ნოღაიდელი - სახელმწიფო საზღვარი სააკაშვილის ექსკლუზიური უფლებამოსილება და პირადი პასუხისმგებლობა იყო

Tbilisi Daily

საერთაშორისო საკითხები, უსაფრთხოება და სახელმწიფო საზღვარი, იმ დროინდელი კონსტიტუციით სააკაშვილის ექსკლუზიური უფლებამოსილება და შესაბამისად მისი პირადი პასუხისმგებლობა იყო, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ზურაბ ნოღაიდელმა „ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, მისთვის არაფერი იყო ცნობილი დოკუმენტებისა და რუკების არსებობის შესახებ. „იმ სამი, თუნდაც იმ ოთხი წლის შესახებ, როდესაც ფინანსთა მინისტრიც ვიყავი, ყველა ფინანსურ და ეკონომიკურ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებელი ვარ ჩემი თავით და კისრით. ასევე ველი, რომ სხვები, ვინც პასუხისმგებლები იყვნენ სხვა საკითხებზე, პასუხს აგებენ იმ გადაწყვეტილებებზე, რაც მათი ექსკლუზიური კომპეტენციის სფერო იყო. როგორც ვხვდები გამოძიებისთვის მთავარი საკითხია იცოდა თუ არა ეს ვინმემ. მე ამის შესახებ არაფერი ვიცოდი, ამაზე საუბარი არ ყოფილა, რომ არსებობს დოკუმენტები, რუკები, თუნდაც ხარვეზიანი და თუნდაც არა საქართველოში. სხვებზე ვერ ვიტყვი, მაგრამ ეს რომ მცოდნოდა მე ამ ინფორმაციის გამოყენებას მაშინვე დავიწყებდი და არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებდი, რომ ჩვენი პოზიცია არ გამყარებულიყო თუნდაც იმ მოლაპარაკებების დროს“, - განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა. 17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე. 7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა. ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 8 ოქტომბერს შეეფარდათ.