სტალინის და ტროცკის დაპირისპირება

0
1932 წელს მოსკოვში, იოსებ სტალინის დაუძინებელი მტრის - ლევ ტროცკის ბინაში "მოულოდნელად" ხანძარი გაჩნდა და ყველაფერი განადგურდა. იმხანად ლევ ტროცკი უკვე საზღვარგარეთ იყო გაქცეული, მაგრამ სტალინის წინააღმდეგ იქიდანაც ინტრიგებს ხლართავდა. დიდი დიქტატორი, ჩვეულებისამებრ, ძალზე შეუბრალებლად ექცეოდა მტრებს და ბუნებრივია, არც ტროცკის მიმართ გამოიჩენდა ლმობიერებას - მით უმეტეს, რომ მასთან პირადი საქმეების გამოც გართულებული ურთიერთობა ჰქონდა და დანდობაზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო. საბჭოთა ოფიციოზმა მთელი მსოფლიოს გასაგონად განაცხადა, რომ ტროცკის საცხოვრებელ სახლს ცეცხლი სრულიად შემთხვევით გაუჩნდა - დარაჯს, რომელსაც გათბობის რეგულირებაც ევალებოდა, საქვაბეში შესვლა გადაავიწყდა, ჩაეძინა და გახურებული საქვაბის აფეთქებამ ცეცხლი გააჩინა. სინამდვილეში ეს ყველაფერი საბჭოთა კავშირის შინსახკომის მიერ იყო მოწყობილი, მაგრამ ამას ვერავინ იტყოდა - დარაჯი ხანძარს ემსხვერპლა, სხვა მოწმე კი არ არსებობდა. ლევ ტროცკიმ, რომელიც მაშინ თურქეთში იმყოფებოდა, კარგად იცოდა, რომ იოსებ სტალინს, რომ იტყვიან, "გრძელი ხელები ჰქონდა" და სტამბოლში სულაც არ გაუჭირდებოდა მტრის გაქრობა. ამიტომაც, როგორც კი მოსკოვური სახლის დაწვის შესახებ შეიტყო, თავშესაფარი ოფიციალურად საფრანგეთს სთხოვა - იგი სასტუმრო "ორიანტიდანაც" (დღევანდელი სასტუმრო "თაქსიმი" სტამბოლში), მალე საცხოვრებლად საფრანგეთის საელჩოში გადავიდა. საფრანგეთის ელჩს თურქეთში ლევ ტროცკისთვის საცხოვრებლის გამოყოფაზე უარი არ უთქვამს; პარიზმა კი სტალინის დაუძინებელი მტერი კარგა ხანს ალოდინა - ლევ ტროცკის თავშესაფარი მაშინღა აღირსეს, როდესაც 1936 წელს ესპანეთში სამოქალაქო ომი დაიწყო და საბჭოთა კავშირმა აშკარად დაუჭირა მხარი ესპანეთის კომუნისტურ პარტიას. ესპანეთში მის გარდა არსებობდა ასევე "მარქსისტული ერთიანობის მუშურ-გლეხური პარტია" ანუ "პოუმ", რომელიც ტროცკის იდეებს იზიარებდა. პარიზში დაფუძნებული ტროცკი, ვისაც საფრანგეთის მთავრობა პოლიტიკურ აქტიურობას არც კი უკრძალავდა, ესპანეთის ამბებში თხემით ტერფამდე ჩაეფლო - ის "პოუმ"-სა და ანარქისტებს დაუკავშირდა და ესპანელი კომუნისტების წინააღმდეგ ბრძოლას შეუდგა. პარალელურად, რაღა თქმა უნდა, მონარქისტებსაც უპირისპირდებოდა. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ლევ ტროცკის 1932 წელსვე ჩამოართვეს საბჭოთა კავშირის მოქალაქეობა და დაუსწრებლად მიუსაჯეს დახვრეტა. კრემლის მესვეურები არ ახმაურებდნენ იმ ფაქტს, რომ სტალინის მეუღლე - ნადეჟდა ალილუევა ტროცკის დავალებით იყო მოწამლული. ამას ემატებოდა ისიც, რომ ფრანგულ პრესაში (მაშინ ფრანგული პრესის პრესტიჟი წარმოუდგენლად მაღალი იყო) ხშირად ქვეყნდებოდა წერილები სტალინის პიროვნების შესახებ და დიდი დიქტატორი მათი წაკითხვის შემდეგ გიჟს ჰგავდა - დეტალები, რომლებზეც იქ ეწერა, მართლაც, სინამდვილეს შეესაბამებოდა; არადა, მათ შესახებ მხოლოდ სტალინის ოჯახის ახლობლებს უნდა სცოდნოდათ. 1937 წელს, ესპანეთში სამოქალაქო ომი რესპუბლიკელთა სასტიკი დამარცხებით დასრულდა. ამას წინ უძღოდა ერთი მეტად შთამბეჭდავი ტერაქტი, რომელიც იმავე წლის დასაწყისში, ბარსელონაში (ეს ქალაქი რესპუბლიკელების ძირითად საყრდენ ბაზას წარმოადგენდა) ესპანეთის კომუნისტური პარტიის ტერორისტებმა მოკლეს ტროცკის მომხრე "პოუმ"-ის ლიდერი ანდრეუ რინი. ამან კი დიდი არეულობა შეიტანა რესპუბლიკელთა რიგებში - კომუნისტურ პარტიას "პოუმ"-ისა და ანარქისტული პარტიის წევრები დაუპირისპირდნენ. ფრანსისკო ფრანკო ბაამონდემ კი, რომელიც იმ დროს ანტირესპუბლიკურ ფრონტს ხელმძღვანელობდა, დრო იხელთა და უეცარი შეტევებით მოსპო რესპუბლიკელთა არმია; მერე ბარსელონაც აიღო და ყველაფერი მოაგვარა. ესპანელ რესპუბლიკელთა დამარცხება სტალინმა და ტროცკიმ საერთაშორისო ასპარეზზე ერთმანეთს გადააბრალეს - დიდი დიქტატორი კრახმა იმ დონეზე კი გააცოფა, რომ ტროცკის პოლემიკაში აჰყვა; არადა, მანამდე ეს არასოდეს უქნია. მან "პრავდაში" სტატიების მთელი სერია გამოაქვეყნა საერთო სათაურით - "მსოფლიო პროლეტარიატის ნომერი პირველი მტერი"; ტროცკიმ კი, ტრადიციულად, ფრანგული პრესის ფურცლებიდან გასცა არანაკლებ მწვავე პასუხი, თანაც საჯაროდ განაცხადა, რომ იწყებდა მუშაობას დიდტანიან ბიოგრაფიულ ნაშრომზე - "სტალინი". რამდენადაც სტალინ-ტროცკის დაპირისპირებამ უკვე საერთაშორისო ასპარეზზე გადაინაცვლა, პარიზმა ტროცკის თავშესაფრის ქონის უფლება შეუწყვიტა და მალე ქვეყნის დატოვებაც მოსთხოვა. რა თქმა უნდა, საფრანგეთის მესვეურები სტალინის გაღიზიანებას ერიდებოდნენ - მით უმეტეს, რომ უკვე 1937 წელი იდგა და დიდი დიქტატორი მტრების მუსვრით იყო დაკავებული. სწორედ მაშინ თქვა ტროცკიმ: "მე მტრების არ მეშინია, მაგრამ უნდა გავერიდო მათ, რადგან გრძელი ხელები აქვთ". 1937 წელსვე, IV ინტერნაციონალის (რომელიც მაშინ აშშ-ში იყო ბაზირებული) არაოფიციალური მიწვევით, ლევ ტროცკი მექსიკაში ჩავიდა. იმხანად მექსიკას საბჭოთა კავშირთან დიპლომატიური ურთიერთობა არ ჰქონდა და საბჭოთა დაზვერვასაც იქ ხელი არ მიუწვდებოდა - ყოველ შემთხვევაში, ასე ეგონათ თავად ლევ ტროცკისა და მის თანამოაზრეებს, IV ინტერნაციონალიდან. მექსიკის ხელისუფლებაზე სტალინი მართლა ვერ მოახდენდა გავლენას, თუმცა ლევ ტროცკის ფინანსური მდგომარეობა ნამდვილად აღარ იყო ისეთი, რომ ოკეანის გაღმიდან სტალინისთვის რაიმე დაეკლო - ჯერ კიდევ 1936 წელს, პარიზში ყოფნისას, ტროცკი იძულებული გახდა, თავისი არქივის ნაწილი ამსტერდამის თანამედროვე ისტორიის ინსტიტუტის ადგილობრივი ფილიალისათვის მიეყიდა; აღებული ფულით კი ვალები გადაიხადა. ასე რომ, მექსიკაში ჩამოსვლისას, ლევ ტროცკის ჯიბეში გროშიც არ უჭყაოდა და იძულებული გახდა, პოლიტიკური მოღვაწეობა დროებით შეეწყვიტა - მან მეხიკოს გარეუბან კოიოაკანში კურდღლების ფერმა აიღო გირაოდ და ფერმერობას შეუდგა. მიუხედავად იმისა, რომ მექსიკაში მყოფი ტროცკი აღარ აქტიურობდა, კრემლში სტალინი მაინც შეშფოთებული იყო და თავისი დაუძინებელი მტრის ლიკვიდაციაზე უფრო ხშირად ფიქრობდა. დიდმა დიქტატორმა იცოდა, რომ ტროცკი არ გაჩერდებოდა; არადა, სტალინს ევროპის "გაწითლება" ეწადა და თუ მტერს თავიდან არ მოიშორებდა, ჩანაფიქრს ვერ აასრულებდა - ევროპელ მემარცხენეთა შორის ხომ ტროცკის ძალიან ბევრი მომხრე ჰყავდა და მათ ხალხის დარაზმვა შეეძლოთ. 1940 წლის თებერვალში, იოსებ სტალინმა საბოლოოდ გადაწყვიტა, ტროცკისთვის ბოლო მოეღო. მაშინ საბჭოთა კავშირი ფინეთთან ომს აწარმოებდა და ერთი შეხედვით, ამის დრო არ იყო, მაგრამ დიდი დიქტატორი მაინც მიიჩნევდა, რომ ომის მიუხედავად, ტროცკის ლიკვიდაცია აუცილებელი იყო. აქვე იმასაც დავძენთ, რომ დასავლეთელი ისტორიკოსები ლევ ტროცკის მკვლელობაზე საუბრისას, ყოველთვის მიუთითებენ, რომ სტალინი მაშინ II მსოფლიო ომის წამოწყებას გეგმავდა და კატეგორიულად არ სურდა, რომ იმ მომენტისთვის ტროცკი ცოცხალი ყოფილიყო. ეს თვალსაზრისი მართლაც შეეფერება სიმართლეს, რადგანაც სწორედ ტროცკის მკვლელობიდან ერთი თვის შემდეგ დაიწყო II მსოფლიო ომი - გერმანია და საბჭოთა კავშირი ერთდროულად შეიჭრნენ პოლონეთში. თებერვლის ერთ თოვლიან დღეს, სტალინმა თავის კაბინეტში ლავრენტი ბერია იხმო. პენსნეიანი კაცი დროულად გამოცხადდა მასთან. დიდმა დიქტატორმა, რომელიც კარისაკენ ზურგით, ფანჯარასთან იდგა, კარის ჭრიალზე მოიხედა და ჩაეღიმა: "აჰაა, მოხვედი, ლავრენტი?... რაღაც მინდა დაგავალო", - ჩაილაპარაკა მერე და სტუმარს იქვე, სავარძელზე უხმოდ მიუთითა. ლავრენტი ბერია დინჯად დაჯდა, პენსნე მოიხსნა, გაწმინდა და მერე ქართულად იკითხა: "რა ამბავია, ვისარიონიჩ?" იმავე საღამოს, თავის კაბინეტში მჯდარმა ლავრენტი ბერიამ შიკრიკს ტროცკის საქმე და კიდევ რამდენიმე სხვა საქაღალდე მოატანინა, მდივან ქალს კი ერთი ჭიქა ჩაის ადუღება სთხოვა. თხოვნა რომ შეუსრულეს, თვალები მოჭუტა, ქალს მადლობა გადაუხადა და მოულოდნელად ჰკითხა: "ფროსია, ვინ გვყავს ჩვენ ისეთი, ესპანური რომ იცოდეს?" მდივანი ქალი წამით დაიბნა, მერე კი უპასუხა: "რაღა თქმა უნდა, ნაუმ ეიტინგონი, ლავრენტი პავლოვიჩ!" საბჭოთა უშიშროების ოფიცერი, ნაუმ ეიტინგონი, რომელსაც ესპანეთის ომის დროს საბჭოთა კავშირიდან რესპუბლიკელთა კონტროლირებად ტერიტორიებზე მოხალისეთა შენაერთების გადაყვანა ევალებოდა, მართლაც შესანიშნავად ფლობდა ესპანურ ენას. სხვათა შორის, ის თბილისში გაზრდილი რუსი ებრაელი იყო და ბერია კარგად იცნობდა. ამიტომ, პენსნეიან კაცს აღარც უყოყმანია - ეიტინგონი თავისთან იხმო და ვითარება გააცნო. ნაუმ ეიტინგონი, რომელსაც "ტროცკის საქმეში" მეტსახელად "ფილიპე" უწოდეს, თავდაპირველად დაეჭვდა, შეძლებდა თუ არა საბჭოთა აგენტურა მექსიკაში ისე შეღწევას, რომ არავინ ჩავარდნილიყო: "ჩვენი ბიჭები არწივები არიან, მაგრამ მექსიკა ჩვენთვის მაინც სპეციფიკურია... ცდად კი ღირს!" - უთხრა მან ბერიას. პენსნეიანმა კაცმა ავად ჩაიღიმა და წყნარად თქვა: "სრულ თავისუფლებას გაძლევთ, იმუშავეთ და საქმე გააკეთეთ... იცოდეთ, ყველაფერი აგვისტოში უნდა მორჩეს... ჰო, მართლა - მე ნუ მიპატაკებთ, რადგან ეგ საქმე ამხანაგ პაველ სუდოპლატოვს დააწერეს!" ეიტინგონისთვის ყველაფერი ცხადი გახდა, ამიტომ დაზუსტება არ მოუთხოვია, ისე დაემშვიდობა ბერიას და კაბინეტიდან გავიდა. მან იმავე დღეს ინახულა პაველ სუდოპლატოვიც - გამოცდილი საბჭოთა "ჩეკისტი", რომელმაც სახელი უკრაინელი ნაციონალისტების ლიდერის, ევგენი კონოვალეცის ორიგინალური ლიკვიდაციის მერე გაითქვა: კონოვალეცს ძალიან უყვარდა შოკოლადი; სუდოპლატოვმა, რომელიც მას "ჩეკას" დავალებით ამსტერდამში შეხვდა, უკრაინელ ლიდერს მოწამლული "ბონბონიერი" მიართვა. მიუხედავად ამგვარი გამოცდილებისა, მექსიკაში სუდოპლატოვი ვეღარაფერს იზამდა, რადგან ესპანური არ იცოდა და გარდა ამისა, სლავური გარეგნობა ჰქონდა. ამიტომ ის ზედმეტი ფორმალობის გარეშე ენდო ეიტინგონს, რომელმაც აღუთქვა, რომ პრობლემას მალევე მოაგვარებდა. 1940 წლის მარტში ნაუმ ეიტინგონი და მისი საყვარელი - ესპანელი კომუნისტი ქალი კარიდად მერკადერი მოსკოვიდან ჯერ პარიზში, შემდეგ კი მეხიკოში ჩაფრინდნენ. ეიტინგონს ჯიბეში ფრანგული პასპორტი ედო, ვინმე ფილიპე ებრალიძის სახელზე. მეხიკოში წყვილს კარიდადის შვილი - 23 წლის რამონი ელოდა. საბჭოთა მზვერავების მასპინძელი მექსიკის დედაქალაქში ცნობილი მხატვარი და კომუნისტი - დავიდ ალფარო სიკეიროსი იყო, რომელმაც ყველაფერი ადრევე იცოდა და მზადაც გახლდათ დავალების შესასრულებლად. მას ჰყავდა მებრძოლთა ათკაციანი რაზმი, რომელიც საკმაოდ კარგად იყო გაწვრთნილი და გამოცდილებაც დიდი ჰქონდა. სიკეიროსი საბჭოთა უშიშროებისგან სოლიდურ ანაზღაურებას ელოდა და მზად იყო, რისკზე წასულიყო - ლევ ტროცკის სახლს დღე-ღამის განმავლობაში იცავდნენ IV ინტერნაციონალის მიერ დაქირავებული დაცვის წევრები - ძირითადად, ამერიკელები, რომლებიც საკმაოდ კარგად იყვნენ შეიარაღებული. ნაუმ ეიტინგონი და რამონ მერკადერი მარტიდან აგვისტომდე ლევ ტროცკის გარემოცვის შესწავლას მოუნდნენ. პარალელურად კი, მერკადერი - სიკეიროსის და მისი ნაცნობების მეშვეობით - ერთ-ერთ ადგილობრივ მემარცხენე გაზეთში ჟურნალისტად გაფორმდა. ერთი სიტყვით, მზვერავებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა ლევ ტროცკის გარემოცვაში ბუნებრივად - ზედმეტი ეჭვის გარეშე შეეღწიათ. ასე დადგა 1940 წლის 20 აგვისტო. იმ დღეს მეხიკოში უჩვეულოდ მოღრუბლული ამინდი დაემთხვა, რაც მზვერავებს ხელს აძლევდათ - ქუჩაში ბევრი ხალხი არ იქნებოდა და ისინი უხმაუროდ მიმალვას შეძლებდნენ. სხვათა შორის, ლევ ტროცკის ეჭვი ჰქონდა, რომ უთვალთვალებდნენ. ამიტომაც სახლიდან თითქმის არ გადიოდა და ჟურნალისტებსაც იშვიათად ეკონტაქტებოდა. იმ დღეს, რატომღაც, სხვაგვარად მოიქცა - ინტერვიუზე მისულ ჟურნალისტს, რომელიც ხუან დე კასტროდ გაეცნო, უარი არ უთხრა და სახლში მიიწვია. შესვლისას, ხუან დე კასტრო, რომელსაც ხელში მსხვილბუნიკიანი, ძველმოდური ტროსტი ეჭირა, დაცვამ საფუძვლიანად გაჩხრიკა, მაგრამ ვერაფერი უპოვა. რა თქმა უნდა, დე კასტრო მერკადერი იყო და მკვლელობის იარაღად ტროსტი უნდა გამოეყენებინა. GzaPressადგილობრივი დროით 17:30 საათზე მერკადერმა ინტერვიუს ჩაწერა დაიწყო. ტროცკის მან რამდენიმე კითხვა დაუსვა და შესაბამისად, პასუხებიც მიიღო. ლევ ტროცკის ბევრი ლაპარაკი უყვარდა და ვინაიდან დიაბეტიც ჰქონდა, შიგადაშიგ შაქრიან წყალს სვამდა. ერთ-ერთი ასეთი შესვენების დროს, ის ადგა, კომოდთან მივიდა, რომელზეც წყლიანი ჭიქა იდგა. მერკადერი სწორედ ამას უცდიდა - მან მთელი ძალით მოიქნია ტროსტი და კეფაში სთხლიშა მსხვერპლს. ტროცკი იქვე უგონოდ ჩაიკეცა, თუმცაღა არ მომკვდარა. მერკადერმა კიდევ ერთხელ ჩაარტყა ტროსტი მას, მერე კი კარისკენ გაიქცა. ამ დროს, გარედან ტროცკის სახლს სიკეიროსის ხალხმა ალყა შემოარტყა და ცეცხლიც გახსნა. დაიღუპა დაცვის რამდენიმე წევრი, რამონ მერკადერმა კი სახლიდან უვნებლად გამოღწევა ვერ შეძლო - ის დაცვამ დაჭრა და დააკავა. ამ ყველაფერს ნაუმ ეიტინგონი და კარიდად მერკადერი ქუჩაში გაჩერებული მანქანიდან ადევნებდნენ თვალყურს. ეიტინგონმა და კარიდად მერკადერმა იმავე დღეს დატოვეს მექსიკა და კუბის გავლით ჯერ პარიზში, მერე კი მოსკოვში ჩაფრინდნენ. იქ ორივენი ოქროს მედლით დააჯილდოეს; სტალინმა მათ პირადად გადასცა ჯილდოები და მერე ქართული აქცენტით უთხრა: "ახლა კი ჩვენი ქვეყანა ნამდვილად ყველაზე ძლიერია მთელ მსოფლიოში, ეს კი თქვენი დამსახურებაა!" წყარომიხეილ ლაბაძე "გზა", 2012 წელი
0