,,საშინელი თოვლი და ყინვა იყო. სვანეთიდან წამოვედით, არც საჭმელი გვქონდა და არც სასმელი."

Sokhumi Daily

1992 წელის აგვისტოში აფხაზეთის ომი დაიწყო. დაახლოებით 300.000-მდე ადამიანი დევნილი გახდა, დაიღუპა 10.000ზე მეტი მშვიდობიანი ქართველი, ასეულობით უგზო-უკვლოდ დაიკარგა, 15.000-მდე კი ომმა იმსხვერპლა. აფხაზეთის ომი საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ მარცხად არის მიჩნეული. დღემდე აფხაზეთის რეგიონი, რომელიც საქართველოსგან დე ფაქტო დამოუკიდებლობით სარგებლობს, მძიმე სოციალური და ეკონომიკური პრობლემების წინაშე დგას. მიუხედავად თვითგამოცხადებული დამოუკიდებლობისა, აფხაზეთის რეგიონი მთლიანად დამოკიდებულია რუსეთის ფედერაციაზე. როგორც თვით აფხაზები აცხადებენ, რეგიონი რუსეთის ფედერაციის „დე ფაქტო პროტექტორატია“. აფხაზეთში მცხოვრები ადამიანები იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ თავიანთი სამშობლო და კავკასიის მთებიდან გასულიყვნენ სამშვიდობოს. ერთ-ერთი მათგანი იყო ვიოლეტა ბჟანია, რომელიც გუდაუთის რაიონის სოფელ ოთხარაში დაიბადა, 1992 წელს კი დატოვა ოჯახი და თბილისში წამოვიდა. უკანასკნელი, რაც მათ უთხრა იყო: „მიყვარხართ, მაგრამ მივდივარ“. როგორც თავად ამბობს, ოჯახი წინააღმდეგი იყო,რომ მეზობელ ქართველებთან ვიოლეტას ურთიერთობა ჰქონოდა. ერთადერთი ვისაც მისი ესმოდა უფროსი ძმა იყო, რომელიც ომშივე დაიღუპა. -უფროსი ძმა აფხაზეთში დაიღუპა. ქართველების ოჯახს დაეხმარა და გაგრიდან გაიყვანა. უკან, როდესაც დაბრუნდა აფხაზებმა ადგილზე დაცხრილეს, მხოლოდ იმიტომ,რომ ქართველებს დაეხმარა. მარტო დარჩენილმა ვიოლეტამ აფხაზეთის სოფლიდან თბილისისკენ ურთულესი გზა გაიარა ოცკაციან ჯგუფთან ერთად. -საშინელი თოვლი და ყინვა იყო. სვანეთიდან წამოვედით, არც საჭმელი გვქონდა და არც სასმელი. მიწას ვთხრიდით, რის გამოც სულ გაყინული და გადატყავებული გვქონდა ხელები. ჩვენთან ერთად გზაში ერთი ქალი დაიღუპა. მხედრიონები მანქანით იყვნენ და ვთხოვეთ, რომ ეს ქალბატონი ასე არ დაეტოვებინათ და წამოეყვანათ. იმედი მაქვს,რომ წამოიყვანეს. ვიოლეტა თბილისში ჩამოვიდა. თუმცა მას არ ჰქონდა საბჭოთა სიმბოლიკიანი პასპორტი, არ ფიქსირდებოდა მასზე არსად ინფორმაცია, ვერ ხდებოდა მისი ვინაობის მოქალაქეობრივი კუთვნილებისა და სტატუსის დადგენა. -არ ვარსებობდი ამ ქვეყანაზე. არ გამაჩნდა სახელი და გვარი. ფიზიკურად ვიყავი, მაგრამ ფორმალურად არა. სკოლის წინ ვიჯექი და ვყიდდი ბულკს და მზესუმზირას. მინდოდა შემეგროვებინა ფული და საბუთები აღმედგინა, მქონოდა ჩემი საცხოვრებელი და ქუჩაში არ დამეძინა. დახმარებას ვერ ვიღებდი იმიტომ, რომ უსაბუთო ვიყავი. ბევრი შიშისგან და სტრესისგან გამოვლილ ვიოლეტას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. ცდილობდა თავისით ემკურნალა იქამდე, სანამ მისმა ჯანმრთელობის მდგომარეობამ უკიდურეს ზღვარს არ მიაღწია და კომაში ჩავარდა. საავადმყოფოში მისულს არ აღმოაჩნდა საბუთები. ამის გამო სასწრაფოდ გადაუღეს ფოტო და გააგზავნეს, რათა პირადობა უმოკლეს დროში აეღო. -სიტყვით, სათქმელად ძალიან იოლია ეს ყველაფერი, მაგრამ აღსაქმელად ძალიან რთული. აფხაზეთიდან იმიტომ წამოვედი,რომ პატარაობიდანვე ჩემი პრინციპები მქონდა, რაც არ მომწონდა იმას ვერ დამაძალებდი და ვერ გამაკეთებინებდი. მე მიმაჩნია,რომ ის ჩემი მიწაა, ჩემი ქვეყანაა ამას არ აქვს მნიშვნელობა ქართველი ხარ თუ აფხაზი, ის ყველასთვის ერთია. ადრე არ იყო ასე გაყოფილი, ადრე ასე არ ვცხოვრობდით. მე ამას ვერ გავიგებ ვერასდროს. სამწუხაროდ ჩემი ოჯახი, მაშინ სხვანაირად მიიჩნევდა. ოჯახი მენატრება, მაგრამ არ მაქვს არანაირი კონტაქტი. ვიოლეტას სამართლებრივი დახმარება არასამთავრობო ორგანიზაცია ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრში გაუწიეს. მრავალწლიანი წვალების შემდეგ ვიოლეტა ბჟანია დაფიქსირდა, როგორც ადამიანი. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #აფხაზეთისაქართველოა წყარო:იმედის დღე