ვინ არის თავდაცვის ძალების ახალი მეთაური
Tbilisi Daily
საქართველოს თავდაცვის ძალებს ახალი მეთაური ჰყავს. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია ოფიციალურად დღეს შეცვალა.
გიორგი მათიაშვილის განცხადებით, დღეს ქართველ ჯარისკაცს დამსახურებულად უკავია თავისი ადგილი პარტნიორების გვერდით, როგორც სამხედრო ოპერაციებში, ასევე საერთაშორისო სწავლებებში.
მისივე თქმით, საქართველოს თავდაცვის ძალებმა უნდა შეძლოს ქვეყნის წინაშე არსებულ შესაძლო საფრთხეებსა და გამოწვევებზე ადეკვატური რეაგირება. შესაბამისად, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საბრძოლო მომზადების პროცესის გაუმჯობესებას, ამოცანაზე ორიენტირებული სწავლებებისა და შეფასების ეფექტურ პროცესს.
„თავდაცვის ძალები არის გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის ოპერაციების განუყოფელი მონაწილე, როგორც ავღანეთში, ასევე აფრიკის კონტინენტზე მიმდინარე ნატოსა და ევროკავშირის სამშვიდობო ოპერაციებში. ჩვენ ყველანი ვამაყობთ, რომ დღეს ქართველ ჯარისკაცს დამსახურებულად უკავია თავისი ადგილი პარტნიორების გვერდით, როგორც სამხედრო ოპერაციებში, ასევე საერთაშორისო სწავლებებში. ამისათვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ჯარისკაცს. ამაში უდავოდ დიდია ჩვენი მეგობრების დახმარება და მინდა გამოვყო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების, აშშ-ის წვლილი და ასევე საერთაშორისო პარტნიორების როლი. განსაკუთრებით ხაზი მინდა გავუსვა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამას (GDRP), რომელიც მნიშვნელოვნად აისახება თავდაცვის ძალების თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაზე. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთობლივი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. ამავდროულად, საქართველოს თავდაცვის ძალების აქტიური თანამშრომლობა ნატოს წევრ სახელმწიფოებთან ნატო-საქართველოს თანამშრომლობის არსებითი პაკეტის მეშვეობით, რომელიც ზრდის ნატოს სტანდარტებთან საქართველოს თავდაცვის ძალების თავსებადობას. საქართველოს თავდაცვის ძალებმა უნდა შეძლოს ქვეყნის წინაშე არსებულ შესაძლო საფრთხეებსა და გამოწვევებზე ადეკვატური რეაგირება. შესაბამისად, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საბრძოლო მომზადების პროცესის გაუმჯობესებას, ამოცანაზე ორიენტირებული სწავლებებისა და შეფასების ეფექტურ პროცესს“, - განაცხადა მათიაშვილმა.