სტოლტენბერგი: მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, უდიდესი გამოწვევის წინაშე ვართ

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ნატოს წევრი სახელმწიფოები უდიდესი გამოწვევის წინაშე არიან მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა 29 ივნისს და დასძინა, რომ მოსკოვი პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს წევრი ქვეყნების უსაფრთხოებისთვის.  მადრიდში მიმდინარე ნატოს სამიტის მეორე დღეს - სადაც, როგორც მოელიან, მიიღებენ ალიანსისთვის მნიშვნელოვან ახალ სტრატეგიულ დოკუმენტს - სტოლტენბერგმა თქვა, რომ ნატოს წევრები იკრიბებიან "უსაფრთხოების ყველაზე სერიოზული კრიზისისას, რომლის წინაშეც ვმდგარვართ", და დასძინა - "ეს იქნება ისტორიული მნიშვნელობის, ტრანსფორმაციის მომტანი სამიტი".  "მკაფიოდ ვიტყვით, რომ რუსეთი პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენს უსაფრთხოებას" - თქვა სტოლტენბერგმა. მისი თქმით, ნატო შეთანხმდება შეკავების მექანიზმებზე, შესაძლებლობაზე უფრო მეტი საბრძოლო დანაყოფები იყოს დისლოცირებული, და მომავალი წლისთვის უფრო დიდი რაოდენობით განთავსდეს აღჭურვილობა აღმოსავლეთ ევროპაში.  სტოლტენბერგის თქმით, ის მოელის, რომ სწრაფად მოხდება რატიფიკაცია ნატოში შვედეთის და ფინეთის გაწევრიანებისა -  მას მერე, რაც თურქეთმა მოხსნა მისი წინააღმდეგობა ჩრდილოეთის ამ ორი სახელმწიფოს ალიანსში შესვლაზე.   "სამიტზე მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ შვედეთს და ფინეთს წევრებად მოვიწვევთ - რაც უპრეცედენტოდ სწრაფად ხდება" - უთხრა სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს.  https://www.radiotavisupleba.ge/a/31921085.html

Source: radiotavisupleba.ge