ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ მძევლების აყვანის ფაქტს უცხოური მედიაც გამოეხმაურა

Tbilisi Daily

ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულის მიერ მძევლების აყვანის ფაქტს უცხოური მედიაც აშუქებდა. AP- წერს, რომ შეიარაღებულმა კაცმა ბანკის თანამშრომლები და მომხმარებლები მძევლად აიყვანა დასავლეთ საქართველოში, ქალაქ ზუგდიდში და 500 000 აშშ დოლარი მოითხოვა. ამასთან, ჟურნალისტი წერს, რომ გავრცელებულ კადრებში ჩანდა, როგორ ისხდნენ მძევლები იატაკზე და რომ თავდამსხმელს სავარაუდოდ, ხელყუმბარა ეჭირა. ბრიტანული სააგენტო Reuters-ი კი ერთ-ერთი მძევლის ნათესავის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ შეიარაღებულმა კაცმა ის ადგილზე ფულის მიტანის შემდეგ გაათავისუფლა. 22 ოქტომბერს, გამთენიისას შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ხოლო დამნაშავის დაკავების მიზნით სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს. თავდამსხმელი შენობიდან 3 მძევალთან ერთად გამოვიდა. როგორც კადრებში გამოჩნდა, მას შენობის დატოვების დროს ერთი ხელი აწეული ჰქონდა და სავარაუდოდ ხელში ხელყუმბარა ეკავა. ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები 21 ოქტომბერს აიყვანა.