ქართულმა ბანკებმა პირველ კვარტალში 747 მლნ ლარი იზარალეს
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/?newsid=142021
საქართველოში მოქმედმა 15-მა კომერციულმა ბანკმა 2020 წლის პირველ კვარტალში ჯამურად 747 მილიონი ლარის ზარალი მიიღო, ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ფინანსური მაჩვენებლების სტატისტიკიდან ხდება ცნობილი. ეს ამ სტატისტიკის წარმოების ისტორიის განმავლობაში, ზარალის ყველაზე დიდი მაჩვენებელია.
ფინანსური მაჩვენებლებიდან ირკვევა, რომ ზარალის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი, ბანკების მიერ 1.2 მილიარდი ლარის შესაძლო დანაკარგებისთვის დარეზერვება გახდა. ჯამურად, ქართულმა კომერციულმა ბანკებმა "აქტივების შესაძლო დანაკარგების" ბუფერში 1.22 მილიარდი ლარი დაარეზერვეს, რაც მოსალოდნელი კრიზისიდან გამომდინარე, სესხებზე შესაძლო დანაკარგების თანხას ასახავს.
"საქართველოს საბანკო ასოციაციაში" განმარტავენ, რომ ზარალი სწორედ "ნამეტი რეზერვის შექმნამ განაპირობა, ხოლო იმაზე საუბარი, რომ ეს რეზერვი ფაქტობრივად რეალიზდება და ის ამაზე მეტი ან ნაკლები იქნება, არის არარელევანტური".
"ყველა კომერციულმა ბანკმა გაატარა რეზერვი. ამ მაჩვენებლებში პირდაპირ რეზერვების გამო არის შემცირებული მოგება", - ამბობს "საქართველოს საბანკო ასოციაციის" პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე.
კომერციული ბანკების ფინანსური მაჩვენებლების სტატისტიკის სხვა პუნქტები კი მეტყველებენ, რომ პირველი კვარტლის მდგომარეობით, ქართული ბანკების შემოსავლები სტაბილურობას ინარჩუნებენ. მეტიც, ყველა მთავარი ინდიკატორი 2019 წელთან შედარებით გაუმჯობესებულია. მათ შორის, წინა წელთან შედარებით, 15.8%-ით არის გაზრდილი ბანკების მიერ მიღებული მთლიანი შემოსავალი და ის 1.2 მილიარდ ლარს შეადგენს.
BMG