გორში ,,იავნანას" კლინიკას კიდევ ხუთმა პაციენტმა მიმართა
Gori Daily
გორში, ინტოქსიკაციის ნიშნებით, ბავშვთა კლინიკას, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კიდევ 5-მა მოქალაქემ მიმართა. ბოლო ორი დღის განმავლობაში, ბავშვთა საავადმყოფოში სამედიცინო შემოწმება 53-მა პაციენტმა გაიარა.
53 პაციენტთაგან ნაწილს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება და გაეწერა ბინაზე, ნაწილი კი, "იავნანა"-ს პედიატრიულ განყოფილებაში გადის მკურნალობას. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც ცნობილია, პაციენტების დიდი ნაწილი შემოსულია კომბინატის დასახლებიდან, ასევე, არიან მოზარდები ქალაქის სხვა უბნებიდან და მუნიციპალიტეტის სოფლებიდანაც. ამ დროისთვის, კლინიკის სტაციონარში ბაქტერიული გასტროენტერიტის დიაგნოზით, 26 პაციენტი რჩება.
შეგახსენებთ, რომ მოსახლეობის შეფასებით, ბავშვები სასმელი წყლისგან მოიწამლნენ, თუმცა გუშინ, წყლის სისუფთავეზე პასუხისმგებლობა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ აიღო და განაცხადა, რომ სასმელ წყალს მიკროეპიდაფეთქებასთან საერთო არაფერი აქვს.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ლაბორატორიაში შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ სასმელი წყალი ნორმებს აკმაყოფილებს.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს
#საავადმყოფო
#ახალიამბები
#goridaily