ამერიკული ტექნიკის ვაზიანისკენ გადაადგილების გამო საავტომობილო მოძრაობა შეფერხდება
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ამერიკული სამხედრო ტექნიკის გადაადგილების გამო 6 და 8 სექტემბერს შეიზღუდება მოძრაობა თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე - ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიაწოდეს.
უწყების ინფორმაციით, „ამერიკული სამხედრო ტექნიკით დაკომპლექტებული 9 სამხედრო კონვოი 6 და 8 სექტემბერს თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე საათნახევრიანი შუალედებით გადაადგილდება, რის გამოც ავტომაგისტრალზე მოძრაობა დღის განმავლობაში გარკვეული შეზღუდვებით განხორციელდება“.
აშშ-ის სამხედრო ტექნიკა საქართველოში საზღვაო გზით შემოვიდა და მათ შორის არის: საბრძოლო ჯავშანმანქანები - „სტრაიკერი“, ჯავშანმანქანები - „ჰამერი“, ლოგისტიკური მხარდამჭერი მანქანები და არტილერია.
ამერიკული ტექნიკა გამიზნულია მრავალეროვანი სამხედრო სწავლებისთვის - „ღირსეული პარტნიორი 2020“, რომელიც 7-18 სექტემბერს ვაზიანის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე გაიმართება. სწავლებაში მონაწილეობს საქართველოს, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთისა და საფრანგეთის 2700-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე.
საერთაშორისო სამხედრო სწავლების გახსნის ოფიციალური ცერემონია 7 სექტემბერს ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე გაიმართება.
მრავალეროვანი საერთაშორისო სამხედრო სწავლება - „ღირსეული პარტნიორი“ წელს საქართველოში უკვე მეხუთედ იმართება. „საერთაშორისო სწავლება საქართველოსა და აშშ-ის შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და მზარდი თანამშრომლობის ნათელი მაგალითია“ - აცხადებს თავდაცვის სამინისტრო.
უწყება მოქალაქეებს ბოდიშს უხდის ავტომაგისტრალის ცალკეულ მონაკვეთებზე მოძრაობის შეფერხებისთვის.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30822366.html
#ახალი_ამბები
#twitter