გაერო: ლიბიაში 1200-მდე რუსი დაქირავებული იბრძვის

Headline

ოპოზიციონერი გენერლის ხალიფა ჰაფთარის დაქვემდებარებაში მყოფი „ლიბიის ეროვნული არმიის“ (LNA) მხარეს, 2018 წლის ოქტომბრიდან, კერძო რუსული სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ 800-დან 1200 დაქირავებული (მათ შორის სნაიპერები და სპეციალიზირებული დანაყოფები) იბრძვის. აღნიშნულის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ წარდგენილ ანგარიშში არის ნათქვამი. რუსი დაქირავებულები მონაწილეობენ საბრძოლო და „გავლენის“ ოპერაციებში, ასევე უზრუნველყოფენ სამხედრო ტექნიკის შეკეთებას. კერძო რუსული სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული ორგანიზაციაა, რომელსაც კრემლთან კავშირში მყოფი ფინანსისტი ევგენი პრიგოჟინი აკონტროლებს. „ვაგნერის“ მებრძოლები ასევე იბრძვიან უკრაიანსა და სირიაში. ლიბიაში რუსი დაქირავებულების არსებობის შესახებ მანამდეც იყო ინფორმაცია, მაგრამ პირველად მოხდა, როდესაც მათ შესახებ გაეროს მოხსენებაში არის ნათქვამი. თავის მხრივ, ოფიციალური მოსკოვი უარყოფს ორგანიზაციასთან რაიმე სახის კავშირს. „სპეციალიზირებული სამხედრო დავალებები“ - „ვაგნერის“ დაქირავებულები ძირითადად უფრო სპეციალიზირებულ სამხედრო ოპერაციებში იღებენ მონაწილეობას, როგორიცაა მაგალითად არტილერიის მოქმედებებზე პასუხისმგებლობა და ავიაციაზე კონტროლის განხორციელება. 2018 წლის აგვისტოდან 2019 წლის აგვისტომდე, რუსეთსა და „ლიბიის ეროვნული არმიის“ (LNA) მიერ კონტროლირებად ქვეყნის არმოსავლეთ რეგიონში ორ ათეულზე მეტი „სამოქალაქო ავიამიმოსვლა“ განხორციელდა, რომელიც სავარაუდოდ „ვაგნერის“ ჯგუფთან დაკავშირებულმა კომპანიებმა შეასრულეს. დამატებით, როგორც ცნობილია ხალიფა ჰაფთარსა და „ვაგნერის“ წარმომადგენლებს შორის რამდენჯერმე დაძაბულობა წარმოიშვა, ოპოზიციონერი გენერლის საყოველთაოდ ცნობილი „სიჯიუტის“ გამო. არსებული ექვსთვიანი კონტრაქტის ვადა 2019 წლის 15 ოქტომბერს დასრულდა და ამ დრომდე, ჰაფთარს მათთვის გადასახდელი $173 მლნ-დან მხოლოდ ნახევარი აქვს დაფარული. ლიბიის კონფლიქტში რამდენიმე რეგიონალური აქტორი არის ჩართული. LNA-ს მხარდაჭერას უცხადებენ რუსეთი, საფრანგეთი, ეგვიპტე, იორდანია და არაბთა გართიანებული საემიროები. თურქეთი, რომელმაც იანვრიდან რეგულარული ჯარები, უპილოტო საფრენი აპარატები და სირიელი დაქირავებულები გადასხა ლიბიაში, მხარს უჭერს დედაქალაქ ტრიპოლიში გამაგრებულ გაეროს მიერ აღიარებულ „ეროვნული თანხმობის მთავრობას“ (GNA). ტრიპოლის ხელისუფლებას ასევე მხარდაჭერას უცხადებს კატარი და იტალია. გაეროს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ასევე მითითებულია, რომ 2020 წლის დასაწყისიდან, რუსულმა სამხედრო კომპანიებმაც დაიწყეს სირიელი მებრძოლების რეკრუტირება. არაფორმალური წყაროებით ცნობილი გახდა, რომ გენერალ ჰაფთარის მიერ წარმოებულ სამხედრო ოპერაციებში 2 000-მდე სირიელი მებრძოლი მონაწილეობს. საერთო ჯამში კი ლიბიის კონფლიქტში 5 000-მდე სირიელი იღებს მონაწილეობას (მათ შორის თურქეთის მიერ რეკრუტირებულებიც). ანგარიშის მიხედვით, კიდევ ერთი კერძო რუსული სამხედრო კომპანია სახელწოდებით „რუსეთის უსაფრთხოების სისტემები„ (Русские Системы Безопасности) იმყოფება ლიბიაში, რომელიც ჰაფთარის ძალების კუთვნილებაში არსებული სამხედრო თვითმფრინავების სერვისსა და რემონტს უზრუნველყოფს. ლიბიის ტერიტორიაზე ასევე აქტიურობს სხვა ორი კერძო რუსული უსაფრთხოების ორგანიზაცია - „Security Group” და „Schit Security Group”. როგორც ცნობილია, „ვაგნერის“ დანაყოფში ძირითადად ეთნიკურად რუსები და ასევე ბელარუსი, მოლდოველი, სერბი და უკრაინელი მებრძოლებიც ირიცხებიან. აშშ რუსეთს პირდაპირ ადანაშაულებს - 7 მაისს, შეერთებულმა შტატებმა რუსეთი ლიბიაში არსებული მდგომარეობის გაუარესებასა და სირიელი მებრძოლების ამ სახელმწიფოში გადაყვანაში დაადანაშაულა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის კრის რობინსონის განცხადებით, გაეროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიში ნათლად ჩვენებს, რომ რუსეთი აქტიურ მხარდაჭერას უწევს გენერალ ჰაფთარს, რაც თავის მხრივ სიტუაციის ესკალაციასა და ჰუმანიტარული ვითარების გაურესებას იწვევს. რობინსონის თქმით, ოფიციალური მოსკოვის საკუთარი მიზნების განსახორციელებად იყენებს „ვაგნერის“ დანაყოფს, რომელიც ბევრად „იაფი“ და „დაბალი რისკის“ მატარებელია, მაგრამ კომპანიის ხელთ არსებული თანამედროვე იარაღი იმაზე მიუთითებს, რომ „ვაგნერი“ რეალურად კერძო კომპანია არ არის. სირიის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის ჯიმ ჯეფრის განცხადებით, რუსეთი სირიის ხელისუფლებასთან ერთად, ადგილობრივი მებრძოლებისა და შეიარაღების გადასროლას ახორციელებს ლიბიაში. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. #Libya #GNA #LNA #Russia #Wagner #USA #mercenaries #conflict #headline