„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარიას კანდიდატურა წარუდგინა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
„ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ პარლამენტს ქვეყნის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარიას კანდიდატურა წარუდგინა. შესაბამის წერილს, რომელიც 12 დეკემბრით თარიღდება, ხელს პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი აწერს.
საქართველოს მთავრობამ ქვეყნის მეათე მოწვევის პარლამენტის სრული უფლებამოსილების შეძენისთანავე, 11 დეკემბერს, მის წინაშე უფლებამოსილება მოიხსნა, რაც, რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტმა ცნობად მიიღო.
მთავრობა ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე მოვალეობის შესრულებას განაგრძობს. აღნიშნულ პროცედურას საქართველოს კონსტიტუციის 56-ე მუხლი განსაზღვრავს.
კანონის თანახმად, პარლამენტმა მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან 2 კვირის ვადაში, ნდობა უნდა გამოუცხადოს პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას. პარლამენტს მთავრობის შემადგენლობასთან ერთად წარედგინება სამთავრობო პროგრამა. ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა.
„ქართულ ოცნებაში“ რომელსაც მეათე მოწვევის პარლამენტში 150-დან 90 დეპუტატი ჰყავს, ჯერ კიდევ არჩევნებამდე განაცხადეს, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი იქნება საარჩევნო სიის პირველი ნომერი, მთავრობის მოქმედი თავმჯდომარე გიორგი გახარია.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30999697.html
#ახალი_ამბები
#twitter