"თავხედური პიარით ცდილობენ ხალხი მოატყუონ" - მდინარაძე "ნაციონალურ მოძრაობაზე"
Tbilisi Daily
"ნიკა მელია, როგორც თვითონ ამბობს, თითქოს გირაოს გადახდას არ აპირებს, სინამდვილეში მისი განცხადებიდან ერთდერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება - ის და „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებენ გირაო ე.წ. გვერდითა გზებით გადაიხადონ" - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„გარანტიას ვაძლევთ პირადად მე და ყველა ჩვენგანი, რომ არავინ აპირებს არც მისი გირაოს გადახდას და არც ამაზე ფიქრს. თუმცა ისინი ჩვენკენ ხელს მაინც იშვერენ და ასეთი თავხედური პიარით ცდილობენ ხალხი მოატყუონ. თუ მას უნდა გირაოს გადახდა, დაანებოს მანიპულაციებს თავი, გადაიხადოს და დაექვემდებაროს კანონს და არა მიხეილ სააკაშვილის ტყუილს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ დიდ პატივს სცემს სახელმწიფო ინსტიტუტებს, თუმცა გირაოს არ გადაიხდის. "როცა ქვეყანაში პროკურატურა შოთაძე-ფარცხალაძის საკუთრებაა, სასამართლო მურუსიძე-ჩინჩალაძეს ეკუთვნის, პარლამენტი კი, კობახიძე-გავრილოვის სახეს წარმოადგენს, ხოლო ყველა ინსტიტუტი თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილის ჯიბეშია, არანაირი მორალური უფლება არ აქვს, მივიღო მონაწილეობა ამ სიყალბეში და ფარსში. ეს ჩვენი ბრძოლა არის ძალიან მართალი, ეს არის ჩემი ენერგიის წყარო. ვიცი, რომ ამ ბრძოლაში ვარ მართალი მორალურად, მართალი ჩემი მომავალი თაობების წინაშე და ჩვენ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ. არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ" - განაცხადა მელიამ.
5 თებერვალს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ თუ ნიკა მელია გირაოს არ გადაიხდის, პროკურატურა სასამართლოს მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს. გირაოს თანხის გადასახდელად დამატებითი ერთკვირიანი ვადა 12 თებერვალს იწურება.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს.
#GeorgiaDaily #საქართველო #ახალიამბები