საქართველო ტურიზმს რეგიონში პირველი აამუშავებს

Tbilisi Daily

საქართველო უნდა იყოს ერთ-ერთი და პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც ტურიზმს, როგორც ასეთს, დარგს აამუშავებს უახლოეს პერიოდში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე, რომელზეც ტურიზმის გახსნის ანტიკრიზისული გეგმას წარადგენენ. მისი თქმით, უკვე დაწყებულია ქვეყნებს შორის გლობალური კონკურენცია, როგორც ტურისტების მოზიდვის თვალსაზრისით, ასევე ეკონომიკურ განვითარების კუთხით. „დღეს ჩვენ შევიკრიბეთ ტრადიციულად, ეკონომიკური საბჭოს ფარგლებში. საკმაოდ საინტერესო დღის წესრიგი გვაქვს და, რაც მთავარია, საინტერესოსთან ერთად. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ეკონომიკის გახსნის თაობაზე, გარდა ამისა, ვისაუბრებთ უკვე შემდგომი ნაბიჯების, ქალაქებში გადაადგილების გახსნის თაობაზე და ჩვენი დღევანდელი შეხვედრის ყველაზე მთავარი მიზანი და მიზეზი გახლავთ, ტურიზმის მხარდაჭერის, ანტიკრიზისული მხარდაჭერისა და ტურიზმის, როგორც ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დარგის გახსნის განხილვა“, – განაცხადა პრემიერმა. მისი თქმით, ეს არის კრიტიკულად მნიშვმნელოვანი საკითხები. „ყველას კარგად გვესმის, რომ უკვე სამი-ოთხი თვეა, ვიბრძვით ორ ფრონტზე ერთდროულად. ერთი გახლავთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე და მეორე, ეკონომიკის წინსვლა, ეკონომიკის ეფექტური გახსნა. თითეულ ჩვენგანს მოეხსენება, რომ უკვე დაწყებულია ქვეყნებს შორის გლობალური კონკურენცია, როგორც ტურისტების მოზიდვის თვალსაზრისით, ასევე ეკონომიკურ განვითარების თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად, საქართველო უნდა იყოს ერთ-ერთი და პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც ტურიზმს, როგორც ასეთს, დარგს აამუშავებს უახლოეს პერიოდში. რა თქმა უნდა, ყველა იმ სტანდარტების, უსაფრთხოების დაცვით, რომელიც გვექნება უალოესი დღების განმავლობაში ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან“, – განაცხადა პრემიერმა.