რაზე ესაუბრა რუსეთის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი ლუკაშენკოს

Tbilisi Daily

რუსეთის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი, სერგეი ნარიშკინი, სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ბელტას“ ცნობით, ალიაქსანდრ ლუკაშენკას შეხვდა დახურულ კარს მიღმა. ნარიშკინი მინსკში დღეს, დილით ჩაფრინდა. “საიდუმლო არ არის, რომ ჩვენი ამჟამინდელი შეხვედრა გამოიწვევს გარკვეულ აფეთქებას მასობრივი ინფორმაციის საშუალებეში და განსაკუთრებით ინტერნეტში. დიახ, ჩვენ არ ვმალვთ, რომ ვითარება ჩვენს გარშემო რთულია, ვგულისხმობ საკავშირო სახელმწიფოს“, - აღნიშნა ლუკაშენკამ შეხვედრაზე და მადლობა გადაუხადა სტუმარს, სპეცსამსახურების ხაზით მიწოდებული ინფორმაციისთვის. სექტემბრის ბოლოს ნარიშკინმა განაცხადა, რომ ბელარუსში მიმდინარე ანტისამათავრობო აქციებში აშშ-მა ჩააბა „ექსტრემისტული ელემენტები“ და კათოლიკური სათვისტომო. ხოლო საპროტესტო აქციების მომზადებაში მონაწილეობას ღებულობენ ამერიკელი ინსტრუქტორები. „განახლებული ბელარუსისათვის მებრძოლები მომზადებას გადიან პოლონეთში, საქართველოში, უკრაინასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში პენტაგონისა და დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს ინსტრუქტორების მეთვალყურეობის ქვეშ“, - განაცხადა ნარიშკინმა. ბელარუსში საპროტესტო აქციები არ წყდება მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში 1994 წლიდან მყოფი ლუკაშენკა გამარჯვებულად გამოცხადდა 9 აგვისტოს ჩატარებულ არჩევნებში, რომელიც, გავრცელებული შეფასებით, გაყალბებული იყო. საზღვარგარეთ დევნილობაში მყოფმა ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა, სვიატლანა ციხანოუსკაიამ, „სახალხო ულტიმატუმი“ წაუყენა ალიაქსანდრ ლუკაშენკას, რომელიც თუ 25 ოქტომბრამდე არ დატოვებს თავის პოსტს, მაშინ ბელარუსში „საერთო-სახალხო გაფიცვა“ დაიწყება.