რუსეთის სამხედრო ძალებმა იერიში მიიტანეს უკრაინის რამდენიმე ქალაქზე
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
გასული ღამის განმავლობაში რუსეთის სამხედრო ძალებმა იერიში მიიტანეს უკრაინის რამდენიმე ქალაქზე. დნეპროპეტროვსკის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვალენტინ რეზნიჩენკოს ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების მიერ ნასროლი რაკეტა Х-59 მოხვდა კრივოი როგის აეროპორტს, რომლის ინფრასტრუქტურა დანგრეულია და აეროპორტის შემდგომი გამოყენება შეუძლებელი გახდა. რეზნიჩენკოს თანახმად, სარაკეტო დარტყმის შედეგად არავინ დაშავებულა.
ზაპოროჟიეს საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექსანდრ სტარუხის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ძალებმა შეუტიეს ქალაქ ზაპოროჟიეს, სადაც რაკეტები მოხვდა ინფრასტრუქტურის ობიექტებს. ნგრევის მასშტაბი ჯერ დაზუსტებული არ არის.
ღამის განმავლობაში შეტევა ორჯერ განხორციელდა ქალაქ ნიკოლაევზე. ქალაქის მერის, ოლექსანდ სენკევიჩის ცნობით, სხვადასხვა რაიონში დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, მაღაზიები და წყლით მომარაგების სისტემა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის ოპერატიული სარდლობის ინფორმაციით, წუხელ მოწინააღმდეგემ ისევ სცადა ოდესის ოლქზე შეტევა ე.წ. კამიკაძე-დრონებით, თუმცა, სამივე აპარატი უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს.
https://www.radiotavisupleba.ge/a/32053690.html
Source: radiotavisupleba.ge