შაქარაშვილის საქმე - ბრალდებულის ჩვენება სატელეფონო ანძის ამონაწერს ეწინააღმდეგება

Tbilisi Daily

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეში ახალი დეტალები გაჩნდა, რაც მომხდარს კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის. როგორც ირკვევა, ერთ-ერთი ბრალდებულის მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება სატელეფონო ანძის ამონაწერს ეწინააღმდეგება. სატელეფონო ანძის ამონაწერით ირკვევა, რომ ინციდენტის ღამით საქმეში ნახსენებ „ტოიოტა ქემრისა“ და „მერსედესის“ მარკის ავტომობილებში მსხდომ პირებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. კერძოდ, „ტოიოტაში“ მჯდომი ვახტანგ ჩიქოვანმა „მერსედესში“ მყოფ ნიკა ჟვანიას. 59-წამიან საუბარს ისევ მცხეთის ანძა აფიქსირებს, იმ დროს, როდესაც ჟვანია, ჩვენების მიხედვით, მცხეთიდან შორს, სავარაუდოდ, თბილისში უნდა ყოფილიყო. აქედან გამომდინარე ჩნდება კითხვა - რა სახის საუბარი შედგა ჩიქოვანსა და ჟვანიას შორის და სთხოვეს თუ არა „ტოიოტას“ მგზავრებმა ჟვანიას დახმარება და უკან მიბრუნება. 10 ივლისს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნით გაირკვა, რომ მას გარდაცვალებამდე მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს. 28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა. 19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.