტყობისა და სოხუმის დაცემისთანავე მივხვდი. ქალაქის დატოვების ბრძანებაზე იყო საუბარი. მასში ნახსენები პირი კი მე-3 ბატალიონის მეთაური გია ვეკუა იყო. მისი ბატალიონი სოხუმის ანძას იცავდა. არავითარი კავშირი მას ამ ბრძანებასთან არ ჰქონდა და არც შეიძლება ჰქონოდა. უბრალოდ, შევარდნაძე გამძვინვარებული გენო ადამიას დასამშვიდებლად თავს ისულელებდა. ბრძანება სწორედ მან გასცა, ბ-ნმა გენომ ესეც იცოდა და მისი ბედი, ალბათ, ზემოთ ნახსენებმა ორმა ფაქტმა გადაწყვიტა. არ ვიცი ემზარ კვიციანს სრულად გაცნობიერებული აქვს თუ არა მისი საქციელი დღემდე, მაგრამ მაშინაც ძნელად მისახვედრი არ უნდა ყოფილიყო თუნდაც მისთვის, რომ ალმოდებული ქალაქის დამცველებისათვის ტყვია-წამლის მიუწოდებლობა მეომრების გაწირვა და სამშობლოს ღალატია ისევე, როგორც მათი ფიზიკური დაუხმარებლობა. აქ ბავშვური თავისმართლება არაფრის მომცემია, სჯობდა საერთოდ არ ამოეღო ხმა. ჩემდაუნებურად, იმ ავადმოსაგონარ 27 სექტემბერს, დილით კიდევ ერთ საბედისწერო საუბარს შევესწარი ე.წ. სტალინის აგარაკზე, მინისტრთა საბჭოს შენობიდან უკვე სამშვიდობოს გამოსულ ჟიული შარტავასა და შევარდნაძეს შორის. ამ უკანასკნელმა შარტავას უკან დაბრუნება უბრძანა და, როგორც აღმოჩნდა, ხაფანგში შეიტყუა . . . მაგრამ ამ ამბის შესახებ - შემდგომ, ღალატის დაუწერელი ანთოლოგიისათვის, რომელშიც კვიციანი თარხან-მოურავთან, ინაშვილთან, კუკავასთან, აფხაზეთის დამოუკიდებლობის მოტრფიალე ცნობილ კრემლოიდ არეშიძესა და , , პატრიოტ-შულავერელების“ სხვა შავრაზმელებთან ერთად ახალ ფურცლებს ავსებს. მალხაზ პატარაია მოძრაობა , , დაბრუნების“ თავმჯდომარე. წყარო: NEWPOSTS.GE
#სოხუმი
#აფხაზეთი
#ომი
#პოლიტიკა
#SOKHUMIDAILY
0