შაქარაშვილის საქმეზე არასრულწლოვანზე ძალადობის ფაქტზე, სახელმწიფო ინსპექტორმა გამოძიება დაიწყო
Pirveliradio Ge
შაქარაშვილის საქმეზე არასრულწლოვანი ბრალდებულის მიმართ სამართალდამცველების მხრიდან შესაძლო ზეწოლის ფაქტზე სახელმწიფო ინსპექტორის აპარატში გამოძიება მიმდინარეობს. როგორც სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ განაცხადა, საქმის გამოძიება 2-3 კვირაში ვერ და არ დასრულდება.
„საქმესთან დაკავშირებით მოგვმართა ერთერთმა მონაწილემ. დაწყებულია გამოძიება. მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. ვმუშაობთ და როგორც კი შემაჯამებელი სურათი დაიხატება, მოგაწვდით ინფორმაციას“, - განაცხადა თოლორაიამ.
სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის, ზ.ხ.-ს საქმით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც მისმა ადვოკატმა გიორგი გელხაურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სასურველი ჩვენების მიღების მიზნით, არასრულწლოვანზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა მოხდა.
გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს გაუჩინარდა - მისი ცხედარი 22 ივნისს იპოვეს.