რას სთავაზობს სახელმწიფო ადამიანებს, რომლებიც თურქეთში სეზონურად საქმდებოდნენ?
Batumi Daily
საქართველოს მთავრობა თურქეთში სეზონურად დასაქმებულებს ალტერნატივად კახეთის რეგიონში მუშაობას სთავაზობს.
როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, მთავრობის შეთავაზებას არანაირი პროგრამის, თუ პროექტის სახე არ აქვს და დასაქმების გარანტიას არ იძლევა. ხელისუფლებამ ადამიანებს უბრალოდ უთხრა, რომ კახეთში ამ ეტაპზე დამატებითი მუშახელი სჭირდებათ. მოქალაქეებმა კი, რომლებიც სამუშაოდ თურქეთში ვეღარ გადადიან, სამუშაო, ამ შემთხვევაში კახეთში, თავად უნდა ეძებონ – დაეკონტაქტონ დამსაქმებლებს, ინდივიდუალურად გაარკვიონ მათთან სამუშაოს პირობები, ანაზღაურება და ა.შ.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა 21 ივლისს განაცხადა, რომ თურქეთში სეზონური დასაქმება შესაძლოა ჩანაცვლდეს საქართველოში, სოფლის მეურნეობაში შექმნილი სამუშაო ადგილებით: „ჩვენ გვესმის, რომ ძალიან დიდი სურვილი იყო აჭარაში მცხოვრები მოსახლეობის დასაქმების ჩვენ მეზობელ თურქეთის რესპუბლიკაში. ჩვენ ორგანიზებულად, აჭარის ადგილობრივ მთავრობასთან და კახეთში მუნიციპალიტეტებთან ერთად, მოვახერხეთ სამუშაო ძალის კახეთში მობილიზება.“
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით აჭარიდან კახეთში ჩაყვანილი 50 კაციდან, ადგილზე სამუშაოდ მხოლოდ 30 დარჩა. ეს ინფორმაცია „ბათუმელებმა“ გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან გადაამოწმა. მორიგი „მობილიზაცია“ სამინისტროებს აღარ „გამოუცხადებიათ“.
„ჩვენს თავზე ამჯერად ორგანიზება და ამ ხალხის კახეთში, კერძოდ, გურჯაანში ტრანსპორტირება ავიღეთ. იქ, ვისაც პირობები მოეწონებოდა დარჩებოდა, ვისაც არ მოეწონებოდა დაბრუნდებოდა უკან.
აჭარის მუნიციპალიტეტებიდან სურვილი მხოლოდ ხულოსა და ქედაში გამოთქვეს. 50 ადამიანი წავიყვანეთ და უმეტესობა დარჩა სამუშაოდ, მოეწონათ პირობები, მაგრამ ზოგმა სიცხეა ძაანო, ვერ გავუძლებო… როგორაა იცით, შეიძლება რამდენიმე დღე იმუშაოს ადამიანმა და ორი დღე გაჩერდეს. ამ ორი დღის შემდეგ კი სხვამ წაიყვანოს, ზოგს ასეთი პირობა არ მოეწონა“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ტიტე აროშიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი.
ტიტე აროშიძე ამბობს, რომ ახლა ატმის კრეფის სეზონი თითქმის დასრულდა, მაგრამ მოდის ვაშლატამას, ქლიავის კრეფისა და შემდეგ რთველის სეზონი. ამ დროს გურჯაანში მკრეფავები, საწყობებში დამატებითი მუშახელი, სამაცივრეებში მტვირთავები და ა.შ. ყოველთვის სჭირდებათ. დამსაქმებლები კი ძირითადად კომპანიები არიან.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
#საინტერესო
#ბათუმი
#სარფი
#batumidaily
წყარო -batumelebi.ge
#ახალიამბები