განათლების მინისტრი გიორგი ამილახვარი იქნება
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განათლების მინისტრად პარლამენტიდან თანაგუნდელი - გიორგი ამილახვარი წარადგინა. ამილახვარი საქართველოს პარლამენტის წევრი 2020 წლის არჩევნებზე გახდა, ის პარტიული სიის მე-12 ნომერი იყო. ის მუშაობდა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარედ.
გიორგი ამილახვარი განათლების მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ ჩხენკელს ცვლის, რომელიც ამ თანამდებობაზე მმართველმა პარტიამ 2019 წელს დააბრუნა. მინისტრობიდან მინისტრობამდე ის საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი იყო - უფრო ადრე, 2017-2018 წლებში კი განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე არსებული მონაცემებით, გიორგი ამილახვარმა მხარი დაუჭირა 2298 კანონპროექტს, წინააღმდეგი კი 10 შემთხვევაში იყო. მან მხარი დაუჭირა ე.წ. აგენტების კანონსაც, რომელმაც ქუჩაში ათასობით ადამიანი გამოიყვანა, მათ შორის სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები.
გიორგი ამილახვარის კომენტარს, რომელიც ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ 3 ბავშვებისთვის დენის დარტყმას შეეხებოდა, 2022 წლის 13 ოქტომბერს მის მიმართ მწვავე კრიტიკა მოჰყვა.
"არასრულწლოვან ბავშვს რომ უნდა ჰყავდეს მეთვალყურე, რომ არ მოხდეს იმ ადგილას მისი ჩასვლა, სადაც მიმდინარეობს რეკონსტრუქცია და ბუნებრივია, მსგავსი რაღაცა ტექნიკური შეფერხებები შეიძლება იყოს და ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვიოს - არა მარტო ბავშვის, არამედ ნებისმიერი მოზარდის… ამაზე ახლა რამე პასუხისმგებლობას სთხოვ ვის? და ამას მეკითხები სერიოზულად?!" - თქვა ამ ტრაგედიიდან რამდენიმე წუთში ჟურნალისტებთან საუბრის დროს მაშინდელმა დეპუტატმა.
მოგვიანებით მან ამ კომენტარის გამო ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ განცხადების გაკეთების დროს არ იყო სრულად ინფორმირებული მომხდარის შესახებ.
"ბოდიში მინდა მოვიხადო და მოვუხადო პირველ რიგში გარდაცვლილის სულს, მის ოჯახს და მთლიანად საზოგადოებას. არ აქვს იმის ახსნას აზრი, თუ რა კონტექსტით გავაკეთე ის განცხადება, რაც გავაკეთე. ეს ჩემთვის არის ცხოვრებისეული კრედო, მსგავსი არასდროს არ მიფიქრია მთელი ცხოვრების განმავლობაში და ჩემთვისაც ამ კონტექსტში ის განცხადება, რაც გავაკეთე, არის სრულიად მიუღებელი", - თქვა მან.
https://www.radiotavisupleba.ge/a/32326111.html
Source: radiotavisupleba.ge