როგორ იხსენებენ ბათუმში ასლან აბაშიძეს დღეს?

0
”ასლან აბაშიძე წავიდა, აჭარა თავისუფალია” - ამ სიტყვებმა აჭარაში 2004 წელს წერტილი დაუსვა იმ ისტორიას, რომლის წერაც 1991 წელს დაიწყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მმართველმა. ახლა, თითქოს, მარტივია სიტუაცია შეაფასო და თქვა, რომ ასლან აბაშიძე ამ ისტორიას ერთპიროვნულად წერდა, თუმცა, როგორც ყველფერი, მოსაზრება აქაც ორად იყოფა. Batumi Daily დაინტერესდა, რას ფიქრობდნენ ადგილობრივები ე.წ ბაბუს შესახებ დღეს და როგორ აფასებენ ისინი ცხოვრების იმ პერიოდს უკვე 2020 წლის გადმოსახედიდან. ამისთვის, ჩვენ შევარჩიეთ იმ თაობის წარმომადგენელი რამდენიმე რესპონდენტი და მათ ვთხოვეთ, საკუთარი გამოცდილებების ფონზე გაეხსენებინათ როგორი იყო ცხოვრება მაშინ. ც. მეტრეცელი ბათუმში 1993 წელს ჩამოვიდა დევნილის სტატუსით, იხსენებს, რომ ასლან აბაშიძემ მაშინ დევნილები ძალიან კარგად მიიღო.

“მე პირადად მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, რადგან ჩვენ მიმართ დიდ ყურადღებას იჩენდნენ. ადგილიც გამოგვიყეს სასტუმრო “მესხეთში” და ვისაც მკურნალობა გვჭირდებოდა, გვეხმარებოდნენ.”

- გვითხრა ჩვენმა რესპონდენტმა საუბრისას. როცა ვკითხეთ, შეძლებდა თუ არა მისი მმართველობის კონკრეტული დეტალების გახსენებას, რესპონდენტმა მაშინდელი სიტუაციის ფონზე აჭარაში არსებული სიმშვიდე გამოარჩია.

“ომი იყო და ეს ნამდვილად საშინელებაა, მაგრამ ამ კაცმა ძალიან კარგად დაიცვა აჭარა. თურქებს აქ საერთოდ ვერ ნახავდით, ერთიც კი არ იყო ჩაწერილი და მგონია, რომ ეს მისი მმართველობის პლუსი იყო.”

აწმყოსთან შედარებისას, კი ც.მ-მ გაიხსენა, როგორი დაძაბული დამოკიდებულება ჰქონდათ მაშინ ადამიანებს ერთმანეთის მიმართ და აღნიშნა, რომ ადამიანური ურთიერთობების მხრივ ცვლილებები ნამდვილად არის.

“დღევანდელობასთან შედარება არ შეიძლება, რადგან მაშინ, რომ გვიჭირდა ისე ხალხს ახლა ნამდვილად არ უჭირს და ჩვენი დამოკიდებულებაც შეიცვალა ერთმანეთის მიმართ. ახლა უფრო მეგობრულად ვართ განწყობილნი. ადრე საერთოდ არ ვენდობოდით ერთმანეთს. მაშინ ძალიან ცუდი ის იყო, რომ ნეპოტიზმი მეფობდა. ყველგან თავისი ხალხი ჰყავდა და უბრალო ადამიანს არ შეეძლო სადმე მოხვედრილიყო.”

- გვიყვება ჩვენი რესპონდენტი. მ. მახარაძე 73 წლისაა და როცა ვთხოვეთ, “ბაბუს” დრო გაეხსენებინა, გვითხრა, რომ რთულია კონკრეტული მაგალითებით საუბარი, რადგან ამ მხრივ, ყველა ადამიანს ინდივიდუალური გამოცდილება აქვს. საბოლოოდ, საკუთარი გადმოსახედიდან შეაფასა მაშინდელი პერიოდი და აღნიშნა, რომ ასლან აბაშიძის მმართველობას სეპარატისტული გამოვლინებები ახასიათებდა.

“იგი დამოიკიდებელად, ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად საქმიანობდა. მისი მმართველობა არ ექვემდებარებოდა ქართულ კანონმდებლობას და ვითომდა ავტონომიური რესპუბლიკის ინტერესებიდან გამომდინარე ბევრ საკითხს ისე წყვეტდა, როგორც ეს თავად სურდა.”

- იხსენებს მ.მ ჩვენი მესამე რესპონდენტი ახლა 55 წლისაა და როცა ვთხოვეთ, საკუთარი დამოკიდებულება გაეზიარებინა, გვითხრა, რომ პატარ-პატარა უარყოფითების მიუხედავად, აჭარაში მაშინ სხვა რეგიონებთან შედარებით ყველაზე მშვიდი ცხოვრება იყო, ეს კი, მისი თქმით, იმდროინდელი მმართველის დამსახურებაა.

“მაშინ შეიძლება სხვა რეგიონებს შუქი არ ჰქონოდათ, მაგრამ ჩვენთან ერთი-ორი საათით ყოველთვის მოდიოდა. იყო კი რაღაც-რაღაცები, მაგრამ აჭარაში მაინც ყველაზე მშვიდი ცხოვრება იყო. “მხედრიონი”, რომ ვერ შემოვიდა ჩვენს ქალაქში, ეს მისი დამსახურებაა. ერთი მიწაც არ გაყიდულა თურქზე, ესეც მისი მმართველობის წყალობით. აჭარა ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და თავისუფალი რეგიონი იყო საქართველოში. ასლანი აფასებდა აჭარას და აჭარელ ხალხს.”

- ამბობს იგი. განსხვავებული მოსაზრება აქვს ამ მხრივ, ჩვენს მეოთხე რესპონდენტს 43 წლის ნ. ბეჟანიძეს.

“ჩემთვის ეგ პერიოდი ასოცირდება უშუქობასთან, უწყლობასთან. იყო დრო, როცა ქუჩაშიც საშიში იყო გასვლა, თუმცა მერე, როცა ასლანის მმართველობამ ფესვები გაიდგა, ეს შედარებით გამოსწორდა.”

იგი თვლის, რომ ერთპიროვნული მმართველის დროს, მედიაც ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო:

“მისი აზრი უნდა ყოფილიყო ყველგან. მაშინ გიორგი თარგამაძე იყო მისი პრეს-მდივანი და მის გარეშე ვერანაირი ინფორმაცია ვერ ვრცელდებოდა ტელევიზიაში.”

ჩვენი რესპონდენტის აზრით, ხალხი მოჩვენებითად კარგად ცხოვრობდა, სინამდვილეში ეს იყო შიში განსხვავებული აზრისა, ამიტომ ყველა თავს იკავებდა და ისე იქცეოდა თითქოს ყველფაერი კარგად იყო.

“საზოგადოების დიდი ნაწილი თითქოს, კარგად ცხოვრობდა, რადგან ბევრი მუშაობდა, მაგრამ ძალიან დაბალი ანაზღაურება იყო. მე მაგ დროს ბათუმის გიმნაზიში ვმუშაობდი და ხელფასი 48 ლარი მქონდა. აჭარა მხოლოდ ასლანის ფანტაზიებით ვითარდებოდა და კლანური მმართველობა იყო. ყველგან მისი ცოლის ძმა და სხვა ნათესავები ჰყავდა დასაქმებული. რაც არ უნდა რაღაც არ მოგწონდებოდა ვერაფერს ვერ იტყოდი, იმიტომ რომ შეიძლება მეორე დღეს დაეჭირეთ განსხვავებული აზრის გამო. ამიტომ ყველა ისე იქცეოდა თითქოს ბედნიეირები და კმაყოფილები იყვნენ. ასლანს ბოლომდე სწამდა, რომ ხალხი მის წინააღმდეგ არ გამოვიდოდა, მაგრამ შეცდა.”

- გვითხრა ნ. ბ-მ საუბრისას.
##ასლანაბაშიძე
##ბაბუ
##ბათუმი
##აჭარა
##batumidaily
0