8 გავრცელებული შეცდომა პასკის ცხობისას

8
სხვადასხვა ტემპერატურის პროდუქტები
ყველა ინგრედიენტი ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს. მხოლოდ ასე გახდება ცომი ერთგვაროვანი და კარგადაც ამოვა. ამიტომ, ვიდრე პროცესს დაიწყებთ, მაცივრიდან წინასწარ გამოიღეთ რძე, კარაქი, კვერცხი და დააწყვეთ სამზარეულოში, ნახევარი საათით ადრე მაინც.
გაუცრელი ფქვილი
როდესაც ფქვილს ცრით, ის ჟანგბადითაა გაჯერებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ცომი უფრო ჰაეროვანი გამოვა და უკეთაც გამოცხვება. აუცილებლად აარჩიეთ უმაღლესი ხარისხის ფქვილი, რადგან ის უფრო მეტ ცილასა და გლუტენს შეიცავს. შედეგად, პასკა არ იშლება და ხდება ფუმფულა. შეიძლება ფქვილი რამდენიმე დღის წინ გაცერით, ამის მიუხედავად, უშუალოდ ცხობის წინაც საჭიროა გაცრა.
ბევრი საფუარი
პასკის ცომი ნელ-ნელა უნდა გაფუვდეს, მხოლოდ ამ შემთხვევაში გამოვა ჰაეროვანი. ამიტომ, ნუ დაამატებთ ბევრ საფუარს. ოპტიმალური რაოდენობის მისაღებად, მნიშვნელოვანია შემდეგი წესი იცოდეთ: საფუარი ფქვილის 5% უნდა იყოს.
ცომის ხაშის გამოყენება კარგად ამოფუვების გარეშე
ხაშს არ დაამატოთ მარილი და კარაქი. ისინი ხელს უშლიან გაფუების პროცესს. მასა ოთახის ტემპერატურაზე, ორპირი ქარისგან მოშორებით, 40 წუთის განმავლობაში უნდა დატოვოთ. ის ზომაში გაიზრდება და ბუშტებიც გაჩნდება. თუმცა, არ იჩქაროთ გამოყენება. დაელოდეთ, რომ კარგად დაისვენოს. ცომის ხაში საფუარის, შაქრის, თბილი რძის ან წყლის ნაერთია და ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია პასკის ცხობის პროცესში. როგორი გამოვა საბოლოოდ სააღდგომო პასკა, მეტ წილად მასზეა დამოკიდებული.
არაერთგვაროვანი ცომი
ცომის დიდხანს ხელით მოზელვა ძალიან რთულია. თუ გაქვთ სპეციალური ელექტრო მოწყობილობა, რომელიც ამ საქმეს თქვენ ნაცვლად გააკეთებს, ხომ კარგია, სხვა შემთხვევაში, უნდა მოზილოთ, ვიდრე ძალა გეყოფათ. ცომს კარგად გაფუების საშუალება უნდა მისცეთ და ვიდრე ფორმებში გადაიტანთ, რამდენიმე საათით გააჩეროთ. პასკის სტრუქტურა სწორედ ამ პროცესზეა დამოკიდებული, იქნება ის რბილი და ერთგვაროვანი, თუ პირიქით.
ტემპერატურის ცვლილებ
ცომი არასდროს მოათავსოთ გამათბობელთან ან თბილ ღუმელში. ეს საფუარის გააქტიურების პროცესს დააჩქარებს, თუმცა სრულფასოვანი ვერ გახდება. როდესაც მოზელთ, აუცილებლად დააფარეთ სამზარეულოს ტილო ან პირსახოცი და ისე გააჩერეთ.
არასწორი გამოცხობა
თითოეული ცომის გუნდის მასა ერთნაირი უნდა იყოს იმის მიხედვით, თუ რა ზომის ფორმებში აცხობთ. გამოსაცხობი ფორმები ბოლომდე არ უნდა შეავსოთ. უნდა გამოიყენოთ 2/3 და კიდემდე 1, 5-2, 5 სანტიმეტრი დატოვეთ.
დასაშვები ტემპერატურა 160-180 გრადუსია. პასკას გამოსაცხობად დრო სჭირდება, ამიტომ, თუ იჩქარებთ და სწრაფადვე გამოიღებთ ღუმელიდან, ცუდ შედეგს მიიღებთ. მას შემდეგ, რაც გახურებულ ღუმელში მოათავსებთ, კარი იშვიათად გააღეთ. თუ საერთოდ არ გამოაღებთ, უკეთესია.
არასწორი გაგრილება
იმისათვის, რომ უკვე გამომცხვარი პასკა არ ჩავარდეს, რბილი ტილო გადააფარეთ და დაელოდეთ მის გაგრილებას. საშუალოდ, ამ პროცესს 2-დან 5 საათამდე სჭირდება, რაც პასკის ზომაზეა დამოკიდებული.
წყარო: Mshoblebi.ge
8