საქართველო და რეგიონი: საგარეო ვაჭრობის დინამიკა

0
• იანვარ-აპრილში ექსპორტი 11.6%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი კი - 11.8%-ით. აღნიშნულ პერიოდში, შემცირება ავტომობილების რეექსპორტს და ნედლეულს უკავშირდება. • ექსპორტის შემცირება რეგიონის ქვეყნებს უკავშირდება, სადაც იანვარ-აპრილში 23.5%-იანი კლებაა. • რეგიონის სავაჭრო პარტნიორებთან იანვარ-აპრილში ექსპორტი (გარდა აზერბაიჯანი და ბულგარეთი) საშუალოდ 45%-ით შემცირდა. • რეგიონის სავაჭრო პარტნიორებთან აპრილის თვეში ექსპორტის შემცირება 43.2%-იანი მაჩვენებლით იყო, ხოლო მთლიანი 27.4%-ით შემცირდა. საგარეო ვაჭრობის როლი საქართველოს ეკონომიკური ზრდის კომპონენტში საგარეო ვაჭრობას - წმინდა ექსპორტს განსაკუთრებული როლი გააჩნია, რასაც ბოლო წლების ზრდის მოდელში ამ უკანასკნელის წვლილი მეტყველებს. ეს კი ღია ეკონომიკისთვის დამახასიათებელი რამაა. კერძოდ, 2019 წლის საქართველოს ეკონომიკა 5.1%-ით გაიზარდა, სადაც 1.4 პ.პ. წმინდა ექსპორტის კონტრიბუციაა. აქედან გამომდინარე, არსებითად, ეკონომიკური ზრდა სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში არსებულ მდგომარეობასთან მჭიდროდაა დაკავშირებული. თუ სავაჭრო პარტნიორებში ადგილობრივი მოხმარება იზრდება და ეროვნული ვალუტა მყარდება, ეს საქართველოს ექსპორტის ზრდაზე დადებითად აისახება. თავის მხრივ, საქართველო ძირითადი სავაჭრო პარტნიორები კი ევროპისა და ცენტრალური აზიის მაღალი შემოსავლის არმქონე ქვეყნების ჯგუფში შემავალი ეკონომიკებია. მათ რიგებში კი საერთო საზღვრის მქონე ქვეყნებიცაა, რომლებთანაც საქართველოს ყველაზე მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობა გააჩნია. ამ ქვეყნების ეკონომიკის დიდი ნაწილი კი გაზისა და ნავთობის ინდუსტრიას უჭირავს. შესაბამისად, ნავთობპროდუქტებზე ფასების ცვლილებას რეგიონის ეკონომიკურ მდგომარეობაზე მნიშვნელოვანი გავლენა გააჩნია. 2020 წლის I კვარტალში ნავთობის ფასების მყისიერმა ვარდნამ საქართველოს ექსპორტის ზრდის ტემპზე უარყოფითი მოლოდინები შექმნაა, რასაც მალევე ახალი კორონავირუსის (SARS-CoV-2) პანდემია და მთავრობების მიერ დაწესებული შეზღუდვები დაემატა. ამან კი გლობალური ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია. კერძოდ, 2020 წლისთვის განვითარებული ეკონომიკების 6.1%-იანი და განვითარებადის 1.0%-იანი კლებაა პროგნოზირებული. მათ შორის, ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონის ეკონომიკა 3.5%-ით შემცირდება, რაც 2020 წლამდე 4.4%-იანი ზრდით იყო პროგნოზირებული. მიუხედვად განვითარებული მოვლენებისა, ქვეყნებს შორის ეკონომიკური ტრანზაქციები - სავაჭრო ურთიერთობები არ შეჩერებულა. ცხადია, შემცირებული მოცულობით, მაგრამ ეკონომიკებს შორის საქონლის და მომსახურების გაცვლა მიმდინარეობს. სწორედ ასეთ არაორდინალურ მდგომარეობის პირობებში, საინტერესოა განვიხილოთ საქართველოს სავაჭრო დინამიკა ეკონომიკური რეგიონის წევრ სავაჭრო პარტნიორებთან. რეგიონის სავაჭრო პარტნიორები და მათი პარტნიორები ექსპორტის მიხედვით, რეგიონის ქვეყნებიდან საქართველოს ათი ძირითადი სავაჭრო პარტნიორის წილი მთლიან ექსპორტში 67.6%-ია, ხოლო ამ ქვეყნებიდან იმპორტი კი - 46.49%. მათგან საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი აზერბაიჯანია, სადაც ექსპორტირებული საქონელი და მომსახურება მთლიანი ექსპორტის 13.3%-ია. მეორე კი რუსეთია, რომლის წილი 13.2%-იან ნიშნულს იკავებს, ხოლო მესამე ადგილზე მყოფი სომხეთის წილი კი - 10.9%-ს. აღნიშნული სამ ქვეყანაში ექსპორტირებული საქონელი და მომსახურება მთლიანი ექსპორტის 1/3-ს აღემატება. იმპორტის კუთხით, ნომერ პირველი პარტნიორი ქვეყანა თურქეთია. თურქეთიდან იმპორტირებული საქონელი და მომსახურება მთლიანი იმპორტის 17.8%-ია, ხოლო რუსეთიდან კი - 10.8%. უფრო ნაკლები, 6.1%-იანი წილი უჭირავს აზერბაიჯანიდან საქონელი და მომსახურების იმპორტს. ამდენად, საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორები უშუალო მეზობლები და მათი პარტნიორი რეგიონის ეკონომიკებია. შესაბამისად, რეგიონში არსებული მდგომარეობას ეკონომიკურ აქტივობაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა გააჩნია. თავის მხრივ, აზერბაიჯანი, რომელიც საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია, ყველაზე მეტის ექსპორტირებას იტალიაში ახორცილებს, რაც ამ უკანასკნელის მიერ აზერბაიჯანული ნავთობის იმპორტითაა განპირობებული. საერთო ჯამში, აზერბაიჯანიდან იტალიაში ექსპორტირებული საქონელი და მომსახურება მთლიანი ექსპორტის 30.2% შეადგენს, რომლის ძირითადი ნაწილი ნედლი ნავთობია. აზერბაიჯანის საექსპორტო კალათაში მეორე-მესამე ადგილს თურქეთი და ისრაელი იკავებენ, რომელთა წილი 9.4% და 6.7%-ია. გარდა იტალიისა, აზერბაიჯანი ნავთობის ექსპორტს ევროკავშირის სხვა ქვეყნებშიც ახორცილებს. მათ შორის, გერმანია და ჩეხეთი, რომელთა წილი მთლიან ექსპორტში 4.0% და 4.8%-ს იკავებს. საქართველოს ნომერ მეორე სავაჭრო პარტნიორი - რუსეთის ძირითადი საექსპორტო ქვეყნების კი ჩინეთი (13.4%), ჰოლანდია (10.6%), გერმანია (6.6%) და თურქეთია (5.0%). ამ უკანასკნელის ძირითადი საექსპორტო საქონელი კი ნავთობი, გაზი და ხორბალია. აქედან დაახლოებით მთლიანი ექსპორტის 55.3% ნავთობისა და გაზის წილია. მიმდინარე წელს აღნიშნული საქონელზე ფასების მკვეთრმა ვარდნამ ორივე სავაჭრო პარტნიორის - რუსეთის და აზერბაიჯანის მიერ საგარეო მოთხოვნის ფორმირებაზე უარყოფით გავლენა იქონია, რადგან მათი ადგილობრივი მოხმარების ძირითადი დაფინანსების წყარო სწორედ ამ ინდუსტრიიდან მიღებული შემოსავლებია. საქართველოს მესამე სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის - სომხეთის ძირითად საექსპორტო ქვეყნები კი - რუსეთი (27.2%), შვეიცარია (17.5%), ბულგარეთი (7.9%), ჩინეთი (7.4%) და ერაყია (6.8%). აღნიშნულ ქვეყნებში, სომხეთი ძირითადად სპილენძის, ფეროშენადნობებს და ოქროს ექსპორტს ახორცილებს, რომელითა წილი სომხეთის მთლიან ექსპორტის 43.3%-ს იკავებს. სომხეთის საექსპორტო კალათაში, გარდა მეტალებისა, გახვეული სიგარეტისა და სპირტიან სასმელების ექსპორტს 16.2%-იანი წილი უჭირავს. რეგიონის ქვეყნებიდან უკრაინა საქართველოს რიგით მეხუთე საექსპორტო ქვეყანაა, რომელსაც მთლიან ექსპორტში 6.5%-იანი წილი უჭირავს. თავის მხრივ, უკრაინის სავაჭრო პარტნიორები (ექსპორტის მიხედვით) რუსეთი (7.7%), პოლონეთი (6.9%), იტალია (5.6%), თურქეთი (5.0%), გერმანია (4.7%), ჩინეთი (4.6%) და ინდოეთია (4.6%). უკრაინის ექსპორტში ქვეყნების წილის განაწილება მიუთითებს, რომ უკრაინას რეგიონში ყველაზე მეტად დივერსიფიცირებული საექსპორტო კალათა გააჩნია, რადგან საექსპორტო ქვეყნების პირველი სამეულის წილი 20.2%-ია, ხოლო პირველი ათეულის კი - 49.3%. გარდა უკრაინისა, დივერსიფიცირებული საგარეო ვაჭრობა აქვს თურქეთს, რომლის მთლიანი ექსპორტის 47.6% პირველ ათეულს, ხოლო 20.7% კი პირველ სამეულს უჭირავს. ამ მხრივ, საქართველოს ექსპორტი ნაკლებად დივერსიფიცირებულია. მთლიანი ექსპორტის 36.3% პირველ სამეულ უჭირავს, ხოლო პირველი ათეულის წილი კი - 71.9%-ია. თუმცა, საქართველოზე ნაკლებად დივერსიფიცირებულია სომხეთის და აზერბაიჯანის ექსპორტი. კერძოდ, სომხეთის ექსპორტის 52.6% პირველი სამ სავაჭრო პარტნიორის წილია, ხოლო აზერბაიჯანის შემთხვევაში ეს ნიშნული 46.3%-ს იკავებს. საერთო ჯამში, რეგიონის ქვეყნებიდან საქართველოს სავაჭრო პარტნიორების საექსპორტო ნაწილი შედარებით ნაკლებად დივერსიფიცირებულია. განსაკუთრებით ასეთი ქვეყნები კი - ყირგიზეთ, ყაზახეთი და უზბეკეთია, სადაც მთლიან ექსპორტში პირველი ხუთეულის წილი ½ -ს აღემატება. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რეგიონის მსხვილი ეკონომიკები ნავთობის წმინდა ექსპორტიორებია, რომელებსაც მთლინად რეგიონის ეკონომიკურ მდგომარეობაზე მნიშვნელოვანი გავლენა გააჩნიათ, რადგან რეგიონის ქვეყნებს ერთმანეთთან მჭიდროს სავაჭრო ურთიერთობები აქვთ. ეკონომიკური ზრდა და ნავთობის ფასი სანამ მიმდინარე პერიოდის საერთაშორისო ვაჭრობის ტენდენციებს მიმოვიხილავთ, მანამდე ვნახოთ ნავთობის ფასსა და ექსპორტს შორის არსებული დამოკიდებულება. ამ უკანასკნელის ფასები კლება კი მარტის პირველივე რიცხვებიდან დაიწყო, რომლის მიზეზი რუსეთისა და საუდის არაბეთის მიერ შექმნილი ალიანსის ჩამოშლა აღმოჩნდა. აღნიშნულმა ნავთობის მოპოვება (მიწოდება) ზრდა, ხოლო პანდემიამ კი მოთხოვნის შემცირება გამოიწვია. შედეგად, ნავთობის ფასი ბოლო ათწლეულების მანძილზე ისტორიულად დაბალ ნიშნულებს იკავებს. მიმოხილვის შეჯამება საქართველოს ეკონომიკურ ზრდის ერთ-ერთი მამოძრავებელი ფაქტორი წმინდა ექსპორტია. თავის მხრივ, საქართველოს ექსპორტი ნაკლებად დივერსიფიცირებულია და მისი ძირითადი ნაწილი ევროპისა და ცენტრალური აზიის მაღალი შემოსავლის არმქონე რეგიონის ქვეყნებია. აღნიშნული ქვეყნებიდან კი საქართველოს ძირითადი საექსპორტო ქვეყანა აზერბაიჯანი და რუსეთია, რომლებიც ნავთობპროდუქტების წმინდა ექსპორტიორები არიან და მათი ეკონომიკის დიდ ნაწილის სწორედ ეს ინდუსტრია იკავებს. ამდენად, მიმდინარე წელს ახალი კორონავირუსის ეპიდემიის გამო შეჩერებული ეკონომიკური აქტივობის გარდა, საქართველოს საგარეო ვაჭრობაზე ნავთობის ფასების შემცირებამაც უარყოფითი გავლენა იქონია. საერთო ჯამში, მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს ექსპორტი 11.6%-ით შემცირდა. კერძოდ, რეგიონის ათ ძირითად სავაჭრო პარტნიორთან კი 23.5%-იანი კლებაა. აპრილში კი, წინა თვესთან შედარებით, მთლიანი ექსპორტი 11.4%-ით, ხოლო რეგიონთან კი 16.6%-ით შემცირდა. ექსპორტის შემცირებასთან ერთად, იმპორტიც შემცირებულია, რამაც 11.8%-იანი კლება შეადგინა. შედეგად, სავაჭრო დეფიციტი შემცირდა. მეორე მხრივ, მიმდინარე წელს რეგიონის ქვეყნების საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად შემცირებულია, რაც მომდევნო თვეებშიც მოსალოდნელია. შედეგად, რეგიონში საკმაოდ რთული ეკონომიკური მდგომარეობა შეიქმნა.
0