მოსკოვში იწვის საოფისე ცენტრი „გრანდ სეტუნ პლაზა“, შენობაში ხალხი იმყოფება

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

მოსკოვში, საოფისე ცენტრ „გრანდ სეტუნ პლაზაში“ ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა საგანგებო ვითარებათა სამინისტროს საქალაქო სამმართველომ. დაზარალებულთა შესახებ ჯერჯერობით ცნობები არ ვრცელდება. ცეცხლმოკიდებული შენობიდან 120-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული. როგორც „ინტერფაქსი“ იტყობინება წყაროზე დაყრდნობით, ცეცხლის გამო ხალხი ჩარჩენილია შენობის ზედა სართულებში. ამჟამად მეხანძრეები ეძებენ ცეცხლმოდებული ბიზნესცენტრის 15 თანამშრომელს, რომლებთანაც ვერ ხერხდება კავშირის დამყარება. ტასის წყაროს თანახმად, მეექვსე და მეშვიდე სართულებზე შესაძლოა 20-მდე ადამიანი იმყოფებოდეს. ცეცხლი სწრაფად ვრცელდება შენობაში, რომლის მოპირკეთებაში დიდია სინთეტიკური მასალების წილი. ტასის თანახმად, ცეცხლი სწრაფად ვრცელდება პირველსა და მეოთხე სართულებს შორის. ხანძარს მიაკუთვნეს სირთულის მაქსიმალური, მეხუთე რანგი. ცეცხლის ჩაქრობაში 200 მეხანძრე მონაწილეობს. შემთხვევის ადგილზე მივიდა საგანგებო ვითარებათა სამინისტროს ხელმძღვანელი ალექსანდრ კურენკოვი. ხანძრის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. ძირითად ვერსიებს შორის განიხილება მოკლე ჩართვა ფასადზე განათების არასწორი მონტაჟის გამო. ამავე დროს, „რია ნოვოსტის“ თანახმად, საგანგებო სამსახურებში არ გამორიცხავენ ცეცხლის განზრახ წაკიდებას. ბიზნესცენტრი „გრანდ სეტუნ პლაზა“ მოსკოვის დასავლეთში მდებარეობს მეტრო „მოლოდიოჟნაიას“ მახლობლად. შენობა 10-სართულიანია. მისი საერთო ფართობი 70000 კვადრატული მეტრია. https://www.radiotavisupleba.ge/a/31881640.html

Source: radiotavisupleba.ge